სოჭის ოლიმპიადას მაინც "ააფეთქებენ", ოღონდ არა საქართველოდან... - კვირის პალიტრა

სოჭის ოლიმპიადას მაინც "ააფეთქებენ", ოღონდ არა საქართველოდან...

ოფიციალურ თბილისს ოკუპირებულ აფხაზეთში მოქმედი რუსული სპეცსამსახურები არაერთხელ დაუდანაშაულებია საქართველოს ტერიტორიაზე ტერაქტების მცდელობასა თუ მათ განხორციელებაში.

ამჯერად ეს ესტაფეტა თავად მოსკოვმა აიღო და თბილისს - არც მეტი და არც ნაკლები - სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის "ასაფეთქებლად" ტერორისტების ხელშეწყობაში დასდო ბრალი.

რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტის ოფიციალური განცხადების თანახმად, აფხაზეთში რუსულმა სპეცსამსახურებმა ადგილობრივებთან ერთად აღმოაჩინეს ათი საიდუმლო სამარხი, რომლებშიც ინახებოდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები, ნაღმსატყორცნები, ცეცხლსატყორცნები, 29 ყუმბარსატყორცნი, 15 ნაღმი,M 12 თვითნაკეთი ბომბი, 15 კგ ტროტილი, ორი ავტომატი, ერთი სნაიპერული შაშხანა, ხელყუმბარები, ტყვია-წამალი და ტოპოგრაფიული რუკები.

სპეცსამსახურებმა ასევე დააკავეს ვაჰაბიტების აფხაზური ფილიალის სამი ლიდერი და ცნობილ ჩეჩენ საველე მეთაურს, დოკუ უმაროვს, ბრალი დასდეს სოჭში ტერაქტების მომზადების ხელმძღვანელობაში.

კრემლის განცხადებით, დოკუ უმაროვის მებრძოლებს ზემოთ ჩამოთვლილი იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობები აფხაზეთიდან სოჭში უნდა გადაეზიდათ და იქ ოლიმპიადამდე ტერაქტების სერია განეხორციელებინათ. მოსკოვის მტკიცებით, დოკუ უმაროვის ხალხს ამ საქმეში საქართველოს სპეცსამსახურები უნდა დახმარებოდნენ.

ოფიციალურმა თბილისმა, რა თქმა უნდა, მაშინვე უარყო მოსკოვის ეს სერიოზული ბრალდებები, მით უმეტეს, რომ რუსულ მხარეს "ქართული კვალის" დამადასტურებელი რაიმე სერიოზული დოკუმენტი ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია.

ამასთან, თუ გავიხსენებთ, როგორ ტერორისტულ აქტებს უწყობდნენ ე.წ. პრეზიდენტ ანქვაბს თავისი  თანამემამულეები და რა ტიპის შეიარაღებას იყენებდნენ, სულაც არ არის გამორიცხული, ეს იარაღიც "შიდა" მოხმარებისთვის, ანუ ისევ ანქვაბის წინააღმდეგ გამოეყენებინათ.

ასეა თუ ისე, თუკი მოსკოვმა სოჭის ოლიმპიადის წინააღმდეგ ქართული სპეცსამსახურების ღია თუ ფარული მოქმედების დამადასტურებელი სერიოზული და უტყუარი დოკუმენტები ვერ გამოაქვეყნა, ეს მორიგ ცრუ ბრალდებად დარჩება.

რაც შეეხება მოახლოებულ სოჭის ოლიმპიადას, მან ერთხელ უკვე შეასრულა თავისი უარყოფითი როლი საქართველოს ისტორიაში -  NATO-სკენ სწრაფვისა და კოსოვოს საკითხის გარდა, ეს თემაც იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც კრემლმა 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია განახორციელა, კერძოდ, რუსეთს სურდა, ოლიმპიადის წინ კოდორის ხეობა ქართველებისგან გაეთავისუფლებინა და სოჭის "ზურგის" უსაფრთხოება უზრუნველეყო.

ამასთან, სოჭის ოლიამპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობა ოკუპირებული აფხაზეთიდან საშენი მასალების გაზიდვით ფინანსურად უფრო მომგებიანი იყო. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადლერის აეროპორტის გეოგრაფიული მდებარეობა (სადაც თვითმფრინავების დაჯდომა-აფრენა მხოლოდ ერთი, ზღვის მხრიდან არის შესაძლებელი) ცუდ მეტეოროლოგიურ პირობებში სახიფათოს ხდის მის ფუნქციონირებას. ზამთარში ამ რეგიონში ხშირად არის ცუდი ამინდი, რამაც შეიძლება ოლიმპიადის მონაწილეების ადლერში ჩაფრენა შეაფერხოს, ამიტომ რუსეთის ხელისუფლებისთვის აუცილებელი იყო უახლოესი - სოხუმის აეროპორტის გამოყენებაც, მით უმეტეს, რომ ბაბუშერას ბეტონირებულ ასაფრენ-დასაფრენ ზოლს ყველაზე მძიმე თვითმფრინავების მიღებაც კი შეუძლია (რაც ჩვენს წინააღმდეგ გამოიყენეს კიდეც 2008 წლის აგვისტოში, როდესაც ბაბუშერაში ერთმანეთის მიყოლებით სხდებოდნენ რუსული მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, რომლებმაც რუსეთიდან აფხაზეთში საჰაერო-სადესანტო ჯარების დანაყოფები გადმოისროლეს).

საქართველო-რუსეთის საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთიდან ადლერის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენ ბილიკამდე 5-6 კმ-ია, რაც სრულიად საკმარისია, რომ იგი საზღვარზე გადაუსვლელად, ჩვეულებრივი ნაღმსატყორცნიდან დაიბომბოს. ეს რუსეთის სპეცსამსახურებმაც იციან და ამიტომაც ნერვიულობენ, რომ ადლერის აეროპორტში ერთმა-ორმა აფეთქებამ სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადა არ ჩაშალოს.

თუმცა სოჭის ოლიმპიადის ჩაშლა და ამით რუსეთის საერთაშორისო იმიჯის სერიოზულად შელახვა ისეთი "მსუყე ლუკმაა" დოკუ უმაროვისა და მისი მებრძოლებისთვის, რომ საქართველოს სპეცსამსახურების დახმარება-არდახმარების გარეშეც ის ამაზე უარს არ იტყვის.

თუკი ოლიმპიადამდე რუსულმა სპეცსამსახურებმა თავიდან არ მოიშორეს დოკუ უმაროვი, იგი ყველაფერს იღონებს, რომ პრეზიდენტ პუტინს ოლიმპიადა ჩაუშალოს და რუსეთის იმიჯი შელახოს. ამისათვის მას უამრავი ხერხი აქვს არსენალში და სრულიადაც არ არის საჭირო ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე სამარხების შექმნა, რადგან სოჭში მოხვედრა ჩრდილო კავკასიიდან და განსაკუთრებით ყარაჩაი-ჩერქეზეთიდან უფრო ადვილია.

დოკუ უმაროვისა და ვლადიმირ პუტინის "ორთაბრძოლა" სოჭის ოლიმპიადის "აფეთქება-გადარჩენაში" ისევ რუსეთის პრობლემად დარჩებოდა, რომ არა კიდევ ერთი საშიშროება. შეიძლება კრემლმა სცადოს და სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების თემა კვლავ გამოიყენოს საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო-პოლიტიკური მოქმედებების განსახორციელებლად.

თუკი 2008 წლის აგვისტოში ამას "ცხინვალის რეგიონში რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფა" ერქვა, ამჯერად შეიძლება "საერთაშორისო ანტიტერორისტულ ოპერაციად" მოინათლოს,

ასე რომ, სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე, ალბათ, ბევრი უსიამოვნო მოულოდნელობა გველოდება.

რატომ ემთხვევა ოლიმპიადები საქართველოში ომების დაწყებას?!

ჩვენს მკითხველს დამთხვევათა ერთი შეხედვით უცნაურ ჯაჭვს შევახსენებთ: 1992 წლის 14 აგვისტოს, როდესაც აფხაზეთის ომი დაიწყო, ესპანეთში, ბარსელონაში 25-ე საზაფხულო ოლიმპიადა მიმდინარეობდა; 1998 წელს, გალის მოვლენების შემდეგ, იაპონიის ქალაქ ნაგანოში მე-18 ზამთრის ოლიმპიური თამაშები დაიწყო; 2004 წლის 13 აგვისტოს, როდესაც "ვარდების რევოლუციით" მოსული ხელისუფლება ცხინვალთან ომში აღმოჩნდა ჩათრეული, საბერძნეთში, ათენში 28-ე საზაფხულო ოლიმპიადა გაიხსნა; დაბოლოს, 2008 წლის 8 აგვისტოს ერთდროულად დაიწყო საქართველო-რუსეთის ომი ცხინვალთან და 29-ე საზაფხულო ოლიმპიური თამაშები პეკინში... სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადამდე ჯერ კიდევ ორი წელია, მაგრამ წელს, 27 ივლისს, ლონდონში 30-ე საზაფხულო ოლიმპიადა იხსნება. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს საშინელი ტრადიცია არ გაგრძელდება და მორიგი ოლიმპიადის გახსნა, საქართველოში ახალი ომის დასაწყისს არ დაემთხვევა.