ყარაბაღში გამართულმა აღლუმმა ბაქოს პროტესტი გამოიწვია - კვირის პალიტრა

ყარაბაღში გამართულმა აღლუმმა ბაქოს პროტესტი გამოიწვია

აღლუმები ყოველთვის არ წარმოაჩენს ამა თუ იმ არმიის რეალურ საბრძოლო შესაძლებლობებს, თუმცა პოლიტიკოსები ყოველთვის ცდილობენ, აღლუმები ძალის დემონსტრირებად აქციონ.

ასე მოხდა 9 მაისსაც, როდესაც თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის დედაქალაქ სტეფანაკერტში გრანდიოზული აღლუმი გაიმართა.

იმავე დღეს ფაშიზმზე გამარჯვების მორიგ წლისთავს მოსკოვშიც აღნიშნავდნენ, თუმცა სტეფანაკერტის ცენტრში გაცილებით მეტმა ტანკმა, ჯავშანმანქანამ თუ საარტილერიო დანადგარმა ჩაიარა, ვიდრე წითელ მოედანზე.

აღლუმის ერთადერთი მიზანი ცოცხალი ძალისა და საბრძოლო ტექნიკის რაოდენობის დემონსტრირება არ გახლდათ. სახელისუფლებო ტრიბუნაზე თვითაღიარებული ყარაბაღის (რომელსაც ოფიციალური ბაქო სომხეთის ოკუპირებულ აზერბაიჯანის ტერიტორიად თვლის) პრეზიდენტის გვერდით სომხეთის პრეზიდენტიც იდგა და ეს იყო ბაქოსთვის მინიშნება, რომ შეიარაღებული კონფლიქტის განახლების შემთხვევაში სომხეთი თვითაღიარებულ ყარაბაღს არა მარტო პოლიტიკურად, არამედ სამხედრო ძალითაც დაეხმარება.

ამაზე მეტყველებდა აღლუმზე ჩავლილი საბრძოლო ტექნიკაც, რომლის დიდი ნაწილი, ცხადია, სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების საკუთრებაა და ისინი ერევანშიც არაერთხელ გამოუყვანიათ აღლუმებზე.

როგორც ჩანს, აღლუმისთვის საბრძოლო ტექნიკის თხოვება სომხური ფენომენია და პირველ რიგში აზერბაიჯანის ხელისუფლების დაშინებას ისახავს მიზნად, რადგან ერევნიდან სტეფანაკერტში ჩაყვანილი ჩინური წარმოების WM-80 ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემის 273 მმ კალიბრის 505 კგ-იანი უმართავი რაკეტები 80 კმ-ზე მიფრინავს და თვითაღიარებული ყარაბაღიდან აზერბაიჯანის სტრატეგიული მნიშვნელობის არაერთ ობიექტამდე მიაღწევს.

სტეფანაკერტში გამოყვანილმა ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ოთხმა "სკადმა" მანამდე ერევნის ცენტრში "მოიწონა თავი", თუმცა საეჭვოა, მათი საბრძოლო მზადყოფნის დონე მაღალი იყოს.

აღსანიშნავია, რომ თვითაღიარებული ყარაბაღის არმია საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების საშტატო სტრუქტურითაა შექმნილი, რაც კარგად გამოჩნდა აღლუმზე - რომ არა ახალი კამუფლირებული სამხედრო ფორმები, მათ შეიარაღებასა და საბრძოლო ტექნიკას საბჭოურისგან ვერაფრით გაარჩევდით.

იმის გამო, რომ თვითაღიარებულ ყარაბაღში არ უშვებენ ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების შესახებ ხელშეკრულების ვერიფიკატორებს, უცნობია, იქ ზუსტად რა რაოდენობის მძიმე შეიარაღებაა თავმოყრილი. სავარაუდო მონაცემების თანახმად კი თვითაღიარებული ყარაბაღის არმიის განკარგულებაშია 177-დან 371-მდე T-72 ტიპის ტანკი, 256-დან 324-მდე ჯავშანტრანსპორტიორი და ქვეითთა საბრძოლო მანქანა, 300-მდე სხვადასხვა კალიბრის საარტილერიო სისტემა, აგრეთვე ორი მოერიშე - Су-25 და ხუთ-ხუთი საბრძოლო Ми -24 და სატრანსპორტო Ми -8.

თუკი ეს მონაცემები მეტ-ნაკლებად სწორია, გამოდის, რომ თვითაღიარებულ ყარაბაღს უფრო მეტი ტანკი, ქვეითთა საბრძოლო მანქანა და საატილერიო დანადგარი ჰქონია, ვიდრე სომხეთის რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს.

რეალურად ამ ორივე არმიას საერთო მეთაურობა ჰყავს და აზერბაიჯანის შეიარაღებულ ძალებთან საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემთხვევაში ისინი გაერთიანებული ძალით იომებენ.