"ჭკვიანური თავდაცვა" - კვირის პალიტრა

"ჭკვიანური თავდაცვა"

NATO საკუთარი ფინანსური პრობლემების გადაწყვეტას იწყებს...

ჩიკაგოში გამართულ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგ სამიტზე საქართველო სამივე დაგეგმილ შეხვედრაში მონაწილეობდა.

პირველ შეხვედრაზე, რომელიც ალიანსის 28 წევრმა 13 "ძირითად პარტნიორთან" გამართა, საქართველო ერთადერთი ქვეყანა იყო აღმოსავლეთ ევროპის რეგიონიდან. მეორე შეხვედრა - 28+4 ფორმატით - ალიანსის მომავალი წევრების - 4 ასპირანტი ქვეყნის (საქართველო, მონტენეგრო, მაკედონია და ბოსნია და ჰერცეგოვინა) წარმომადგენლებთან გაიმართა. 28+ISAF-ის ფორმატით ჩატარდა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილე ქვეყნების სხდომა, რომელსაც ასევე ესწრებოდა საქართველოს წარმომადგენელი.

ჩიკაგოს სამიტის სამივე შეხვედრაზე საქართველოს მონაწილეობა უდავოდ დიდი მიღწევაა, თუმცა სამწუხაროდ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ქვეყანა უახლოეს მომავალში NATO-ს სრულუფლებიანი წევრი გახდება.

NATO-ში გაწევრების პროცესში, გარდა რუსული ფაქტორისა (ალიანსის წევრი ევროპის სახელმწიფოების არცთუ ისე მცირე ნაწილი ანგარიშს უწევს რუსეთს და არ სურს, საქართველო თავიანთ რიგებში იხილოს), გაჩნდა ახალი დაბრკოლება - ალიანსს ფინანსური პრობლემები აქვს.

სამიტზე ალიანსის ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ "ჭკვიანური თავდაცვის" სტრატეგიაზე გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსები ეკონომიურად უნდა დაიხარჯოს და წევრ ქვეყნებს სრულყოფილი არმიების ყოლა აღარ შეეძლებათ.

ბევრისთვის შეიძლება წარმოუდგენელი იყოს, მაგრამ ფინანსური კრიზისის გამო ალიანსის წევრმა ჰოლანდიამ ყველა ტანკი მოიშორა, დიდი ბრიტანეთი იძულებული გახდა, მოიერიშე ავიაციაზე უარი ეთქვა, გერმანია ვეღარ ყიდულობს უპილოტო თვითმფრინავებს...

"ჭკვიანური თავდაცვის" კონცეფცია ითვალისწინებს, რომ ალიანსის თითოეულმა წევრმა ქვეყანამ სამხედრო სფეროს იმ მიმართულების გაძლიერება დაიწყოს, რომელში წარმატებებს აქამდეც აღწევდა, მაგალითად, ჩეხეთის შეიარაღებული ძალები აქცენტს რადიაციული, ბიოლოგიური და ქიმიური იარაღისგან დაცვაზე გააკეთებენ, რადგან ჩეხოსლოვაკიის არმია ჯერ კიდევ ვარშავის პაქტში გამოირჩეოდა მასობრივი განადგურების იარაღისგან დამცავი დანაყოფების მომზადების დონით.

რადგან NATO-ს სერიოზული ფინანსური პრობლემები აქვს და ცდილობს, ყველაფერზე ეკონომია გასწიოს (ზოგჯერ საბრძოლო მზადყოფნის შემცირების ხარჯზეც კი), ცხადია, გაფართოებასა და ახალი წევრების მიღებას არ იჩქარებს...