ამერიკიდან ჯავშანმონსტრები ჩამოგვივიდა... - კვირის პალიტრა

ამერიკიდან ჯავშანმონსტრები ჩამოგვივიდა...

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ საქართველოში კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში MRAP-ის კლასის 28 ჯავშანმანქანა ჩამოიტანა იმ ქართველი სამხედროების მოსამზადებლად, რომლებიც ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად იგზავნებიან.

MRAP-ი იშიფრება, როგორც "აფეთქებებისა და ჩასაფრებიდან თავდასხმებისგან დაცული" მანქანა. ამ კლასის მანქანები, როგორც წესი, სატვირთო ავტომობილების გაძლიერებულად შეჯავშნული ვარიანტებია.

ქართული სამხედრო კონტინგენტი ავღანეთში, ჰილმენდის პროვინციაში, უკვე დიდი ხანია იყენებს MRAP-ის კლასის ჯავშანმანქანებს, მათ შორის 6ხ6 ფორმულის ჩოუგარ-ებს, რომლებიც დღეს მსოფლიოში ქვეითთა უსაფრთხო გადაყვანისთვის ერთ-ერთ დაცულ ჯავშანმანქანადაა მიჩნეული. მისი სრული მასა 24,5 ტ-ს აღწევს და ეკიპაჟის 2 წევრის გარდა, 10 შეიარაღებული მებრძოლი გადაჰყავს. 330 ცხ.ძ-ის სიმძლავრის დიზელის ძრავა მას ასფალტირებულ გზაზე მაქსიმალური 105კმ/სთ სიჩქარის განვითარების საშუალებას აძლევს, საწვავის მარაგი კი 966 კმ-ის გავლისთვის არის საკმარისი.

"კუგუარის" ლათინური V-ს მაგვარი ჯავშანფსკერი გათვალისწინებულია 8-10 კგ ტროტილის  შემცველი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმის აფეთქებაზე, ისე, რომ მასში მსხდომნი ცოცხლები გადარჩნენ (მიუხედავად ამისა, 22 თებერვალს ავღანეთში სამი ქართველი სამხედრო მაინც დაიღუპა, როდესაც ისინი, სავარაუდოდ, სწორედ ასეთი "კუგუარით" გადაადგილდებოდნენ). აქამდე ავღანეთში გასაგზავნ ქართულ სამხედრო კონტინგენტს  კრწანისის სასწავლო ცენტრში იმ "ჰამვის" ტიპის ჯავშანმანქანებით ამზადებდნენ, რომლებიც თავის დროზე საქართველოში ასევე ამერიკელებმა ჩამოიტანეს.

იმის გამო, რომ "კუგუარში" მსხდომნი "ჰამვის" ეკიპაჟთან შედარებით უფრო დაცულნი არიან (რის თვითმხილველიც ამ სტატიის ავტორი თავად გახდა ერაყში) და ამასთან, ავღანეთში ჩვენი ბიჭები თითქმის არ იყენებენ "ჰამვებს", რა თქმა უნდა, ლოგიკურია, რომ ISAF-ის ოპერაციისთვის ჯერ კიდევ ქართულ მიწაზე მოსამზადებლად სწორედ "კუგუარები" გამოიყენონ. თუმცა "კუგუარის" ეკიპაჟებმა ჯობს, იცოდნენ ერაყისა და ავღანეთის გამოცდილება, სადაც ხშირი იყო ამ ჯავშანმანქანების გადაბრუნების შემთხვევები მოსახვევებში დიდი სიჩქარით შესვლის გამო. ამასთან, ისედაც მაღალი "კუგუარის" თავზე დაყენებული ანტენები შეიძლება ელექტროგადამცემ ხაზებს წამოედოს და ეკიპაჟის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქროს.

640 ათას დოლარად შეფასებული "კუგუარი" მართლაც საიმედო დაცვაა და ის ქართულ არმიასაც გამოადგება ანტიპარტიზანული მოქმედებების დროს ჩასაფრებებიდან თავდასხმებისგან ქვეითების დასაცავად.

მეორე მხრივ, "კუგუარის" ეფექტური გამოყენება მაშინ, როცა მოწინააღმდეგის ავიაცია მთლიანად აკონტროლებს საჰაერო სივრცეს, ძალიან რთული იქნება, რადგან 7მ სიგრძის, 2,7მ სიგანისა და 2,6მ სიმაღლის ჯავშანმონსტრს რუსული მოიერიშეებისა და დამრტყმელი შვეულმფრენების პილოტებს ვერ დავუმალავთ.