ტერაქტების ახალი ტალღა? - კვირის პალიტრა

ტერაქტების ახალი ტალღა?

აფეთქებების სერია დნეპროპეტროვსკსა და მახაჩყალაში და ტერაქტის მცდელობა ზუგდიდში...

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა ვერც მოასწრო, პარლამენტის ტრიბუნიდან განეცხადებინა, დიდი ხანია, საქართველოში ტერაქტები აღარ მომხდარაო, რომ 4 მაისს ზუგდიდში, პროკურატურის წინ ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს და ეჭვმიტანილიც დააკავეს.

ტერაქტების მცდელობა და მით უმეტეს, ტერაქტი რომ უდიდეს საფრთხეს უქმნის ყველას, უდავოა, თუმცა, საზოგადოების არცთუ მცირე ნაწილს დიდი ხანია, ხელისუფლების მიერ გახსნილი ტერაქტების საქმეებისადმი ეჭვი გაუჩნდა.

ამის დასტურად "კოჭოიას" საქმეც გამოდგება. სასამართლოზე, რომელიც ახლა მიმდინარეობს, ბევრი საეჭვო დეტალი გამომზეურდა. თავად მთავარი ბრალდებულები აცხადებენ, რომ მათ გამოძიებას აღიარებითი ჩვენება მხოლოდ ფიზიკური და მორალური ზეწოლის შედეგად მისცეს.

ამ და სხვა გახმაურებული საქმეების გათვალისწინებით არ ვიჩქარებთ 4 მაისს ზუგდიდში მომხდარი ფაქტის შეფასებას.

სანამ ზუგდიდში ტერაქტის მცდელობაში ეჭვმიტანილს დააკავებდნენ, ჩრდილო კავკასიაში, დაღესტნის ქალაქ მახაჩყალაში მართლაც რომ სერიოზული, ორმაგი ტერორისტული აქტი განხორციელდა. აფეთქდა ავტოინსპექციის სტაციონარულ პოსტთან გაჩერებული მსუბუქი "ლადა". იქ მყოფი პოლიციელების ნაწილი  დაიღუპა, ნაწილი - დაიჭრა. ტერაქტის ადგილზე სპეცსამსახურების თანამშრომლებმა და ექსპერტებმა მოიყარეს თავი, პირველი აფეთქებიდან 15 წუთის შემდეგ კი იქვე მდგომი "გაზელის" ტიპის მიკროავტობუსი აფეთქდა. წინასწარი მონაცემებით, "ლადაში" კამიკაძე-ტერორისტმა დაახლოებით 30 კგ ტროტილის ეკვივალენტი ასაფეთქებელი ნივთიერების შემცველი მოწყობილობა აამოქმედა, "გაზელში" ჩადებული "ჯოჯოხეთის მანქანის" სიმძლავრე კი 50 კგ (შესაძლოა, უფრო მეტიც) ტროტილის ეკვივალენტური იყო. ამასთან, ტერორისტებმა ასაფეთქებელ მოწყობილობაში ჩააწყვეს სამშენებლო ლურსმნები, რომლებიც აფეთქების ტალღამ შორს გატყორცნა და არაერთი ადამიანი დააზიანა.

მახაჩყალის ორმაგი ტერაქტი რაც შეიძლება დიდ მსხვერპლზე იყო გათვლილი, რასაც ვერ ვიტყვით იმ აფეთქებათა სერიაზე, რომელიც უკრაინის ქალაქ დნეპროპეტროვსკში 27 აპრილს განხორციელდა. ქალაქის ცენტრში თანამიმდევრობით ამოქმედდა ურნებში ჩადებული ოთხი ასაფეთქებელი მოწყობილობა. აფეთქებების შედეგად რამდენიმე ათეული გამვლელი დაშავდა, მაგრამ არავინ დაღუპულა, რადგან ეს ტერაქტები მსხვერპლზე გათვლილი არ იყო და ასაფეთქებელი მოწყობილობების ამოქმედებას მხოლოდ ფუგასური მოქმედება ახლდა. მათში დამაზიანებელი ელემენტები არ იყო, თუმცა ურნების აფეთქებისას გამოტყორცნილმა კონსტრუქციის ფრაგმენტებმა მაინც დაჭრა გამვლელები.

როგორც ჩანს, დნეპროპეტროვსკში აფეთქებების სერია მხოლოდ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას  ისახავდა მიზნად, მახაჩყალაში მომხდარი ტერორისტული აქტების დამგეგმავებს კი სურდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი დაღუპულიყო, რაზეც მიუთითებს ასაფეთქებელი მოწყობილობების სიმძლავრე და მათში ჩაწყობილი დამაზიანებელი ელემენტები.

სტატიის დაწერის დროს ჯერ კიდევ უცნობი იყო, რა ტიპის ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს ზუგდიდში, რა რაოდენობის ტროტილის ეკვივალენტ ასაფეთქებელ ნივთიერებებს შეიცავდა ის და იყო თუ არა მის კონსტრუქციაში დამატებითი დამაზიანებელი ელემენტები ლურსმნებისა თუ მეტალის ნაჭრების სახით.

ამ მონაცემების დაზუსტების შემდეგ შევძლებთ საუბარს იმაზე, რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა აფეთქებას ზუგდიდში.