როკის გვირაბი 3 წლით იკეტება, მაგრამ... - კვირის პალიტრა

როკის გვირაბი 3 წლით იკეტება, მაგრამ...

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის მთავარ ტექნიკურ საშუალებას მოსკოვი დროებით კეტავს, თუმცა ამით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი ბლოკადაში არ აღმოჩნდება

რამდენ ქართველ პატრიოტს უნატრია როკის გვირაბის ჩაკეტვა, რომლის საშუალებითაც, როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა ცხინვალის რეგიონი დაიპყრო.

ზოგი როკის გვირაბის საჰაერო დაბომბვის შესაძლებლობას აანალიზებდა, ზოგიც გვირაბის შიგნით ტროტილით სავსე სატვირთო ავტომობილის  აფეთქებას მიიჩნევდა გამოსავლად, თუმცა ასეთი განსაკუთრებული ზომების გარეშეც მოსკოვი 24 აპრილიდან როკის გვირაბს კეტავს.

მოსკოვმა ეს გადაწყვეტილება არც კი შეუთანხმა ცხინვალის მარიონეტულ ხელისუფლებას, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, ვინ არის რეალურად ამ ოკუპირებული რეგიონის ნამდვილი ბატონ-პატრონი.

1985 წელს გახსნილი 3660 მ სიგრძის როკის გვირაბი ის ერთადერთი სახმელეთო გზა გახლდათ, რომლის გავლითაც რუსეთის ჯავშანკოლონები და საბრძოლო დანაყოფების პირადი შემადგენლობა 2008 წლის აგვისტოში დაუბრკოლებლად  შემოიჭრა საქართველოს ტერიტორიაზე.

გვირაბის სიგანე 12 მ, სიმაღლე კი 6 მეტრია, რამაც რუსეთის გენშტაბს საშუალება მისცა, როკის გვირაბით ქართულ მიწაზე შემოეყვანა არა მარტო შედარებით დაბალი ტანკები, ქვეითთა  საბრძოლო მანქანები და ჯავშანტრანსპორტიორები, არამედ უფრო მაღალი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები - "გრადები" და "ურაგანები"; ასევე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები "ოსა" და "ტუნგუსკა". ომის შემდეგ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ, სავარაუდოდ, ამავე გვირაბით გადმოისროლა უკვე ოკუპირებულ ტერიტორიაზე "ტოჩკა-უ"-ს ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო დანადგარები.

რუსეთი სამი წლის განმავლობაში როკის გვირაბის კაპიტალურ გარემონტებას აპირებს, რაც დაახლოებით 16 მილიარდი რუბლი დაუჯდება.

ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: გვირაბის ჩაკეტვის შემდეგ ოკუპირებული ტერიტორია ხომ რუსეთს მოწყვეტილი აღმოჩნდება?

თუმცა,  ჩვენდა სამწუხაროდ, ასე არ არის. როკის მთავარ გვირაბს გვერდით სადაზვერვო შტოლნი მიუყვებოდა, რომლის სიგანე მხოლოდ 4 მ, ხოლო სიმაღლე 3 მ-მდე იყო. ეს დამხმარე გვირაბი, რა თქმა უნდა, არ გამოდგებოდა ორმხრივი მოძრაობისა და მსხვილგაბარიტიანი სამხედრო ტექნიკის გადასაყვანად.

გასულ წელს რუსეთმა ამ სადაზვერვო შტოლნის რემონტი და გაფართოება დაიწყო, რასაც დაახლოებით 2 მლრდ რუბლი დასჭირდა. 26 მარტს გარემონტებულ შტოლნში პირველი საცდელი კოლონა გაატარეს და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეს გადაწყვეტილება როკის მთავარი გვირაბის სამი წლით დაკეტვის შესახებ.

მიუხედავად გაფართოებისა, შტოლნი მაინც ვერ უზრუნველყოფს ორმხრივ მოძრაობას, რის გამოც მანქანები  სამ-სამი საათის განმავლობაში ჯერ სამხრეთიდან ჩრდილოეთისაკენ იმოძრავებენ, შემდეგ კი - რუსეთიდან ცხინვალისაკენ.

როკის მთავარი გვირაბის ჩაკეტვით საქართველო რაიმე სტრატეგიული მნიშვნელობის მოგებას ვერ ნახავს, რადგან ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მოქმედი მე-4 რუსული სამხედრო ბაზის პირადი შემადგენლობა და საბრძოლო ტექნიკა რამდენიმე დღის განმავლობაში ინტენსიური საბრძოლო მოქმედებების წარმართვისთვის საკმარისია.