რა დავუპირისპიროთ თანამედროვე ლეკიანობას?! - კვირის პალიტრა

რა დავუპირისპიროთ თანამედროვე ლეკიანობას?!

ოკუპირებული ტერიტორიების სიახლოვიდან ქართველების გატაცებით, გასამართლებითა და 1000 რუბლად გამოშვებით სეპარატისტები დე იურე ხელისუფლებასაც იმტკიცებენ...

ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე ქართული სოფლებიდან, მინდვრებიდან თუ ტყეებიდან ქართველი მოსახლეობის გატაცება გახშირდა და როგორც ჩანს, არც მომავალში შეწყდება.

ამ მხრივ სიტუაცია უფრო სახიფათოა ცხინვალისა და ახალგორის დაპყრობილი რაიონების მიმდებარე სოფლების ქართველი მოსახლეობისთვის, ვიდრე ოკუპირებულ აფხაზეთში, რადგან გალის რაიონს ბუნებრივად გამოყოფს მდ. ენგური.

ზემო ნიქოზთან, ერგნეთთან თუ ახალგორის რაიონთან ასეთი ბუნებრივი გამყოფი ხაზი არ არსებობს. ოს სეპარატისტებს და რუს ოკუპანტებს საბჭოთა დროინდელი "სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის" ადმინისტრაციული საზღვრის სახელმწიფო საზღვრად გადაქცევა სურთ და ყველას აკავებენ, ვინც ამ "საზღვრის" ახლოს აღმოჩნდება. მაგრამ საიდან უნდა იცოდეს ქართველმა გლეხმა, სად გადის ეს "საზღვარი", როდესაც ათწლეულების განმავლობაში იმ ადგილებში მინდორში ძროხებს აძოვებს, ან ტყეში საზამთროდ შეშას იმარაგებს?!

ასეთი "საზღვრის" ოფიციალურად დაფიქსირება, გასაგებია, რომ არც საქართველოს სახელმწიფო ინტერესებში შედის, ამიტომაც იქ ქართველ მესაზღვრეებს ვერ დავაყენებთ.

გასაგები მიზეზის გამო კონფლიქტის ზონის საზღვრებთან ვერც თავდაცვის სამინისტროს რეგულარულ სამხედრო დანაყოფებს გავგზავნით, რადგან ამას მაშინვე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ სარკოზი-მედვედევის შეთანხმების დარღვევად ჩაგვითვლიან.

ასე რომ, მთელი იმედი შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტზე, მის სპეცრაზმებსა და ადგილობრივ პოლიციაზეა დამყარებული, თუმცა, ბუნებრივია, არც პოლიციას შეუძლია ყველა ბილიკის გაკონტროლება.

თანამედროვე ლეკიანობით კი ოსი სეპარატისტები, გარდა იმისა, რომ შიშს სთესავენ დაპყრობილი ტერიტორიების მოსაზღვრე ქართულ სოფლებში, პარალელურად აძლიერებენ თავის არა მარტო დე ფაქტო, არამედ "დე იურე" ხელისუფლებასაც.

გატაცებული ქართველები ე.წ. ოსურმა სასამართლომ მხოლოდ 1000-1000 რუბლის გადახდის შემდეგ გაათავისუფლა. ერთი შეხედვით 1000 რუბლი იმდენი არაფერია, რომ სეპარატისტთა ბიუჯეტი გააძლიეროს, თუმცა აქ მთავარი სხვაა - შენს, საქართველოს მოქალაქეს ასამართლებს ის დე ფაქტო ხელისუფლება, რომელსაც არ ცნობ, მაგრამ იძულებული ხარ, დაეთანხმო მის დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებას, ჯარიმაც გადაუხადო (თანაც საოკუპაციო ქვეყნის ფულის ნიშნებით) და ისე გამოიხსნა ტყვეობიდან შენი მოქალაქეები, რაც, საერთო ჯამში, გაიძულებს, "აღიარო" სეპარატისტების რეჟიმის "დე იურე"...

რა შეიძლება იყოს გამოსავალი?

ალბათ იმავე მეთოდებით ბრძოლა სეპარატისტებთან, - ტყეში შეშის საჩეხად თუ მინდორში ნახირის სამწყემსავად გასულებს მცველებად შსს-ს შეიარაღებული წარმომადგენლებიც უნდა ახლდნენ, რომ არ დაუშვან ქართველების მორიგი ჯგუფური გატაცებები. რა თქმა უნდა, ძალიან ძნელია, თითოეულმა სოფლელმა შეატყობინოს პოლიციას, თუ რის გაკეთებას აპირებს ხვალ და ყველა მათგანს ავტომატიანი პოლიციელი მიუჩინონ, მაგრამ ის კი შესაძლებელია, რომ ჯგუფურად ტყეში ან მინდორში გასულებს შენიღბულად სპეცრაზმის წევრები იცავდნენ.

როდესაც მომხდური დაინახავს, რომ თვითონაც შეიძლება გახდეს სხვისი ავტომატის სამიზნე, იმედია, რაღაც-რაღაცებს ვეღარ გაბედავს...

თანამედროვე ლეკიანობის ამ გზით შეჩერებას ერთი სერიოზული საფრთხე ახლავს თან - ოსი სეპარატისტები რუს მესაზღვრეებთან ერთად თუ აღმოჩნდებიან ქართველი პოლიციელების საპასუხო ცეცხლში, ეს სერიოზულად დაძაბავს სიტუაციას, მაგრამ არის კი სხვა გამოსავალი ქართველი მოსახლეობის გატაცებისა და აბუჩად აგდების აღსაკვეთად?!