მთავარი პრობლემა არა რეზერვია, არამედ მას როგორ გამოიყენებენ... - კვირის პალიტრა

მთავარი პრობლემა არა რეზერვია, არამედ მას როგორ გამოიყენებენ...

შეიძლება თუ არა მმართველმა პარტიამ თავისი ინტერესებისთვის გამოიყენოს ნებაყოფლობითი რეზერვი ოპოზიციის წინააღმდეგ?

ეს კითხვა ბოლო ხანს ძალზე აქტუალური გახდა, კერძოდ, მას შემდეგ, რაც ოპოზიციური ძალების წარმომადგენლებმა ხელისუფლება ნებაყოფლობითი რეზერვის ფარგლებში შეიარაღებული ჯგუფების შექმნაში დაადანაშაულეს. ამ შეიარაღებულ ჯგუფებს, ოპოზიციის ნაწილის აზრით, არჩევნებისას მმართველი პარტია ოპონენტებზე ფიზიკური ზეწოლისათვის გამოიყენებს.

ეს მეტად სერიოზული ბრალდებაა და, ასეთ შემთხვევაში, რეალურად დემოკრატიულ ქვეყანაში სამართალდამცავი ორგანოები დეტალურად შეისწავლიდნენ იმ ფაქტებს, რომლებიც ოპოზიციამ თავისი ბრალდების დასადასტურებლად ეროვნული უშიშროების საბჭოს გადასცა.

საერთოდ, სამართალდამცავი და, მით უმეტეს, შეიარაღებული ძალების თავის სასარგებლოდ გამოყენების საფრთხე ხელისუფლების მიერ არათუ საქართველოში, არამედ ბევრად უფრო დემოკრატიულად მიჩნეულ ქვეყნებშიც დგას.

შორს რომ არ წავიდეთ, 20 წლის განმავლობაში გამართულ ყველა საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებზე არსებული ხელისუფლების წარმომადგენლები ცდილობდნენ, საარჩევნო უბნებში ჯგუფურად მისულ სამხედროებს (ეს განსაკუთრებით შესამჩნევი იყო სამხედრო ნაწილების ტერიტორიებზე არსებულ დახურულ საარჩევნო უბნებზე) მმართველი პარტიისთვის მიეცათ ხმა.

თუმცა, ერთია, როდესაც სამხედროებს მკაცრ რეკომენდაციას აძლევენ, რომ საარჩევნო ბიულეტენში კონკრეტული ნომერი შემოხაზონ (თუმცა დემოკრატიულ ქვეყნებში ესეც საარჩევნო კანონის სერიოზულ დარღვევად ითვლება) და სრულიად სხვა, როცა ამა თუ იმ ძალოვანი სტრუქტურის წევრები იარაღით ხელში ეცდებიან საარჩევნო პროცესში ჩარევას.

პრობლემა ის კი არ არის, რა სახის რეზერვი გვეყოლება - მარტო აქტიური თუ ნებაყოფლობითიც (მათი ფუნქციების განსაზღვრა და მიზანშეწონილობა სხვა სტატიის თემაა), მთავარი პრობლემა სხვა რამეა - რამდენად კანონიერად გამოიყენებს კონკრეტული ძალოვანი უწყება (ამ შემთხვევაში თავდაცვის სამინისტრო) და მთლიანად მოქმედი ხელისუფლება ამ რეზერვისტებს.

კონსტიტუციის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეებს, ისე როგორც პოლიციელებს, უფლება აქვთ, მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში, როგორც ამომრჩევლებმა, მაგრამ მათ იგივე კონსტიტუცია კატეგორიულად უკრძალავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის წევრობას.

ამას წინათ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე სელესტ უოლანდერმა ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სტუმრობისას, ჩანს, შემთხვევით არ განუცხადა მომავალ ქართველ ოფიცრებს - ჯარმა უნდა დაიცვას პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და არ დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ ჯგუფს. სამხედრო უწყება არა მარტო აპოლიტიკური უნდა იყოს, არამედ ყველა თვალნათლივ უნდა ხედავდეს, რომ ის აპოლიტიკურია. სხვა შემთხვევაში, ხალხისა და სხვათა თვალში სამხედრო უწყება დაკარგავს ლეგიტიმურობას.

თეორიულად, ნებისმიერ ხელისუფლებას, არჩევნების გასაყალბებლად, კონსტიტუციის დარღვევით არათუ ნებაყოფლობითი და სავალდებულო რეზერვის, არამედ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ჯარისკაცებისა და კონტრაქტით მომსახურე კაპრალებისა და სერჟანტების, ასევე ოფიცრების გამოყენებაც შეუძლია.

თუმცა, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, რეგულარული შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის წმინდა პოლიტიკური მიზნებით გამოყენება უფრო იყვირებს, ვიდრე დროებით, რამდენიმედღიან სარეზერვო შეკრებაზე გამოძახებული რეზერვისტებისა...