დაპირება NATO-დან, მუქარა - მოსკოვიდან... - კვირის პალიტრა

დაპირება NATO-დან, მუქარა - მოსკოვიდან...

გახდება თუ არა ჩიკაგოს სამიტის შედეგები საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის განახლების საფუძველი?

2008 წლის გაზაფხულზე ბუქარესტში NATO-ს სამიტზე გაკეთებული განცხადება, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი, აგვისტოს ომის დაწყების ერთ-ერთ ძირითად მიზეზად იქცა.

2012 წლის გაზაფხულზე ჩიკაგოში, ანალოგიურ სამიტზე NATO აცხადებს, რომ ზემოთ ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში რჩება და საქართველოს თავის დროზე მართლაც მიიღებენ ალიანსის რიგებში.

მიუხედავად იმისა, რომ ალიანსის ხელმძღვანელობამ კვლავ არ დააზუსტა მათ რიგებში საქართველოს გაწევრების მიახლოებითი თარიღიც კი, მოსკოვიდან მაინც წამოვიდა გაფრთხილებებისა და მუქარის ტალღა.

სავარაუდოდ, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც გახლდათ, რომ ჩიკაგოს სამიტზე მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა გააკეთა მინიშნება, რომ საქართველო შეიძლება ალიანსში მორიგ სამიტზე, 2014 წელს, მიიღონ დანარჩენ სამ "ასპირანტ" ქვეყანასთან ერთად.

საქართველოს შეყვანა "ასპირანტთა" ჯგუფში მაკედონიასთან, ბოსნია და ჰერცეგოვინასა და მონტენეგროსთან ერთად მართლაც წინ გადადგმული ნაბიჯია.

საქმე ის არის, რომ მხოლოდ საქართველოს ალიანსში არ მიიღებენ. ეს შეიძლება მოხდეს რეგიონულ ჯგუფთან ერთად, თუმცა სომხეთი და აზერბაიჯანი NATO-სკენ ასე არ მიისწრაფვიან და ამ ეტაპზე ეს ნაკლებად სავარაუდოა. უკრაინასთან ერთად საქართველოს ალიანსში გაწევრების პერსპექტივა აგვისტოს ომამდე საკმაოდ რეალური ჩანდა, მაგრამ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ეს შესაძლებლობაც გამოირიცხა. ამიტომაც უფრო სავარაუდოა ყოფილ იუგოსლავიის რესპუბლიკასთან ერთად NATO-ს ზღურბლის გადალახვა.

თუმცა შესაძლებელია თუ არა, რომ ეს ალიანსის მორიგ სამიტზე და მით უმეტეს - 2014 წელს მოხდეს (ჯერ ისიც არ არის ცნობილი, როდის და სად გაიმართება მორიგი სამიტი), ჯერჯერობით ძალიან ძნელი სათქმელია.

ალბათობა იმისა, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის მერე განვითარებული ტრაგიკული მოვლენების მსგავსი რაღაც ჩიკაგოს სამიტსაც მოჰყვეს, უკვე წელს, საკმაოდ დიდია.

NATO-ს ხელმძღვანელობამ ჩიკაგოს სამიტზე კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ალიანსი ყურადღებით დააკვირდება, როგორ ჩაივლის 2012 წლის საპარლამენტო და 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები საქართველოში და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას თავის რიგებში ჩვენი ქვეყნის მიღება-არმიღების შესახებ.

თუკი ამასობაში რუსეთის ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო მოქმედებებს განაახლებს, რისთვისაც კიდევ ერთხელ წამოაგებს პროვოკაციაზე ოფიციალურ თბილისს და ამით შემოდგომაზე დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს ჩაშლის, გამოვა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გზა დიდი ხნით უნდა დავივიწყოთ...