გამოიყვანენ თუ არა აღლუმზე ქართულ ტანკს? - კვირის პალიტრა

გამოიყვანენ თუ არა აღლუმზე ქართულ ტანკს?

ქუთაისში აღლუმზე, სავარაუდოდ, მუხლუხებიანი ჯავშანტექნიკაც ჩაივლის, მათ შორის "ლაზიკები" და შეიძლება საქართველოში აწყობილი პირველი ტანკებიც...

12 მარტის "კვირის პალიტრაში" ვწერდით, რომ "დიდგორის", "ლაზიკასა" და "გრად-კრაზის" შემდეგ ხელისუფლება უპილოტო თვითმფრინავისა და ტანკის პრეზენტაციას აპირებდა.

აპრილის შუა რიცხვებში მართლაც მოეწყო უპილოტო საფრენი აპარატის საჩვენებელი გაფრენა, თუმცა მას შემდეგ თვეზე მეტი გავიდა და ტანკზე ჯერჯერობით არაფერი ისმის.

სავარაუდოდ, საქართველოში აწყობილი რამდენიმე ტანკი 26 მაისის აღლუმისთვის შემოინახეს და საზოგადოება მათ ქუთაისში პირველად იხილავს.

ფრაზა - "საქართველოში აწყობილი ტანკი" - შემთხვევით არ გვითქვამს. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანას არ შეუძლია ტანკის ძრავების, ტრანსმისიის, ქვემეხის, ცეცხლის მართვის, დამიზნების სისტემებისა და სატანკო ჯავშნის წარმოება, ამიტომ ბუნებრივია, პირველი ქართული ტანკი, ისევე, როგორც "დიდგორი", "ლაზიკა", "გრად-კრაზი" თუ უპილოტო საფრენი აპარატები, სხვადასხვა ქვეყანაში დამზადებული დეტალებით, ხელსაწყოებითა და კონსტრუქციებით აიწყო თბილისის საავიაციო და ტანკსარემონტო ქარხნებში და მათ საქართველოში შექმნილს ვერ უწოდებ. თუმცა ამაში არაფერია სამარცხვინო, რადგან მსოფლიოს არაერთი ქვეყანა აწყობს ანალოგიური პრინციპით  საბრძოლო ტექნიკისა და შეიარაღების ნიმუშებს როგორც შიდა მოხმარებისთვის, ისე - საექსპორტოდ.

პრეზენტაციამდე ძნელია იმის თქმა, როგორი იქნება ქართული ტანკი, თუმცა, ალბათ, Т-72 ტიპის საბჭოთა წარმოების ტანკის მოდერნიზებულ ვარიანტს უნდა ველოდოთ - სწორედ ასეთი ტანკებია დღეს ქართული არმიის შეიარაღებაში.

"ლაზიკას" შემთხვევაშიც ასეთი მეთოდი გამოიყენეს - საბჭოთა წარმოების ქვეითთა საბრძოლო მანქანა - БМП-ის სავალი ნაწილისა და ძრავას ბაზაზე ახალი ჯავშანკორპუსი დაიდგა და შეიარაღების კომპლექსი (სხვათა შორის, უფრო სუსტი საბრძოლო შესაძლებლობებისა, ვიდრე БМП-2-ზე აყენია) კორპუსის გარეთ იქნა გამოტანილი.

ქართულ ტანკზეც, სავარაუდოდ, მოძველებული Т-72-ის ბაზაზე დამონტაჟდა ახალი ჯავშანკოშკურა, რაც ტანკს იერსახეს მნიშვნელოვნად შეუცვლიდა.

ტანკის ჯავშნიანი კოშკურის დამზადება ძალიან რთულია და საქართველოში დღეს ეს შეუძლებელია.

არ არის გამორიცხული, ახალი კოშკურა და სხვა დეტალები (მათ შორის - დამატებითი ჯავშნის ელემენტები, რადიოელექტრონული აპარატურა და სხვ.) სხვა რომელიმე მეგობარი ქვეყნიდან, დავუშვათ, უკრაინიდან იყოს ჩამოტანილი.

უკრაინა ერთ-ერთია მსოფლიოს იმ 11 ქვეყანას შორის, რომლებსაც დამოუკიდებლად შეუძლიათ საბრძოლო ტანკების კონსტრუირება და სერიული წარმოება.

საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში ხარკოვის სატანკო ქარხანა დიზელისძრავიან Т-80УД  ტიპის ძირითად საბრძოლო ტანკებს აწარმოებდა, რომლებიც აირტურბინიანი Т-80У-ის მოდერნიზებულ ვარიანტს წარმოადგენდა.

დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ უკრაინამ შეძლო, გაეგრძელებინა ტანკების წარმოება (რაც ყოველთვის იწვევდა მოსკოვის დიდ უკმაყოფილებას) და 2000 წელს Т-80У-ის ბაზაზე პირველი ათი უკრაინული ტანკი Т-84 დაამზადა. მოგვიანებით, 2009-2010 წლებში, ხარკოველმა კონსტრუქტორებმა შექმნეს მისი მოდერნიზებული ვარიანტი Т-84 Оплот-М-ი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება რუსულ Т-90С-სა თუ გერმანულ - Leopard-2A6-ს. 2009 წლის შემოდგომაზე უკრაინელმა დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ხარკოვის ქარხანამ საქართველოს 12 ცალი "ოპლოტის" ტიპის ტანკი მიჰყიდა. მოგვიანებით ეს ინფორმაცია SIPRI-ის (სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევითი ინსტიტუტი) ოფიციალურ ვებგვერდზეც გავრცელდა.

ჩვენ შეგვიძლია, მხოლოდ ვივარაუდოთ, რომ ჯერჯერობით საიდუმლოებით მოცული პირველი ქართული ტანკი საბჭოთა Т-72-ისა და უკრაინული Т-84-ის ერთგვარ სიმბიოზს უნდა წარმოადგენდეს. შეესაბამება თუ არა ეს ვარაუდი სიმართლეს, 26 მაისს, ქუთაისში გაირკვევა, თუ რამე არ შეიცვალა და ხელისუფლებამ დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ აღლუმზე მისი გამოყვანა არ გადაიფიქრა.

26 მაისის აღლუმზე ქართული ტანკის გამოჩენის შემთხვევაში "კვირის პალიტრის" შემდეგ ნომერში მას აუცილებლად მივუძღვნით სტატიას, რომელშიც, ალბათ, ნაკლებად იქნება სიტყვა "სავარაუდოდ", მანამდე კი ამ თემით დაინტერესებულ მკითხველს შეუძლია, დამატებით ინფორმაციას აღლუმამდე ერთი დღით ადრე, 25 მაისს, სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის - "არსენალის" ახალ ნომერში გაეცნოს.