ვაშინგტონი M4-ების მოყიდვას დათანხმდა - კვირის პალიტრა

ვაშინგტონი M4-ების მოყიდვას დათანხმდა

საქართველოს M4 ტიპის ავტომატურ კარაბინებს მივყიდით - განაცხადა აშშ-ის ელჩობის კანდიდატმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა 21 მარტს, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მისი კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით გამართულ სხდომაზე.

ეს პირველი კონკრეტული ინფორმაციაა, რომელიც იანვრის ბოლოს აშშ-ისა და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გავრცელდა. მანამდე ცნობილი იყო მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადება, რომლის თანახმადაც აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების ზრდას.

აშშ-ის მომავალი ელჩის თქმით, M4-ები ქართულ მხარეს მიეყიდება, თუმცა მათი გასაყიდი ფასი არ დაუკონკრეტებია.

M4 ტიპის ავტომატური კარაბინები ქართული არმიისთვის ახალი ხილი არ არის. მისი პირველი პარტია საქართველოში 2007 წლის ბოლოს გამოჩნდა, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათ მონაწილეობა 2008 წლის აგვისტოს ომში მასობრივად არ მიუღიათ. სამაგიეროდ, გორისა და სენაკის სამხედრო ბაზებიდან რუსმა სამხედროებმა რამდენიმე ათასი M4 ალაფის სახით წაიღეს და მათი ნაწილი დაწვეს.

M4-ების ის პარტია "ბუშმასტერის" ფირმის მიერ იყო წარმოებული და, ბოლომდე დაუდასტურებელი მონაცემებით, თითოეული მათგანი დაახლოებით 800 დოლარად შეისყიდეს.

შეიძლება ვინმეს მოეჩვენოს, რომ ცეცხლსასროლ იარაღზე ადრე ტანკსაწინააღმდეგო თუ საზენიტო შეიარაღების შესყიდვა აჯობებდა, თუმცა, სავარაუდოდ, აქცენტი გაკეთდა მთელი არმიის ერთ სტანდარტულ ავტომატურ კარაბინებზე გადასაყვანად.

რუსების მიერ ალაფად წაღებული M4-ები, რა თქმა უნდა, დააკლდა ქართულ არმიას, რის გამოც ზოგ ქვეით ბრიგადაში საბრძოლო დანაყოფები ისევ "კალაშნიკოვის" იმედად იყვნენ. ეს კი ლოგისტიკურ პრობლემებს ქმნიდა - საჭირო იყო სხვადასხვა კალიბრისა და ტიპის ვაზნებით, ასევე განსხვავებული სათადარიგო ნაწილებით მომარაგება.

ავტომატის ერთ კალიბრზე მთელი არმიის გადაყვანა (იმავე 5,56 მმ კალიბრის ვაზნას, მ4 ავტომატური კარაბინის გარდა, ისრაელში ნაყიდი Negev-ის ტიპის მსუბუქი ტყვიამფრქვევებიც მოიხმარენ) გამართლებულად მოჩანს, თუმცა, ეს არცთუ მცირე ფინანსურ დანახარჯებთან იქნება დაკავშირებული. მომავალი გვიჩვენებს, კიდევ რა სახეობისა და ტიპის შეიარაღება შეიძლება მიჰყიდოს აშშ-მა საქართველოს...