21 წლის ქართული არმია - კვირის პალიტრა

21 წლის ქართული არმია

ხუთ-ომგამოვლილი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესის დასრულებამდე ჯერ კიდევ შორია...

30 აპრილს საქართველოს შეიარაღებული ძალები 21 წლის გახდა, თუმცა მისი საბოლოო სახე ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია.

საუკუნის მეხუთედის განმავლობაში ქართულმა არმიამ ხუთი ომი გადაიხადა: 1992 წელს - ცხინვალში, 1992-93 წლებში - აფხაზეთში, 1998 წელს - გალში, 2004 და 2008 წლებში - კვლავაც ცხინვალში...

ხუთ ომში მონაწილეობა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბევრი ჩვენზე დიდი და ძლიერი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები ათწლეულების განმავლობაში ერთ საბრძოლო მოქმედებაშიც არ ჩართულან, სახუმარო საქმე არ არის.

ამ ომებმა, ბუნებრივია, თავისი დაღი დაასვა ქართული არმიის განვითარებისა და აღმშენებლობის პროცესს, რადგან სამხედრო სწავლება, სასწავლო დაწესებულებების ნაცვლად, სანგრებში მიმდინარეობდა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სტაბილურობაზე უარყოფითად მოქმედებდა კადრების ხშირი ცვლაც, მათ შორის - გენშტაბის უფროსებისა და თავდაცვის მინისტრებისა.

არ გვახსენდება შემთხვევა, ერთ წელიწადში რომელიმე ქვეყანას ოთხი თავდაცვის მინისტრი შეეცვალა - 2004 წლის დასაწყისში თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე იყო, რომელიც ჯერ გელა ბეჟუაშვილმა, შემდეგ კი გია ბარამიძემ შეცვალა, წლის ბოლოს კი თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ოქრუაშვილი მივიდა.

ყველა მინისტრს თავისი გუნდი მოჰყავდა, რაც, რა თქმა უნდა, თავდაცვის სამინისტროსა და მთლიანად შეიარაღებული ძალებისთვის სასიკეთო ნამდვილად არ იყო.

თუმცა ბოლო დროს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ტაქტიკა შეცვალა და თავდაცვის სამინისტროს "კარუსელი" შეაჩერა - 2009 წლის აგვისტოში დანიშნული ბაჩო ახალაია დღემდე თავდაცვის მინისტრია.

"ვარდების რევოლუციის" შემდეგ ასე დიდხანს თავდაცვის მინისტრის პოსტი ვერც ირაკლი ოქრუაშვილმა შეინარჩუნა, ვერც დავით კეზერაშვილმა და ვერც - დავით სიხარულიძემ.

შევარდნაძის ხელისუფლების დროს ყველაზე დიდხანს - 1998-2004 წლებში - თავდაცვის მინისტრის პოსტი დავით თევზაძეს ეკავა.

ერთი შეხედვით, საკადრო "კარუსელიდან" თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების "ამოვარდნა" დადებითად უნდა შეფასდეს, თუმცა სამხედრო უწყების შიდასაკადრო პოლიტიკა ამის თქმის უფლებას არ გვაძლევს.

ამ სისტემაში ადამიანებს თანამდებობაზე ნიშნავენ, ძირითადად, პირადი ერთგულებისა და არა - პროფესიონალიზმის გამო, რაც ძირს უთხრის ქართულ არმიას, რადგან ახალგაზრდა ოფიცრები ხედავენ -  მთავარია გუნდის ერთგული იყო და უსიტყვოდ შეასრულო ის ბრძანებებიც კი, რომლებიც შეიძლება ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდეს - და წინ ვერაფერი დაგიდგება.

იმ ოფიცრების დაწინაურება, რომელთაც აგვისტოს ომის დროს არათუ თავი გამოიჩინეს, არამედ თავიანთი მეთაურობის ქვეშ მყოფი პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის დიდი ნაწილიც დაკარგეს, ახალგაზრდა ოფიცრებისთვის კარგი მაგალითი ვერ იქნება.

თავის 21-ე წლისთავს თავდაცვის სამინისტრო ხვდება, როგორც ყველაზე

კარჩაკეტილი უწყება და ასეთი პოლიტიკა კიდევ უფრო აშორებს ერთმანეთს არმიასა და საზოგადოებას, ეს კი შეუძლებელს ხდის შეიარაღებული ძალების საზოგადოებრივ კონტროლს, ანუ იმას, რაც მოეთხოვება დემოკრატიულ ქვეყანას, NATO-ში გაწევრებაზე რომ აცხადებს პრეტენზიას...