დიდი ომის დაწყების ზღურბლზე? - კვირის პალიტრა

დიდი ომის დაწყების ზღურბლზე?

თუკი ირანის დაბომბვის შემდეგ ისრაელის ბომბდამშენები აზერბაიჯანულ აეროდრომებზე დაეშვებიან, მათ, ადრე თუ გვიან, ქართულ ცაშიც მოუწევთ გამოჩენა...

ირანის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დაწყების თემა კვლავ აქტუალური გახდა მას შემდეგ, რაც გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემა Foreign policy-მ მართლაც რომ სენსაციური ინფორმაცია გაავრცელა.

ამერიკული გამოცემის მტკიცებით, ისრაელმა ბაქოსგან არაოფიციალურად მიიღო უფლება, გამოიყენოს მისი სამხედრო აეროდრომები, ერთ-ერთი აეროდრომი "აზერბაიჯანი" კი იყიდა.

თელ-ავივი კარგა ხანია, ხმამაღლა ლაპარაკობს ირანის ატომური ობიექტების დაბომბვის აუცილებლობაზე და ძნელი მისახვედრი არ არის, რისთვის შეიძლება გამოიყენოს ამ ქვეყნის მოსაზღვრე აზერბაიჯანის აეროდრომები.

ამერიკული გამოცემის სენსაციური ინფორმაცია ოთხი ამერიკელი ინკოგნიტო მაღალჩინოსნის (მათ შორის - დაზვერვის თანამშრომლების) მტკიცებას ეფუძნება, რაც ამ ცნობას უფრო დამაჯერებელს ხდის, მაგრამ ოფიციალური ბაქო კატეგორიულად უარყოფს ისრაელისთვის აეროდრომების გამოყენების უფლების გადაცემას და დაბეჯითებით აცხადებს, რომ აზერბაიჯანიდან ირანი არასოდეს დაიბომბება.

ასეთი განცხადება გააკეთა გასულ თვეში თეირანში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საფარ აბიევმა. აზერბაიჯანის ელჩი ირანში ჯავანშირ ახუნდოვი უფრო შორს წავიდა და დააზუსტა, რომ ისრაელის მიერ აზერბაიჯანისთვის მიწოდებული შეიარაღება გამოყენებული იქნება არა ირანის, არამედ "სომხეთის მიერ ოკუპირებული აზერბაიჯანული მიწების გასათავისუფლებლად".

მართლაც, სამხედრო-ტექნიკურ სფეროში ისრაელ-აზერბაიჯანის თანამშრომლობა ბოლო წლებში საოცარი ტემპით განვითარდა და ცოტა ხნის წინ ამ ორმა ქვეყანამ ხელი მოაწერა 1,6 მლრდ დოლარის ღირებულების კონტრაქტებს შეიარაღების შესყიდვაზე.

ყოველივე ეს აჩენს ეჭვს, რომ მათ შორის საუკეთესო მეგობრული ურთიერთობის დამყარების პარალელურად თელ-ავივი მართლაც ეცადა, გამოეყენებინა ირანის ჩრდილოეთი მეზობლის - აზერბაიჯანის სტრატეგიული ინფრასტრუქტურა, კერძოდ კი - აეროდრომები.

საქმე ის არის, ისრაელმა რომც მოინდომოს, გაუჭირდება ირანზე საჰაერო იერიშის მიტანა, რადგან მათ საერთო საზღვარი არა აქვთ. ისრაელის უკიდურესი აღმოსავლეთი საზღვრიდან ირანის უკიდურეს დასავლეთ საზღვრამდე დაახლოებით 930კმ-ია და გზა ორი ქვეყნის - სირიისა და ერაყის ტერიტორიაზე გადის.

ისრაელიდან აფრენილმა საბრძოლო თვითმფრინავებმა ირანის საზღვრამდე უმოკლესი გზით რომ მიაღწიონ, ფრენის შემდეგი მარშრუტები უნდა აირჩიონ: სირია-ერაყი-ირანი ან იორდანია-ერაყი-ირანი.

ირანის ატომური ობიექტები საზღვართან კი არა, ქვეყნის ტერიტორიის სიღრმეშია, ასე რომ, ისრაელის აეროდრომებიდან აფრენილმა ებრაულმა დამრტყმელმა F-15-მა და F-16-ებმა სამიზნემდე არანაკლებ 1500-2000კმ უნდა იფრინონ (ესეც - პირდაპირი ხაზით, რეალურად კი ფრენის მარშრუტი არასოდეს არის სწორხაზოვანი).

ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების შეიარაღებაში დღეისათვის 460 საბრძოლო თვითმფრინავი ირიცხება, მათ შორის სხვადასხვა მოდიფიკაციის 87 ცალი F-15 და 309 F-16. ისრაელის მრავალდანიშნულების  დამრტყმელი გამანადგურებლების F-15I-ის მოქმედების სიშორე 1250 კმ-ითაა განსაზღვრული, ანუ მოქმედების რადიუსი (დაბომბვის შემდეგ საწვავი უკან დაბრუნებისთვისაც ხომ საჭიროა!) ამის ნახევარზე ნაკლები იქნება.

ისრაელის მოდერნიზებული F-16I Sufa-ს ტიპის მრავალდანიშნულების დამრტყმელი თვითმფრინავის ფრენის სიშორე 1684 კმ-ია, მოქმედების რადიუსი კი 800 კმ-მდე თუ იქნება.

რა თქმა უნდა, საწვავის დამატებითი ავზებით შეიძლება ფრენის სიშორის გაზრდა, მაგრამ მაშინ თვითმფრინავი ბევრად ნაკლებ ბომბსა და რაკეტას წაიღებს, ანუ საჭირო გახდება საჰაერო ოპერაციაში მონაწილე თვითმფრინავების რაოდენობის გაზრდა, რაც საბრძოლო დანაკარგის ალბათობასაც გაზრდის.

არსებობს მეორე გზა - დამრტყმელი თვითმფრინავებისთვის საწვავის მარაგის შევსება უშუალოდ ფრენის დროს, საჰაერო ტანკერების საშუალებით. მაგრამ აქ ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებისთვის ორი პრობლემა იჩენს თავს - ასეთი საჰაერო ტანკერების სიმცირე (თუმცა ამაში მათ შეიძლება ამერიკელი მოკავშირეები დაეხმარონ) და ჰაერში საწვავით გაწყობის რაიონის ამორჩევა.

ისრაელიდან აფრენილი თვითმფრინავი მაშინვე სირიის ან იორდანიის საჰაერო სივრცეში ხვდება და ებრაელი პილოტები უფრო იმაზე იფიქრებენ, როგორმე დაბალ სიმაღლეზე ზიგზაგებით ფრენით "დაუსხლტნენ" სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის ლოკატორებსა და საზენიტო რაკეტებს, ვიდრე იმაზე, რომ საშუალო სიმაღლეზე ფრენისას საჰაერო ტანკერებს საწვავის გამწყობი მილით რამდენიმე წუთი "გაუნძრევლად მიეკრან". ჰაერში საწვავით გაწყობისათვის ერაყის საჰაერო სივრცის გამოყენება ბევრად უფრო მომგებიანია ირანისკენ მფრენი ისრაელის დამრტყმელი თვითმფრინავებისთვის, მაგრამ თელ-ავივს, ალბათ, მაინც დასჭირდება ოფიციალური ბაღდადისგან გარანტია, რომ ერაყი მის ცაში გამოჩენილი ისრაელის საჰაერო არმადის წინააღმდეგ არაფერს მოიმოქმედებს.

ამდენი სამხედრო-პოლიტიკური პრობლემის თავიდან აცილება თელ-ავივს მაშინ შეეძლება, თუკი ბაქოს აზერბაიჯანის აეროდრომებიდან ირანზე საჰაერო იერიშის მიტანაზე დაიყოლიებს. მაგალითად, ბაქოს ახლოს მდებარე ნასოსნის სამხედრო აეროდრომიდან თეირანამდე პირდაპირი ხაზით მხოლოდ 580კმ-ია, რისი დაძლევაც და უკან დაბრუნებაც ისრაელის დამრტყმელ თვითმფრინავებს თავისუფლად შეეძლებათ ჰაერში ყოველგვარი დამატებითი საწვავით გაწყობის გარეშეც.

არსებობს მეორე მოსაზრებაც - ისრაელი არ გამოიყენებს აზერბაიჯანის აეროდრომებს უშუალოდ ირანზე საჰაერო თავდასხმების დასაწყებად. მას შემდეგ, რაც ისრაელიდან აფრენილი თვითმფრინავები დაბომბავენ სამიზნეებს ირანის ტერიტორიაზე, ისინი საწვავის მარაგის სიმცირის გამო ისევე ისრაელში კი არ დაბრუნდებიან, არამედ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე დასხდებიან.

ასეთ ტაქტიკას ამერიკული "მფრინავი ციხესიმაგრეები" B-29-ები იყენებდნენ მეორე მსოფლიო ომის დროს, როდესაც იტალიიდან აფრინდებოდნენ, ბომბავდნენ რუმინეთში ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებს და შემდეგ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე, პოლტავაში ეშვებოდნენ. აქ ისინი ივსებდნენ საწვავისა და ბომბების მარაგს და  უკანა გზაზე იტალიამდე კიდევ ერთხელ ბომბავდნენ სამიზნეებს.

დაახლოებით ასეთი ტაქტიკა, ოღონდ სავარაუდოდ, ტექნიკური პრობლემების გამო, ერთმა რუსულმა ბომბდამშენმაც გამოიყენა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როდესაც ქართული ობიექტის დაბომბვის შემდეგ სომხეთის ტერიტორიაზე, გიუმრის აეროდრომზე დაეშვა, საწვავის მარაგი შეივსო  და ისევ ქართული ცის გავლით რუსეთში დაბრუნდა.

თუკი ირანის დაბომბვის შემდეგ ისრაელის თვითმფრინავები მართლაც დაეშვნენ აზერბაიჯანის აეროდრომებზე, ადრე თუ გვიან, მათ სამშობლოში დაბრუნება დასჭირდებათ. ერთი შესაძლო ვარიანტია, აზერბაიჯანიდან ისევ ირანის დაბომბვით ისრაელში ჩაფრინდნენ, მაგრამ თუკი ოფიციალურმა ბაქომ მათ აზერბაიჯანის მხრიდან ირანის საჰაერო სივრცეში შეფრენის უფლება არ მისცა, მაშინ ისრაელის საბრძოლო თვითმფრინავებს საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით მოუწევთ საბერძნეთამდე ჩაფრენა (თურქეთისგან განსხვავებით, ისრაელს საბერძნეთთან ჯერ კიდევ ნორმალური ურთიერთობა აქვს), საწვავის მარაგის შევსება და სამშობლოში დაბრუნება.

არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება - ისრაელი აზერბაიჯანის აეროდრომებს (სავარაუდოდ, ირანის საზღვართან ყველაზე ახლომდებარე აზერბაიჯანულ აეროდრომს) მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოიყენებს - ამ აეროდრომზე განთავსებული ისრაელის საძიებო-სამაშველო შვეულმფრენები ირანის საჰაერო სივრცეში მხოლოდ იმისთვის შეფრინდებიან, რომ აღმოაჩინონ და სამშვიდობოზე გაიყვანონ თავიანთი ჩამოყრილი თვითმფრინავების პილოტები.

როგორც ჩანს, თელ-ავივი აღარ აპირებს, კიდევ დიდხანს გადადოს ირანის ბირთვული პროგრამის ძალისმიერი გზით შეჩერება და ეძებს საშუალებებს, ეფექტურად განახორციელოს წერტილოვანი საჰაერო დარტყმები ირანული ბირთვული ობიექტების გასანადგურებლად.

თეთრმა სახლმა ისრაელის საიდუმლო გაყიდა?

გაეროში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა ჯონ ბოლტონმა ბრალი დასდო პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციას, რომ ამერიკულ გამოცემა Foreign policy-ს მიაწოდა საიდუმლო ინფორმაცია აზერბაიჯანის მიერ ისრაელისთვის თავისი აეროდრომების დათმობის შესახებ. ყოფილი ელჩის აზრით, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ეს იმიტომ გააკეთეს, რომ ხელი შეუშალონ ირანის წინააღმდეგ ისრაელის საჰაერო ოპერაციის დაწყებას. ობამას ადმინისტრაციაში თვლიან, რომ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციებით შეიძლება თეირანი ბირთვული პროგრამის შეჩერებაზე დაიყოლიონ, რითაც ამ რეგიონში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების თავიდან აცილებაც მოხერხდება.