რას ნიშნავს ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი... - კვირის პალიტრა

რას ნიშნავს ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი...

"საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის" ახალმა პროექტმა, რომლის მიხედვით ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით უნდა შეიქმნას, პოლიტიკურ სპექტრში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მობილიზებულ რეზერვისტებს ხელისუფლება საარჩევნო პროცესში ოპოზიციის მხარდამჭერთა დასაშინებლად გამოიყენებს.

გამორიცხული არაფერია, მაგრამ ამავე მიზნით ხელისუფლებამ შეიძლება პოლიციისა და სამხედრო დანაყოფებიც გამოიყენოს და ამის გამო მათ წინასწარ დაშლას ხომ ვერ მოვითხოვთ?

"თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის" ახალი პროექტი ორი კატეგორიის რეზერვის შექმნას ითვალისწინებს. პირველ კატეგორიას განეკუთვნება სახმელეთო ჯარების რეზერვი, რომელიც 27-40 წლის მამაკაცების სავალდებულო გაწვევის პრინციპით კომპლექტდება. მისი ძირითადი ამოცანაა საომარი მოქმედებების დროს შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში მათი სრულფასოვანი ჩანაცვლება.

რაც შეეხება ტერიტორიული თავდაცვის რეზერვს, მასში ნებაყოფლობით გაწევრება შეუძლიათ 40 წლის და უფროსი ასაკის მოქალაქეებს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. საომარი მოქმედებების დროს ისინი, ძირითადად, პასუხისმგებელნი იქნებიან სამოქალაქო თავდაცვისა და ზურგის ოპერაციებზე, ხოლო საჭიროების შემთხვევაში სახმელეთო ჯარების რეზერვს დაეხმარებიან.

უდავოა, რომ ადამიანი თავის მშობლიურ სოფელსა თუ ქალაქს უკეთესად იცნობს და მისი დაცვა გაუადვილდება.

აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში რამდენიმეათასიანი სამხედრო-პოლიციური შენაერთი იდგა, თუმცა მან, თბილისიდან მოსული ბრძანების საფუძველზე, მოწინააღმდეგეს თითქმის უბრძოლველად დაუთმო ეს სტრატეგიული მნიშვნელობის ხეობა, არადა, მის საფორტიფიკაციო გამაგრებასა და იქ ტყვია-წამლისა და საწვავის უზარმაზარი მარაგის შეტანაზე მილიონები დაიხარჯა.

დიდი ლიახვის ხეობის ქართული სოფლებიც იქ მდგარმა საპოლიციო დანაყოფმა ძალზე სწრაფად - იქაურებზე ადრე - დატოვა.

მაშინ კოდორის ხეობასა და დიდი და პატარა ლიახვისა თუ ფრონეს ხეობებში ადგილობრივი მოსახლეობით დაკომპლექტებული კარგად გაწვრთნილი და ორგანიზებული რეზერვი რომ ყოფილიყო, ამ ტერიტორიებს ასე სამარცხვინოდ არ დავთმობდით. ნუ დაგვავიწყდება, რომ 1993-დან 2008 წლამდე ეს სოფლები სწორედ ადგილობრივებმა შეინარჩუნეს...

ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი, ეფექტურად ამოქმედების შემთხვევაში, პარტიზანული ბრძოლის საუკეთესო საშუალება გახდება, თუკი მოწინააღმდეგე კვლავ დაიკავებს ამა თუ იმ ტერიტორიას.