"ფოთის დამპყრობლის" დასასრული - კვირის პალიტრა

"ფოთის დამპყრობლის" დასასრული

მოსკოვში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოტოციკლისტი დაიღუპა. ეს ფაქტი ჩვენთვის საინტერესო არ იქნებოდა, რომ არა ერთი გარემოება - დაღუპული რუსეთის გმირი პოდპოლკოვნიკი ანატოლი ლებედი იყო, სწორედ ის ლებედი, რომელმაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს "ფოთი დაიპყრო" - ფოთის სამხედრო პორტში, პირსთან მდგარი კატარღები ჩაგვიძირა და ხუთ ამერიკულ "ჰამვისთან" ("ჰამერის" ტიპის მანქანა) ერთად ქართველი სამხედრო ტყვეებიც წაიყვანა.

გვინდა თუ არა ამის აღიარება, ფოთში რუსეთის საჰაერო-სადესანტო ჯარების 45-ე ცალკეული სადაზვერვო პოლკის სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფის (რომელსაც სწორედ პოდპოლკოვნიკი ანატოლი ლებედი მეთაურობდა) ჩატარებული ოპერაცია აგვისტოს ომის ერთ-ერთი სამარცხვინო ეპიზოდია. ამ მცირერიცხოვანმა ჯგუფმა ჩაგვიძირა სამხედრო კატარღები: "თბილისი", "დიოსკურია", "წყალტუბო", "აიეტი", ორი "გრიფი"; რამდენიმე სწრაფმავალი კატარღა "შავი ზვიგენი" კი თან წაიღეს, რითაც საქართველოს არმიას და პირველ რიგში - სამხედრო-საზღვაო ძალებს მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენეს.

ამ ოკუპაციისთვის ანატოლი ლებედი, რომელსაც ჩეჩნეთის ომში უკვე მიღებული ჰქონდა რუსეთის გმირის ორდენი (მან ბრძოლაში ტერფიც დაკარგა), ერთ-ერთი პირველი დაჯილდოვდა წმინდა გიორგის მეოთხე ხარისხის ორდენით.