აღლუმი სიურპრიზების გარეშე - კვირის პალიტრა

აღლუმი სიურპრიზების გარეშე

აღლუმზე ახალი შეიარაღებაც გამოჩნდა, ოღონდ მთავარი სიურპრიზის - ქართული ტანკის გარეშე...

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი აღლუმი პირველად ჩატარდა ქუთაისში, თანაც შედარებით უფრო გაშლილ ადგილზე, ვიდრე რუსთაველის გამზირია და იქ მყოფთათვის მართლაც შთამბეჭდავი გახლდათ.

აღლუმის მთავარ სიურპრიზად შეიძლებოდა ქცეულიყო საქართველოში პირველად აწყობილი ტანკი, მაგრამ სიურპრიზი არ გამოვიდა, შეიძლება იმიტომაც, რომ ამ ტანკის ტექნიკური მდგომარეობა ჯერ ამის შესაძლებლობას არ იძლევა. ქართულ ტანკს ერთ-ერთი მითოლოგიური გმირის სახელი ჰქვია (თუმცა არ არის გამორიცხული, ბოლო წუთს სახელი ისევე შეუცვალონ, როგორც "ლაზიკას") და მის პრეზენტაციას ალბათ, მოგვიანებით გამართავენ, როცა ყველაფერი მზად იქნება.

აღლუმი თავდაცვის სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში ასახული თანამიმდევრობით წარიმართა, ოღონდ რატომღაც OCA-ს ტიპის მობილურ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებს აღლუმზე არ ჩაუვლიათ, მიუხედავად იმისა, რომ მათ რამდენიმე დღით ადრე, აღლუმის რეპეტიციაზე, გაიარეს.

აღლუმზე ქვეითთა მსვლელობას ნახევარი საათი დასჭირდა. აღლუმი მედროშეთა  კოლონამ გახსნა, რომელსაც კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის მსმენელები მიჰყვნენ.

ტრიბუნის წინ ჩაიარეს გაერთიანებული შტაბის სახმელეთო ჯარებისა და ავიაციის წარმომადგენლებმა, წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ოფიცრებმა.

ამის შემდეგ საზეიმო მსვლელობას შეუერთდნენ სახმელეთო ჯარების 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-5 ქვეითი ბრიგადების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტებული "კოლოფები" (48-კაციანი სამწყობრო ჯგუფები).

ბრიგადებს უკან ცალკეული ქვეითი ბატალიონის, ცალკეული სამთო-სადაზვერვო ბატალიონის, სპეციალური ოპერაციების ძალების, საარტილერიო ბრიგადების, საინჟინრო ბრიგადის, ეროვნული გვარდიისა და სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის "კოლოფები" მიჰყვებოდნენ.

მაყურებელს ქვეითებზე არანაკლებ სამხედრო ტექნიკის ნახვა ეწადა. საბრძოლო ტექნიკას წინ მოუძღოდა სამი ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ლაზიკა". მათ უკან მოჰყვებოდნენ სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით აღჭურვილი სამი სახის "დიდგორის" ტიპის ჯავშანმანქანები. აღლუმზე პირველად აჩვენეს "დიდგორი-3"-ად მონათლული სამხიდიანი ჯავშანმანქანა-პიკაპი, რომლის ღია ძარაზე ორი მეტყვიამფრქვევე იჯდა.

მართალია, ეს მანქანა "დიდგორი-3"-ად მოინათლა, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ 2010 წლის შემოდგომაზე ამ სახის ორი ჯავშანმანქანა იყო აწყობილი. ჩინური წარმოების სამხიდიანი სატვირთო ავტომობილების (სხვათა შორის, აღლუმზე ექვსმა ასეთმა ჩინურმა სატვირთომაც ჩაიარა, რომლებსაც  ექვსი 120 მმ-იანი ნაღმსატყორცნი ჰქონდათ ჩაბმული) ძარაზე ორი წლის წინ ტანკსარემონტო და საავიაციო ქარხნებმა თავ-თავიანთი დაჯავშნილი ვარიანტები შექმნეს. მოგვიანებით თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობამ ჯავშანმანქანის ძარად "ფორდის" პიკაპი აირჩია და ერთი წლის წინ ასე გამოჩნდა აღლუმზე "დიდგორის" ორი ვარიანტი. როგორც ჩანს, ჩინური სატვირთოს ბაზაზე აწყობილი ჯავშანმანქანებიც არ დაივიწყეს და წლევანდელ აღლუმზე გამოიყვანეს, როგორც ამერიკული MRAP-ების ქართული ვარიანტი. MღAP-ი იშიფრება, როგორც "დაცული აფეთქებებისაგან და ჩასაფრებებიდან თავდასხმისგან" და ძალზე საეჭვოა, რომ "დიდგორი-3"-ის დაცულობის ხარისხი ამერიკული "კუგუარისას" გაუტოლდეს.

"დიდგორებს" კუდში სამი ზალპური ცეცხლის "გრად-კრაზი" მიჰყვებოდა, ხოლო მათ კი პიკაპებზე შემომდგარი უპილოტო თვითმფრინავები.

უპილოტოების მანქანებით ჩატარება ახალი არ არის. ასე იყო გასული წლის აღლუმებზე აზერბაიჯანსა და სომხეთშიც.

ტრადიციულად, აღლუმზე გამოჩნდა სატვირთო კრაზებზე ჩაბმული სამ-სამი 152 მმ-ანი ბუქსირებადი ჰაუბიცა МСТА-Б და ქვემეხი Гиацинт-Б. ისინი აღლუმების "უხუცესებად" შეიძლება ჩაითვალოს. ეს ტექნიკა ქართულ არმიაში ჯერ კიდევ 16 წლის წინ გამოჩნდა, როდესაც რუსეთის თავდაცვის მინისტრმა  გრაჩოვმა თავის ქართველ კოლეგას, ვარდიკო ნადიბაიძეს გადასცა.

ჯავშანმანქანებიდან აღლუმზე ჩაიარეს ამერიკულმა "ჰამვებმა", თურქულმა "კობრებმა" და ისრაელის "ვულფებმა". გასული წლის აღლუმისგან განსხვავებით, "ვულფებს" მეტყვიამფრქვევეებისთვის შეჯავშნული კოშკურები ეყენა. სხვათა შორის, "დიდგორის" სახურავებზეც ახალი, დისტანციურად მართვადი საიარაღო მოდულები (12,7 და 7,62 მმ ტყვიამფრქვევები) იყო დამონტაჟებული.

აღლუმზე 13 ცალი ჯავშანტრანსპორტიორ "ეჯდენის" გამოჩენაც არ იყო სიახლე, რადგან ის წინა წლების აღლუმებზეც გვინახავს. ისე, ეს თურქული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორი ოფიციალურად დღეისათვის მხოლოდ ქართული არმიის შეიარაღებაშია.

ბოლოს და ბოლოს, საქართველოს ხელისუფლებამ გაბედა და სახალხოდ აჩვენა "სპაიდერის" ტიპის სამი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი - ისრაელისგან ნაყიდი ეს საზენიტო საშუალება ეფექტურად იქნა გამოყენებული აგვისტოს ომის დროს, თუმცა დღემდე თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებაში მის ქონას ოფიციალურად არ აღიარებდა.

ჩეხოსლოვაკიური წარმოების თვითმავალი საარტილერიო დანადგარები "დანა", ისევე, როგორც ზალპური ცეცხლის RM-70-ები და ისრაელისგან ნაყიდი Lar-160-ები, უკვე კარგადაა ნაცნობი მათთვის, ვინც აღლუმებს თვალს ადევნებს.

სამაგიეროდ, წლევანდელ აღლუმზე 122 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცების - 2C1 Гвоздика-ის ერთგვარი პრეზენტაცია შედგა, თუმცა "კვირის პალიტრამ" თავის მკითხველს კარგა ხნის წინ აცნობა ქართული არმიის შეიარაღებაში მათი გამოჩენის შესახებ.

12 ცალი Т-72 ტიპის ტანკის გამოჩენაში სიახლე მხოლოდ ის იყო, რომ 2004 წლის აღლუმის შემდეგ მათ საზეიმო ტრიბუნის წინ აღარ ჩაუვლიათ, ისევე, როგორც სხვა მუხლუხებიან საბრძოლო ტექნიკას. 26 მაისს აღლუმზე ჩავლილი მუხლუხებიანი თ-72-ები, "გვოზდიკები" და "ლაზიკები" კარგ დღეს არ დააყრიდნენ ქუთაისის ქუჩებში ახალდაგებულ ასფალტს.

ტანკების ჩავლის შემდეგ აღლუმმა, ცოტა დაგვიანებით, ცაში გადაინაცვლა. ახალი პარლამენტის შენობას ერთმანეთის მიყოლებით ოთხ-ოთხმა UH-1H "იროკეზის" Ми-8 და МИ-24 ტიპის შვეულმფრენმა გადაუფრინა, რომლებსაც უკან ოთხი სასწავლო-საბრძოლო L-39 "ალბატროსი" და ექვსი Су-25 ტიპის მოიერიშე მიჰყვა.

იხილეთ ვიდეო: სამხედრო აღლუმი ქუთაისში