იზრდება რუსული შენაერთების რაოდენობა და არა - რუსი სამხედროების რიცხვი - კვირის პალიტრა

იზრდება რუსული შენაერთების რაოდენობა და არა - რუსი სამხედროების რიცხვი

მიმდინარეობს საქართველოს პირველი მტრის - რუსული 58-ე არმიის რეფორმირება, რა იქნება მისი დამთავრების შემდეგ?

რუსულ მასმედიაში გამოჩნდა ინფორმაციები ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის - СКВО-ს 58-ე საერთო საჯარისო არმიის რეფორმირების დაწყების შესახებ.

ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან რუსეთის არმიამ აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო შიდასტრუქტურული ცვლილება და ოთხკომპონენტიანი სტრუქტურიდან (არმია-დივიზია-პოლკი-ბატალიონი) გადადის სამკომპონენტიანზე (არმია-ბრიგადა-ბატალიონი). ბუნებრივია, ცვლილებები იმ 58-ე არმიასაც შეეხო, რომელიც დამოკლეს მახვილივითაა დაკიდებული საქართველოს თავზე, რაც, სამწუხაროდ, ცხადად გამოჩნდა 2008 წლის აგვისტოში.

2009 წლის დასაწყისში 58-ე არმიის პირადი შემადგენლობა 28968 კაცს შეადგენდა. მის შეიარაღებაში იყო 251 ტანკი, 706 საბრძოლო ჯავშანმანქანა და 100 მმ-ზე მსხვილი კალიბრის 339 საარტილერიო დანადგარი.

58-ე არმიაში სტრუქტურულად შედიოდა მე-19 მოტომსროლელი დივიზია და ცალკეული საბრძოლო შენაერთები. ახალი ინფორმაციის თანახმად, ვლადიკავკაზში, 58-ე არმიის ბაზაში, მთავრდება ოპერატიული მეთაურობის ფორმირება. დაგეგმილია, რომ ჩრდილო კავკასიაში ორი დივიზიის საფუძველზე შეიქმნება 7 მოტომსროლელი და ერთი სატანკო ბრიგადა.

სწორედ ამ ინფორმაციამ გამოიწვია საქართველოს მასმედიაში დიდი აჟიოტაჟი, რადგან, მათი განცხადებით, ჩრდილო კავკასიაში რუსეთი თავის ძალებს ოთხჯერ ზრდის.

ეს რომ ასე იყოს, ნამდვილად საგანგაშო იქნებოდა, თუმცა ჩვენმა ჟურნალისტებმა ცოტა არასწორად თარგმნეს რუსი კოლეგების ნათქვამი - მართლაც ზრდა ოთხჯერადია, ოღონდ არა ჯარების პირადი შემადგენლობის რაოდენობის, არამედ სამხედრო შენაერთებისა.

ჩრდილო კავკასიაში 58-ე არმიის მე-19 მოტომსროლელი დივიზიის გარდა ჩეჩნეთში, ხანკალაში იდგა 42-ე მოტომსროლელი დივიზია, რომელიც 58-ე არმიას კი არა, პირდაპირ ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქს - СКВО-ს ემორჩილებოდა. ჩანს, სწორედ 58-ე არმიის მე-19 და СКВО-ს პირდაპირ დაქვემდებარებული 42-ე მოტომსროლელი დივიზიების ბაზაზე შეიქმნება 7 მოტომსროლელი და 1 სატანკო ბრიგადა. ახალი რუსული მოტომსროლელი ბრიგადების პირადი შემადგენლობა 3700 კაცს აღწევს. 7 მოტომსროლელ და ერთ სატანკო ბრიგადაში საერთო ჯამში 28 ათასამდე სამხედრო იმსახურებს.

დღეს მე-19 მოტომსროლელ დივიზიაში 12872 სამხედრო, ხოლო 42-ე დივიზიაში - 15887 კაცი მსახურობს, ანუ მათი ჯამიც 28 ათასს აღწევს.

გამოდის, რომ ამ მხრივ საგანგაშო ნაკლებადაა, რუსეთი ჩრდილო კავკასიაში, საქართველოს საზღვრებთან, ახალ სტრუქტურაზე გადასვლის გამო, ზრდის არა პირადი შემადგენლობის, არამედ საბრძოლო შენაერთების რაოდენობას. თუმცა უსათუოდ გასათვალისწინებელია, რომ ბრიგადის სტრუქტურით უფრო ადვილია მთაგორიან რელიეფზე ბრძოლა (ამაში ჩეჩნეთის ომებმაც დაარწმუნა მოსკოვი), ვიდრე დივიზიის შემადგენლობით.

ამასთან, რუსეთის გენშტაბი ხვეწს საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფებით ბრძოლის ხერხებს, რაც პირველად აგვისტოს ომში მეტ-ნაკლები წარმატებით გამოიყენეს.