ისევ ავღანეთი, ისევ ტრაგედია... - კვირის პალიტრა

ისევ ავღანეთი, ისევ ტრაგედია...

თავდაცვის სამინისტროს 25 აპრილის ოფიციალური ინფორმაციით, ჰილმენდის პროვინციაში პატრულირების დროს თვითნაკეთი ნაღმის აფეთქების შედეგად მიღებული ჭრილობებით 31-ე ბატალიონის 36 წლის სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე დაიღუპა.

ეს უკვე მეთექვსმეტე გარდაცვლილი ქართველია, მას შემდეგ, რაც 2009 წლის შემოდგომიდან საქართველოს შეიარაღებული ძალები ავღანეთში, ISAF-ის ოპერაციებში მონაწილეობს.

არაერთხელ დაგვიწერია, რომ ავღანეთის გზებზე მთავარ საფრთხეს სწორედ ნაღმები და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობები წარმოადგენს. დაღუპულ ქართველ სამხედროთა უდიდესი ნაწილი სწორედ თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას შეეწირა.

დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს თავდაცვის სამინისტრო დღემდე არ აქვეყნებს, თუმცა მათი რიცხვი, სავარაუდოდ, 70-ს უახლოვდება.

სერჟანტი ვალერიან ხუჯაძე არმიაში 2004 წლიდან მსახურობდა, ავღანეთის გარდა ერაყის სამხედრო მისიაშიც მონაწილეობდა და გამოცდილებაც არ აკლდა, მაგრამ როგორც ჩანს, თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობების დროული აღმოჩენა და უსაფრთხო განაღმვა კიდევ კარგა ხანს დარჩება პრობლემად.

როგორც ცნობილია, ავღანეთში მყოფ ქართველ სამხედროთა რაოდენობა 1700-მდე გაიზრდება, რის შემდეგაც საქართველო ავღანეთში მყოფ NATO-ს არაწევრ ქვეყნებს შორის პირველი კონტრიბუტორი გახდება.

გვინდა თუ არა, ავღანეთში და განსაკუთრებით - ჰილმენდის პროვინციაში ქართული სამხედრო კონტინგენტის ზრდა დაღუპულთა და დაჭრილთა რაოდენობასაც სავარაუდოდ გაზრდის.

"კვირის პალიტრა" თანაგრძნობას უცხადებს დაღუპული სერჟანტის, ვალერიან ხუჯაძის ოჯახს.