"ღია ცის" დახურვა რუსეთისთვის... 5-წლიანი დაგვიანებით - კვირის პალიტრა

"ღია ცის" დახურვა რუსეთისთვის... 5-წლიანი დაგვიანებით

"როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში სპეციალური ვიდეო და ფოტოაპარატურით აღჭურვილი თვითმფრინავების საინსპექციო ფრენებისას ქართულ ცაში, ისინი ვერ ბედავენ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის თავზე გამოჩენას, რადგან თურმე რუსეთის საოკუპაციო ჯარების მეთაურობამ საქართველოს ცის ეს ნაწილები დახურულ ზონებად გამოაცხადა.სამაგიეროდ, სენაკის, ხონის, კოპიტნარის, ვაზიანის, მარნეულის თუ სხვა ქართული სამხედრო ბაზების ციდან დეტალურად გადაღებული ვიდეო და ფოტომასალა თავს იყრის "ღია ცის" ხელშეკრულების მონაწილე ქვეყანათა საინფორმაციო ცენტრში და მას დაუყოვნებლივ ეცნობა რუსეთის (როგორც ამ ხელშეკრულების მონაწილე ქვეყნის) სამხედრო დაზვერვა," - ეს არის ამონარიდი 2010 წლის 27 სექტემბრის "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილი სტატიიდან - "ქართული არმიის საიდუმლოებებს კრემლს დასავლეთიც აწვდიდა..."

იმ სტატიაში დიდი გულისტკივილით ვწერდით: მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ჯერ კიდევ 2007 წლის დეკემბერში გამოაცხადა მორატორიუმი "ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების შესახებ" ხელშეკრულების შესრულებაზე, საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ჩატარებული საინსპექციო შემოწმებების ზუსტ ციფრებს (ქართული არმიის სამხედრო ბაზების შეიარაღების კონკრეტული ტიპები და მათი რაოდენობა, ასევე მათი დისლოკაციის ზუსტი კოორდინატები) მოსკოვი დაუბრკოლებლად ეცნობოდა, რადგან ამ ხელშეკრულების საინფორმაციო ბაზაში შესვლა დაუბრკოლებლად შეეძლო.

2011 წლის ნოემბრის შუა რიცხვებში აშშ-მა ბოლოს და ბოლოს მიიღო გადაწყვეტილება, მოსკოვისთვის ეს საინფორმაციო ბაზა დაებლოკა, რასაც მაშინვე დაუჭირა მხარი დიდმა ბრიტანეთმა და საქართველოს საგარეო უწყებამ მხოლოდ ამის შემდეგ გააკეთა განცხადება ანალოგიური გადაწყვეტილების მიღების შესახებ. არადა, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებას, რომელსაც ყოველი ბუჩქის ქვეშ რუსეთის აგენტები ელანდება, პირველ რიგში ეს უნდა გაეკეთებინა.

ასევე გონივრული იქნებოდა, ოფიციალურ თბილისს მოსკოვისთვის "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში ინფორმაციის გადაცემა შეეწყვიტა, რადგან რუსეთი უცხოელი დამკვირვებლების სპეციალურ თვითმფრინავებს ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვრებს ახლოს არ აკარებდა, სამაგიეროდ, მათ გადაღებულ ქართული სამხედრო ობიექტების ფოტოსურათებს დეტალურად ეცნობოდა.

მაგრამ, როგორც იტყვიან, ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მხარემ 2010 წლიდან დაიწყო "ღია ცის" ხელშეკრულების დარღვევა და მის ტერიტორიაზე მფრენ სადამკვირვებლო ჯგუფებს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საზღვრებთან 10 კმ-მდე მიახლოება აეკრძალათ. ამის გამო საქართველო რუსეთის მიმართ "ღია ცის" ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას წყვეტს. გასაგებია, რომ მოსკოვს არ სურს, "ღია ცის" ხელშეკრულების ფარგლებში ცნობილი გახდეს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე სად ჰყავს განთავსებული საბრძოლო დანაყოფები და ჯავშანტექნიკა და როგორ აწყობს საფორტიფიკაციო ნაგებობებს საქართველოს ადმინისტრაციულ საზღვრებთან.