სომხეთი მზადაა რუსული რადიოლოკატორის მისაღებად - კვირის პალიტრა

სომხეთი მზადაა რუსული რადიოლოკატორის მისაღებად

27 წლის წინ ამოქმედებული გაბალის რადიოლოკაციური სადგური დღესაც პოლიტიკური თამაშების მთავარი თემაა.

1985 წელს აზერბაიჯანის ჩრდილოეთში, ქ. გაბალთან საბჭოთა კავშირმა აამოქმედა ცხრიდან ყველაზე მძლავრი ფაზირებულანტენიანი "დარიალის" ტიპის რადიოლოკატორი, რომელსაც 6500კმ-ის მანძილზე შეეძლო აღმოეჩინა ფეხბურთის ბურთისხელა მეტალისგან დამზადებული მფრინავი ობიექტი.

გაბალის რადიოლოკატორი ისეა განთავსებული, რომ აკონტროლებს სამხრეთ სექტორს აფრიკიდან ინდოეთამდე. საბჭოთა პერიოდში მოსკოვი ამ რადიოლოკატორის იმედად იყო, რომ ინდოეთის ოკეანეში მცურავი ამერიკული ატომური წყალქვეშა ნავებიდან ბალისტიკური რაკეტების შესაძლო სტარტი დროულად აღმოეჩინა.

დღეს "ცივი ომის" მსგავსი დაპირისპირება აღარ არის, თუმცა მოსკოვი გაბალის რადიოლოკატორის საშუალებით სიტუაციას აკონტროლებს მთელ ახლო აღმოსავლეთში, ასევე - ირანის საჰაერო სივრცეში და ამიტომ სულაც არ სურს, დაკარგოს ოპერატიული ინფორმაციის მომპოვებელი ასეთი მნიშვნელოვანი  ობიექტი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე.

თითქმის ოცი წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, მოსკოვი ბაქოს გაბალის რადიოლოკატორის ყოველწლიური არენდისთვის 7 მლნ დოლარს უხდიდა. ასეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის დასაქირავებლად 7 მლნ დოლარი, მართლაც, სასაცილო თანხა იყო და აზერბაიჯანმაც გასულ წელს თანხის გაორმაგება მოითხოვა.

ძნელი სათქმელია, როგორ წარიმართა რუსულ-აზერბაიჯანული დახურული მოლაპარაკებები, მაგრამ ფაქტია, რომ ბაქომ არენდის ფასი მკვეთრად - 150 მლნ-მდე გაზარდა, ახლა კი, არც მეტი, არც ნაკლები - 300 მლნ დოლარს ითხოვს.

რუსეთი 14 მლნ დოლარის გადახდაზეც ჭოჭმანობდა, ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ დღეს ბაქოს ყოველწლიურად 300 მლნ-ის გადახდაზე დასთანხმდეს.

ჩნდება ეჭვი, რომ ოფიციალური ბაქოსთვის, რომელსაც არცთუ ისე უჭირს (რაზეც 3 მლრდ დოლარამდე გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტიც მეტყველებს), 300 მლნ დოლარს გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და აქ მთავარი პოლიტიკური საკითხია - შეიძლება გაბალის რადიოლოკატორის არენდის საფასურის შემცირების  სანაცვლოდ ბაქო მოსკოვისგან ყარაბაღის საკითხში დათმობებს მოელის. არსებობს მეორე მოსაზრებაც - რუსეთი 300 მლნ-ის გადახდას არ დათანხმდება და უარს იტყვის გაბალის რადიოლოკატორის შემდგომ ექსპლოატაციაზე, რომლის მუშაობის ტექნიკური რესურსი წელს ისედაც იწურება და მას მოდერნიზაცია სჭირდება. სამაგიეროდ, ბაქო აშშ-თან მიაღწევს შეთანხმებას აზერბაიჯანში ამერიკული თანამედროვე მობილური ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორების დაყენებაზე (ისეთივე რადიოლოკატორების, როგორიც თურქეთში განთავსდა), რომელთა საშუალებით ევროპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემა მუდმივად გააკონტროლებს ირანის თითქმის მთელ საჰაერო სივრცეს და მაშინვე აღმოაჩენს სტარტაღებულ ირანულ ბალისტიკურ რაკეტებს.

ოფიციალურმა ერევანმა სცადა, სათავისოდ გამოეყენებინა რუსეთ-აზერბაიჯანის გაჭიანურებული ვაჭრობა და მოსკოვს მძლავრი რუსული რადიოლოკატორის განსათავსებლად სომხეთის ტერიტორია შესთავაზა.

- მთები ჩვენც გვაქვს და აქედან ყველაფერი უკეთესად გამოჩნდება, - განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა.

თუმცა საბჭოთა სპეციალისტები სულელები არ იყვნენ, როდესაც თავის დროზე მილიონობით მანეთი დაახარჯეს მძლავრი რადიოლოკატორის აშენებას სწორედ აზერბაიჯანის ჩრდილოეთში და არა - სომხეთში ან სულაც - საქართველოში.

რადიოლოკატორის განსათავსებლად, რომელმაც, რაც შეიძლება შორს უნდა "შეიჭყიტოს", აუცილებელია ისეთი ამაღლებული ადგილი, რომლის ხედვის სექტორში მაღალი მთები და ქედები არ იქნება.

სომხეთის სიამაყე არარატის მთა ამ შემთხვევაში ხელს შეუშლის შორ მანძილზე რაკეტების სტარტის აღმომჩენი რადიოლოკატორის ეფექტურ მუშაობას, რადგან არარატის შემადგენელი ორი მთის - მასისის (5137 მ ზღვის დონიდან) და სისას (3927 მ) სიმაღლე დაფარავს რადიოლოკატორის ხედვის სექტორის მნიშვნელოვან ნაწილს და წარმოქმნის ე.წ. მკვდარ ზონებს.

მეორე მხრივ, თუკი მოსკოვი და ბაქო მაინც ვერ შეთანხმდნენ გაბალის რადიოლოკაციურ სადგურთან დაკავშირებით (წინა ხელშეკრულებას 2012 წლის 24 დეკემბერს გასდის ვადა), შეიძლება კრემლმა მაინც მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება სომხეთში რადიოლოკაციური სადგურის განთავსების შესახებ.

სომხეთსა და რუსეთს ხელი აქვთ მოწერილი სამხედრო თანამშრომლობაზე და სომხეთის ტერიტორიაზე 102-ე რუსული სამხედრო ბაზაა განთავსებული თავისი გამანადგურებელი ავიაციითა და საჰაერო თავდაცვის სისტემით. ამასთან, მოსკოვი სომხეთს ყოველწლიურ ქირას არ უხდის და თუკი რადიოლოკატორის აშენებაც გადაწყვიტა, სავარაუდოდ, ერევანი ფულს არც ამაში გამოართმევს.

მოსკოვის გადასაწყვეტია - დაჰყაბულდეს ბაქოს მართლაც რომ სერიოზულ მოთხოვნას და გაბალის რადიოლოკატორის ექსპლოატაციისთვის (რომელსაც აუცილებლად სჭირდება მრავალმილიონიანი მოდერნიზაცია) ყოველწლიურად აზერბაიჯანს 300 მლნ დოლარამდე უხადოს, თუ სომხეთში განათავსოს ახალი თაობის ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორი ("ვორონეჟის" ტიპის, როგორებიც უკვე დააყენა არმავირსა და სანკტ-პეტერბურგთან), რისთვისაც სომხეთს ერთ დრამსაც არ მისცემს, თუმცა არარატის მთის გამო ეს რადიოლოკატორი ნახევრად "ბრმა" იქნება...