NATO ავღანეთიდან რუსეთის გავლით გამოვა... - კვირის პალიტრა

NATO ავღანეთიდან რუსეთის გავლით გამოვა...

ISAF-ის ტვირთები ავღანეთიდან ჯერ რუსეთში გადაიზიდება და შემდეგ - ევროპაში, რაც NAთO-ს დროებით მოსკოვზე დამოკიდებულს ხდის, საქართველოსთვის ჩიკაგოს სამიტზე MAP-ის მიღებას კი კიდევ უფრო არარეალურს...

რუსეთის ხელისუფლებისა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხელმძღვანელობის პრინციპული შეთანხმების თანახმად, ქ. ულიანოვსკში გაიხსნება სატრანზიტო პუნქტი, რომლის გავლითაც ISAF-ის ძალების ტვირთები ავღანეთიდან ევროპამდე ჩააღწევს. იმის გამო, რომ უზბეკეთმა ტვირთების ტრანზიტზე უარი განაცხადა (იმ მოსაზრებით, რომ შეიძლება ავღანეთიდან მის ტერიტორიაზე ნარკოტიკების დიდმა პარტიებმა შეაღწიოს), სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები ISAF-ის ტვირთებს ავღანეთიდან ულიანოვსკის აეროპორტში ჩაიტანენ, საიდანაც, საბაჟო შემოწმების შემდეგ, კონტეინერებს, რუსეთის ტერიტორიის გავლით, რკინიგზით გადაიტანენ NATO-ს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნების საზღვრებამდე.

2014 წლისთვის ჩრდილოატლანტიკური ალიანსი ავღანეთის დატოვებას აპირებს და ტვირთების ტრანზიტზე წინასწარ ზრუნავს. ამჟამად ავღანეთში,  ISAF-ის შემადგენლობაში, სხვადასხვა ქვეყნის (მათ შორის - საქართველოს) 100 ათასზე მეტი სამხედრო იმყოფება, რომელთა საბრძოლო და საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფისათვის ათასობით ტონა მატერიალური ქონების გამოყენებაა საჭირო.

წლების განმავლობაში  ISAF-ის ძალებს ძირითადად პაკისტანის გავლით ამარაგებდნენ. სატვირთო გემები და საწვავით სავსე ტანკერები პაკისტანის პორტებში იცლებოდა და შემდეგ ეს ტვირთი, ტრაილერებითა და ავტოცისტერნებით, პაკისტანის გავლით ავღანეთში დისლოცირებულ  ISAF-ის სამხედრო ბაზებს მიეწოდებოდა.

ბოლო დროს აშშ-ის ავიაციამ რამდენჯერმე შეცდომით დაბომბა ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე მყოფი პაკისტანელი მესაზღვრეები; ამას დაემატა პაკისტანის ხელისუფლების დაუკითხავად ამ ქვეყანაში მსოფლიოს პირველ ტერორისტად მიჩნეული უსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაცია, რამაც ოფიციალური ისლამაბადი ძალზე გაანაწყენა.

პაკისტანის ხელისუფლებამ, ფაქტობრივად, ჩაკეტა სატრანზიტო გზა, რამაც  NAთO რთულ მდგომარეობაში ჩააგდო და აიძულა, სათადარიგო გზების ძებნა დაეწყო.

ავღანეთს სახმელეთო საზღვარი აქვს პაკისტანთან, ირანთან, ჩინეთთან, თურქმენეთთან, უზბეკეთსა და ტაჯიკეთთან. ამ ქვეყნებიდან სამის დახმარება თავიდანვე გამოირიცხა, რადგან ძნელი წარმოსადგენია, ჩინეთმა და მით უმეტეს - ირანმა ამერიკული ტვირთები გაატარონ. მათ უზბეკეთიც შეუერთდა.

ავღანეთიდან ტაჯიკეთში გატანილმა ტვირთმა ყირგიზეთის, ყაზახეთისა და რუსეთის ტერიტორია უნდა გადალახოს, რომ რკინიგზით ბალტიისპირეთამდე მიაღწიოს, ეს გზა კი შორიცაა და უფრო ძვირად ღირებულიც.

ავღანეთი-თურქმენეთი-კასპიის ზღვა-აზერბაიჯანი-საქართველო-შავი ზღვა-აღმოსავლეთ ევროპა - ეს სატრანზიტო გზა  NATO-სთვის უფრო ხელსაყრელი უნდა ჩანდეს, თუ, რა თქმა უნდა, ნეიტრალიტეტის მომიზეზებით თურქმენეთმა ამ პროცესში მონაწილეობაზე უარი არ განაცხადა.

მართალია, რუსეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის სატრანზიტო გზის დათმობას დასთანხმდა (რაშიც მოსკოვი ათეული მილიონობით დოლარის მოგებასაც ნახავს), მაგრამ ის მხოლოდ არასაბრძოლო ტვირთს გაატარებს, არადა  ISAF-ის წევრ ქვეყნებს საბრძოლო ტექნიკის გამოყვანაზეც მოუწევთ ფიქრი. მხოლოდ ქართული სამხედრო კონტინგენტი მიფრინავს ავღანეთში საშტატო ცეცხლსასროლი იარაღის ამარა, თორემ  ISAF-ის ძირითად წევრებს ავღანეთში ტანკები, ჯავშანმანქანები და მძიმე არტილერია აქვთ ჩატანილი და სულაც არ აპირებენ ამ ძვირად ღირებული შეიარაღების ავღანელებისთვის დატოვებას, მით უმეტეს, რომ მერე შეიძლება ის "თალიბანის" ხელში აღმოჩნდეს.

2014 წლამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, ალბათ, როგორმე უჩვენოდაც მოაგვარებს არასაბრძოლო დანიშნულების ტვირთებისა და საბრძოლო ტექნიკის გამოყვანის პრობლემას, ჩვენ დასაფიქრებელი სხვა რამ გვაქვს: მოსკოვთან მიღწეული შეთანხმებისა და ტვირთების ტრანზიტის დაწყების შემდეგ  NATO-ს ხელმძღვანელობა იძულებული იქნება, ანგარიში გაუწიოს (დროებით მაინც) კრემლის მტკიცე პოზიციას -  საქართველო არავითარ შემთხვევაში არ დაუახლოვდეს NATO-ს.

როგორ გგონიათ, ბრიუსელისა და მოსკოვის შეთანხმება ხელს შეუწყობს ჩიკაგოს სამიტზე საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას თუ პირიქით, კიდევ უფრო გააჭიანურებს ამ ისედაც დაუსრულებელ პროცესს?

თემაზე:

ავღანეთში მყოფი აშშ-ის თავდაცვის მინისტრი ლეონ პანეტა პრეზიდენტმა ჰამიდ ყარზაიმ მიიღო და მკაცრად მოსთხოვა ამერიკელი სამხედროების ავღანური სოფლებიდან გაყვანა და მათი ძირითად ბაზებზე დაბრუნება.

ავღანეთის ხელისუფლებისა და მოსახლეობის სერიოზული საპროტესტო განწყობა ამას წინათ მომხდარმა ტრაგიკულმა ფაქტმა გამოიწვია, როდესაც ამერიკელმა სერჟანტმა 16 მშვიდობიანი ავღანელი, მათ შორის - ბავშვები დახოცა. ავღანელები ეჭვობენ, რომ ეს მასობრივი მკვლელობა არა ერთმა სერჟანტმა, არამედ რამდენიმე ამერიკელმა სამხედრომ ჩაიდინა და მათ მკაცრად დასჯას მოითხოვენ.

მომხდარის გამო ავღანეთის პრეზიდენტმა პენტაგონის შეფს მოსთხოვა, ამერიკელმა სამხედროებმა ავღანეთი 2014 წლის ნაცვლად 2013 წელს დატოვონ.

თუკი ავღანეთის ხელისუფლება ამ გადაწყვეტილებას არ შეცვლის და ამერიკელების ავღანეთიდან გასვლას დათქმულ დროზე ადრე კვლავ დაჟინებით მოითხოვს, ISAF-ს (რომლის უდიდეს ნაწილს სწორედ 90 ათასამდე ამერიკელი სამხედრო შეადგენს) მოუწევს, ავღანეთიდან ტვირთების გამოტანაზე ფიქრი და სატრანზიტო გზების შერჩევა დროულად დაიწყოს.