უპილოტო მზვერავის პრეზენტაცია - კვირის პალიტრა

უპილოტო მზვერავის პრეზენტაცია

პირველი ქართული უპილოტო თვითმფრინავი, სავარაუდოდ, ესტონური SWAN 205-ის ლიცენზირებულ ვარიანტს წარმოადგენს...

გასულ კვირას თავად საქართველოს პრეზიდენტი მონაწილეობდა ახალი სამხედრო დანიშნულების პროდუქტის - უპილოტო საფრენი აპარატის პრეზენტაციაში.

უპილოტო თვითმფრინავის საჩვენებელი ფრენა წარმატებული გამოდგა და იგი პარაშუტით დაეშვა. მიწაზე შეხებამდე მისი ფიუზელაჟის ქვეშ საჰაერო ბალიში გაიხსნა, რომელმაც დაცემის სიჩქარე შეამცირა.

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, უპილოტო თვითმფრინავის ძირითადი დანიშნულება პატრულირება, დაზვერვა, რადიო და რადიოტექნიკური დაზვერვა, ასევე ბრძოლის ველზე ზარალისა და მსხვერპლის შეფასებაა. ტექნიკური მახასიათებლების თანახმად, უპილოტოს შეუძლია, 8 საათი იყოს ჰაერში, იფრინოს 100-დან 3000 მ სიმაღლემდე და განავითაროს მაქსიმალური 160კმ/სთ სიჩქარე. უპილოტოს ფიუზელაჟის ქვეშ დაყენებულია ორკამერიანი ვიდეოპლატფორმა, ფოტოკამერა, ასევე თერმული და ინფრაწითელი კამერები. ცხვირის ქვეშ განთავსებული კამერებიანი პლატფორმა 360 გრადუსით ბრუნავს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში იგი კორპუსის შიგნით შედის და იმალება.

უპილოტოს პრეზენტაციის დროს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ მისი გამოყენება შეიძლება საარტილერიო ცეცხლის კორექტირებისთვის, რაც უდავოდ წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა, რადგან რუსეთის გენერალიტეტი ანგარიშს სწორედ ჩვენს არტილერიას უწევს. თუკი ქართული უპილოტოები შეძლებენ მოწინააღმდეგის ოპერატიულ სიღრმეში საარტილერიო ჭურვების დაცემის წერტილების ზუსტი კოორდინატების მაშინვე გადაცემას ქართული საარტილერიო დანადგარების გათვლებისთვის, არტილერისტებს გადამწყვეტი როლის შესრულება შეეძლებათ.

ოფიციალური ინფორმაციით, უპილოტოს მოქმედების რადიუსი 100კმ-მდეა, რაც სრულიად საკმარისია, გაკონტროლდეს ის მიმართულებები და სიშორეები, სადამდეც ყველაზე შორსმსროლელი ქართული საარტილერიო-სარაკეტო დანადგარებიდან გასროლილი ჭურვები და რაკეტები აღწევს.

"დიდგორთან", "ლაზიკასთან" თუ "გრად-კრაზთან" შედარებით, უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების სერიული წარმოების დაწყება ნამდვილად წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან თანამედროვე ომები მათ გარეშე წარმოუდგენელია. ამასთან, ჩვენი მეზობელი აზერბაიჯანი და სომხეთი უკვე შეუდგნენ უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავების სერიულ წარმოებას, რომ აღარაფერი ვთქვათ თურქეთსა და რუსეთზე.

აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ერთი მნიშვნელოვანი გარემოებაც - მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ის პირველ ქართულ უპილოტო თვითმფრინავად მონათლეს, მაგრამ ფაქტები სხვას მეტყველებს.

ცნობილმა საერთაშორისო სამხედრო საიტმა militaryphotos.net-მა ჯერ კიდევ სამი წლის წინ გამოაქვეყნა შეიარაღების ერთ-ერთი საერთაშორისო გამოფენის ფოტოსურათები, რომლებზეც ჩანს ესტონური ფირმა ELI-ს წარმოებული ორი ტიპის უპილოტო სადაზვერვო თვითმფრინავი -  SWAN 205 და SWAN-557; ასევე მათი მართვის სახმელეთო კომპლექსი.

დეტალური დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ გასულ კვირას პრეზენტირებული ქართული უპილოტო ძალიან ჰგავს ესტონურ უპილოტო თვითმფრინავებს, რაც გვაფიქრებინებს, რომ პირველ ქართულ უპილოტოდ მონათლული აპარატი შეიძლება ესტონური ფირმა ELI-ს ლიცენზიით იყოს დამზადებული. ამ ეჭვს აძლიერებს უპილოტოების მართვის სახმელეთო კომპლექსის კომპიუტერზე გადაკრული კამუფლირებული ნაჭერიც, რადგან ამ სახის კამუფლირება მხოლოდ ესტონეთის არმიაშია მიღებული.

რა თქმა უნდა, კარგია, თუ ქართული სამხედრო მრეწველობა ლიცენზიით ნაყიდი უპილოტოს აწყობას იწყებს, რადგან სადაზვერვო უპილოტოები ქართულ არმიას ჰაერივით სჭირდება და ველოსიპედის გამოგონებას, ცხადია, სხვისი გამოცდილების გამოყენება სჯობს. მით უმეტეს, თუკი დახმარების ხელს NATO-ს წევრი ესტონეთი გვიწვდის, რომელიც ადრეც ამოსდგომია მხარში საქართველოს შეიარაღებულ ძალებს, მაგრამ უკეთესი იქნებოდა, სიმართლე პრეზენტაციაზევე გამჟღავნებულიყო. ახლა კი არაკეთილმოსურნეები ინტერნეტში იმაზე "ლაღობენ", თუ როგორ აღმოაჩინეს პირველი ქართული უპილოტოს "უფროსი ძმა" ესტონეთში...