ქართული დროშა რუსულ სადესანტო ხომალდზე... - კვირის პალიტრა

ქართული დროშა რუსულ სადესანტო ხომალდზე...

ქართული ხუთჯვრიანი დროშა იმ რუსულ სამხედრო ხომალდზე აფრიალდა, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. არა, ეს ხუმრობა არ არის! შავიზღვისპირა ქვეყნების ოპერატიული ურთიერთქმედების სამხედრო-საზღვაო ჯგუფის, BLACKSEAFOR-ის რიგით მე-12 აქტივაციის ფარგლებში ამ ჯგუფის ფლაგმანზე, რუსულ სადესანტო ხომალდ "ცეზარ კუნიკოვზე" მართლაც ფრიალებდა ქართული ხუთჯვრიანი დროშა, ოღონდ ქართველი საზღვაო ოფიცრების გარეშე.

გასულ წელს "ბლექსიფორის" აქტივაციის ფარგლებში ქართული სანაპირო დაცვის კატარღა "სოხუმი" მონაწილეობდა, თუმცა წელს ოფიციალურ თბილისს ამ ყოველწლიურ სწავლებაზე, რომელშიც ექვსივე შავიზღვისპირა სახელმწიფოა (რუმინეთი, თურქეთი, საქართველო, რუსეთი, უკრაინა, ბულგარეთი) გაერთიანებული, არც მცურავი საშუალება და არც წარმომადგენელი არ გაუგზავნია.

ამის მთავარი მიზეზი შეიძლება ის არის, რომ წელს "ბლექსიფორის" საზღვაო ჯგუფს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბის უფროსის მოადგილე მეთაურობდა, ხოლო ჯგუფის შტაბი ფლაგმან "ცეზარ კუნიკოვზე" იყო განთავსებული.

"ცეზარ კუნიკოვი" რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ის დიდი სადესანტო ხომალდია, რომელმაც 2008 წლის აგვისტოში ნოვოროსიისკიდან წამოყვანილი რუსი მედესანტეები საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე გადმოსხა. მოგვიანებით სწორედ მათ დაიკავეს სენაკის სამხედრო ბაზა.

როცა "ბლექსიფორის" ერთი წევრი - რუსეთი, მეორე წევრის - საქართველოს სანაპიროზე დესანტს სხამდა, სამხედრო-საზღვაო ჯგუფი უკრაინელი ადმირალის მეთაურობით სევასტოპოლიდან თურქეთისკენ მიცურავდა და დამპყრობლის შესაჩერებლად არაფერი გაუკეთებია...