აღლუმი ქუთაისში - კვირის პალიტრა

აღლუმი ქუთაისში

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 21-ე წელს პირველად აღლუმი არა დედაქალაქში, არამედ ქუთაისში ჩატარდება.

ხელისუფლების ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა, თუნდაც საქართველოს პარლამენტის ქუთაისში გადატანის გამო.

რაიმე განსაკუთრებული შედეგი ამ გადაწყვეტილებას არ მოჰყვება, რადგან აღლუმი, როგორც წესი, სახელმწიფო პიარის (და არა მარტო საქართველოში) ერთ-ერთი უმთავრესი კომპონენტია და დიდი მნიშვნელობა არ აქვს, სად ჩატარდება ის.

მეორე მხრივ, იმ სამხედროებს და განსაკუთრებით, მძიმე საბრძოლო ტექნიკის მძღოლ-მექანიკოსებს, რომელთაც რუსთაველის პროსპექტზე აღლუმებზე არაერთხელ ჩაუვლიათ, ახალი მარშრუტის სრულყოფილად ათვისება მოუწევთ. მომავალი აღლუმის ადგილის წინასწარი საჰაერო დაზვერვა მოუხდებათ ქართული შვეულმფრენებისა და თვითმფრინავების ეკიპაჟებსაც, რომლებიც, სავარაუდოდ, კოპიტნარის აეროდრომიდან აფრინდებიან.

თუკი მუხლუხიანი საბრძოლო ტექნიკის, მათ შორის "ლაზიკას" ჩვენებასაც გადაწყვეტენ, ქუთაისის მერიას აღლუმის შემდეგ ასფალტის საფრის განახლება მოუწევს.

ჩვენ არაერთხელ დაგვიწერია, რომ თუკი ხელისუფლებას სურს, ქართული არმიის საბრძოლო ტექნიკის სრულყოფილი და შთამბეჭდავი ჩვენება მოაწყოს, ვაზიანის აეროდრომი უნდა გამოიყენოს, რადგან აეროდრომის ბეტონირებულ საფარზე მუხლუხიანი, 41-ტონიანი ტანკებიც ჩაივლიან და ავიაციაც დაბალ  სიმაღლეზე ეფექტურად გადაიფრენს...