ოკუპირებულ აფხაზეთში - კვირის პალიტრა

ოკუპირებულ აფხაზეთში

T-90-ების ეკიპაჟებს ამზადებენ

რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქში შემავალმა მე-7 სამხედრო ბაზამ, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში, გუდაუთაშია განთავსებული, ტანკის მობილური ტრენაჟორი МКТ-188А მიიღო.

თითქოს ამას დიდი მნიშვნელობა აღარ უნდა ჰქონდეს, რადგან გუდაუთის ბაზაზე ისედაც უკვე ორმოცამდე T-90A ტიპის ძირითადი რუსული საბრძოლო ტანკია, თუმცა მეორე მხრივ, ტრენაჟორსა და მით უფრო -  მობილურს (რომლის გადატანაც შესაძლებელია) დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან მისი საშუალებით ტანკის ეკიპაჟის სამივე წევრის მომზადება სრულყოფილად შეიძლება.

МКТ-188А  ტიპის სატანკო ტრენაჟორის ეკრანზე მაქსიმალურად ზუსტად აისახება საბრძოლო მდგომარეობა. ეკიპაჟს შეუძლია, მონიტორზე ერთდროულად 15 სამიზნეს უყუროს, მათ შორის მოწინააღმდეგის ტანკებს, თვითმავალ საარტილერიო დანადგარებს, ქვეითთა საბრძოლო მანქანებს. ვირტუალური სამიზნეები 100 მეტრიდან 4 კმ-ის დისტანციაზე შეიძლება "განთავსდნენ" და მაქსიმალური 60კმ/სთ სიჩქარით "იმოძრაონ". პროგრამის მიხედვით შეიძლება გეოგრაფიული მდებარეობის, ასევე ამინდისა და დღე-ღამის დროის შეცვლა.

სატანკო ტრენაჟორის გამოყენების დადებითი ეფექტი ის არის, რომ ეკიპაჟის სამივე წევრი, მექანიკოს-მძღოლი, დამმიზნებელი და მეთაური - ძვირად ღირებული ჭურვებისა და საწვავის ხარჯის გარეშე იმაღლებს საბრძოლო მზადყოფნას.

აქამდე საპოლიგონო მომზადებას ოკუპირებულ აფხაზეთში დისლოცირებული მე-7 რუსული სამხედრო ბაზის ტანკისტები ჩრდილო კავკასიაში, ადიღეს პოლიგონზე გადიოდნენ.

ტანკები სახმელეთო ჯარების ერთ-ერთი ძირითადი შემტევი კომპონენტია და რუსული ეკიპაჟების საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას ქართული არმიის მეთაურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.