პანკისი - მუდმივი რუსული სამიზნე - კვირის პალიტრა

პანკისი - მუდმივი რუსული სამიზნე

დღეს პანკისის ხეობაში ბევრად უხიფათოა ცხოვრება, ვიდრე კონფლიქტის ზონების მიმდებარე ქართულ სოფლებში...

17 წლის განმავლობაში, რაც ომებსა და შეიარაღებული კონფლიქტის ზონებზე ვწერთ, ერთი რამ შევამჩნიე, - როგორც კი უახლოვდები ასეთ რაიონებს, გზაზე კამუფლირებული ფორმიანებისა და ჯავშანტექნიკის რაოდენობა თანდათან იმატებს.

ეს ატრიბუტიკა დამახასიათებელი იყო 2000-2002 წლების პანკისის ხეობისთვის, მაგრამ გასულ კვირას, მიუხედავად დიდი მცდელობისა, დღევანდელ პანკისის ხეობაში ამის მაგვარიც კი ვერაფერი აღმოვაჩინე.

8 წლის წინ, მშენებარე ხადორჰესისკენ ტაქსით მიმავალთ, გვერდით უნომრო "უაზი" ამოგვიდგა, საიდანაც წვეროსანმა ავტომატიანებმა (რომლებიც ნამდვილად არ იყვნენ ქართველები) ყურადღებით შეგვათვალიერეს.

დღეს, საბედნიეროდ, მსგავსი არაფერი ხდება პანკისის ხეობაში. დუისში, ბირკიანსა თუ ომალოში ისე მიხვალ, რომ დატყვევების შიში არ გექნება.

მთლიანად იმის გამორიცხვა, რომ ხეობაში 8-9 წლის წინ ჩეჩნეთში, რუს ფედერალებთან ნაბრძოლი რამდენიმე კაცი მაინც არ ცხოვრობდეს, შეუძლებელია, მაგრამ ეს სულ სხვაა, ვიდრე პანკისში "ალ-ქაიდას" მოსამზადებელი ცენტრის არსებობა, რასაც კრემლი გვაბრალებს.

რუსეთის სპეცსამსახურებმა ათი წელია, ვერ დაამთავრეს "ანტიტერორისტული" ოპერაცია ჩეჩნეთში, პირიქით, დაღესტანსა და ინგუშეთში პარტიზანული ომიც გაჩაღდა. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური, თავის გასამართლებლად, ხელმოცარვას ქართულ სპეცსამსახურებს და პანკისის ხეობას აბრალებს.

პანკისიდან რუსეთის საზღვრამდე ბილიკებით 45 კმ-მდეა. მისი ფეხით გავლა რთულია, მაგრამ შესაძლებელი; თუმცა რამდენიმე კვირაში საცალფეხო გადასასვლელებს ჩრდილო კავკასიაში თოვლი ჩაკეტავს და რუსული ბრალდებები არა მარტო აზრს, არამედ აქტუალობასაც დაკარგავს.

გაზაფხულიდან კი ხელახლა არის მოსალოდნელი რუსული ბრალდებების შემოტევა, რასაც დაგეგმილი პროვოკაციები შეიძლება მოჰყვეს.

ერთ-ერთი პროვოკაცია შეიძლება ამგვარი იყოს: პანკისის ხეობაში რუსეთის სპეცსამსახურები მართლაც გზავნიან მცირერიცხოვან შეიარაღებულ ჯგუფს, რომელიც თავს სპეციალურად ამჟღავნებს. ხდება ამ ფაქტის გაპიარება რუსული (და შეიძლება ქართული) მასმედიის საშუალებით. ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება აცხადებს წერტილოვანი ანტიტერორისტული ოპერაციის განხორციელების აუცილებლობის შესახებ.

დასავლეთის მიერ კოსოვოს აღიარებამ ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ოკუპაცია მოგვიტანა, ერაყსა და ავღანეთში აშშ-ის ანტიტერორისტული ოპერაციების სანაცვლოდ მოსკოვმა შეიძლება პანკისის ბანქოს გათამაშება მოინდომოს...

P.S. საზოგადოების ნაწილი, განსაკუთრებით კი ზოგიერთი პოლიტიკური პარტია, ფიქრობს, რომ პანკისის ხეობის თემის წამოწევა ისევ საქართველოს ხელისუფლებას აძლევს ხელს მოსახლეობის ყურადღების გადასატანად...

თუმცა რუსული ბრალდებები ნამდვილად არსებობს და საეჭვოა, რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორს ოფიციალური თბილისი აკონტროლებდეს და ათქმევინებდეს რამეს.

უბრალოდ, ისე ნუ ვიზამთ, რომ ორ დაკარგულ ხეობას - კოდორისას და დიდი ლიახვისას, მესამე - პანკისიც მივაყოლოთ...