ირანამდე სირიას შეუტევენ? - კვირის პალიტრა

ირანამდე სირიას შეუტევენ?

25 მაისს სირიის პატარა ქალაქ ჰულში ასზე მეტი მშვიდობიანი მოსახლე მოკლეს. სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსულ მომიტინგეებს ჯერ საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს, შემდეგ კი ქალაქში შეჭრილმა "შაბიჰას" (ქართ. - მოჩვენებები) შეიარაღებულმა დაჯგუფებამ (რომელსაც ხელისუფლება მართავს) მოქალაქეთა ხოცვა დაიწყო...

ამ ხოცვა-ჟლეტამ დასავლეთი აღაშფოთა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ გაეროში აშშ-ის წარმომადგენელს წამოსცდა: "თუკი გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციას, რომელიც სირიის მმართველი რეჟიმის წინააღმდეგ იქნება მიმართული, კვლავ დაბლოკავს რუსეთი და ჩინეთი, აშშ გაეროს  გვერდის ავლით ეცდება, ბოლო მოუღოს სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს."

მართალია, მოგვიანებით აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ განაცხადა, რომ მას წარმოუდგენლად მიაჩნია ამერიკული არმიის მოქმედება გაეროს მხარდაჭერის გარეშე, მაგრამ ჩანს, დასავლეთი მზადაა, სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომში გაეროს ოფიციალური რეზოლუციის გარეშეც ჩაერიოს.

გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა რუსეთმა და ჩინეთმა აქამდეც არაერთ რეზოლუციის პროექტს დაადეს ვეტო, რომლებიც პრეზიდენტ ასადის რეჟიმის წინააღმდეგ იყო მიმართული. სავარაუდოდ, ეს ორი ქვეყანა მომავალშიც იმავე ტაქტიკით იმოქმედებს და დასავლეთს აიძულებს, სირიის მმართველი რეჟიმი გაეროს თანხმობის გარეშე დაამხოს.

დასავლეთი, ისევე, როგორც სირიის მეზობელი ზოგიერთი არაბული ქვეყანა, ფინანსურად და შეიარაღებით დღესაც ეხმარება სირიის ოპოზიციურ ძალებს, მაგრამ ერთია ავტომატების მორიგი პარტიის შეგზავნა, მაგალითად, თურქეთის ტერიტორიიდან და სულ სხვაა, თუკი ოპოზიციის შეიარაღებულ რაზმებს ამერიკული თუ ფრანგული გამანადგურებელ-ბომბდამშენები დაეხმარებიან, როგორც ეს მოხდა ლიბიაში მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობისას.

თუკი რუსეთი და ჩინეთი პრეზიდენტ ასადის რეჟიმს ჯერჯერობით მხოლოდ პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებენ და გაეროს მისი საწინააღმდეგო რეზოლუციების მიღებაში ხელს უშლიან, ირანმა სირიის ხელისუფლების მხარდასაჭერად უკვე გაგზავნა სპეცდანიშნულების რაზმები, რომლებიც ბრძოლებში მიიღებენ მონაწილეობას. სავარაუდოდ, ირანი ასადის ხელისუფლებას შეიარაღებითაც ეხმარება, რადგან თეირანში კარგად ხვდებიან - სირიაში მიმდინარე მოვლენებმა, ფაქტობრივად, გადადო ირანის ატომური ობიექტების გასანადგურებლად დაგეგმილი ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო ოპერაცია და სანამ დასავლეთს სირიის პრეზიდენტი ყელში ეყოლება გაჩხერილი, ის ირანისთვის ნაკლებად მოიცლის.

დავუშვათ, გაბედა დასავლეთმა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის გარეშე იერიში მიიტანა სირიის ხელისუფლებაზე. რა მოჰყვება ამას?

განსხვავებით ლიბიისგან, სადაც მუამარ კადაფიმ მართლაც დააგვიანა ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისტემის გადაიარაღების პროცესის დაწყება, სირიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა მოსკოვის დახმარებით ახალი რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით აღიჭურვა, მათ შორის, მოდერნიზებული "ბუკებითაც". ისრაელის მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, თითქოს 2011 წლის ოქტომბერ-ნოემბერში სირიაში რუსეთიდან მალულად ჩაიტანეს C-300 ტიპის შორსმოქმედი საზენიტო-სარაკეტო სისტემა. თუკი ეს ინფორმაცია სინამდვილეს შეესაბამება, მაშინ NATO-ს ავიაციას სირიის ცაში უფრო სერიოზული პრობლემები შეექმნება, რადგან აქამდე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის პილოტები რუსული C-300-ების მოქმედების ზონაში არ მოხვედრილან.

სულ სირიის 325-ათასკაციანი არმიის შეიარაღებაში 900-მდე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და ოთხი ათასამდე საზენიტო ქვემეხია და მიუხედავად იმისა, რომ მათი დიდი ნაწილი მოძველებულია, ისინიA ნატო-ს ავიაციისთვის მაინც დიდ საშიშროებას წარმოადგენს.

საჰაერო დარტყმების შემდეგ სახმელეთო ოპერაციებში ჩარევის შემთხვევაში დასავლეთს დაუპირისპირდება სირიის არმიის 4800-მდე ტანკი (მათგან ნახევარი T-72- ტიპისაა), ხუთი ათასამდე ქვეითთა საბრძოლო მანქანა და ჯავშანტრანსპორტიორი, 450 თვითმავალი საარტილერიო დანადგარი.

სირიის არმიას 36 ტაქტიკური და 26 ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების სარაკეტო დანადგარითა და 800-მდე საბრძოლო თვითმფრინავით (მათ შორისაა 50-მდე МиГ-29, 35-მდე МиГ-25 და 20-მდე  Су-24) და 200-მდე დამრტყმელი შვეულმფრენით, (რომელთაგან 36 ცალი Ми-35-ია) თავადაც შეუძლია მოწინააღმდეგისათვის ძლიერი დარტყმის მიყენება.

თუმცა მთავარი განსხვავება ლიბიის სცენარსა და სირიაში მიმდინარე მოვლენებს შორის ის არის, რომ სირიაში რუსეთის ორი სამხედრო ბაზაა განთავსებული, რაც, რა თქმა უნდა, სერიოზულად შეაფერხებს NATO-ს ავიაციის მოქმედებებს. დამასკოს სიახლოვეს მოქმედებს რუსული სარადარო და რადიოელექტრონული დაზვერვის კომპლექსი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა ისრაელის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. სირიის პორტ ტარტუსში კი საბჭოთა დროიდან მოქმედებს სამხედრო-საზღვაო ბაზა, სადაც დღესაც რუსული საბრძოლო ხომალდები მორიგეობენ. მოსკოვი ყველანაირად გამოიყენებს ამ სამხედრო ბაზებს, რათა არ დაუშვას დასავლეთის მიერ ბაშარ ასადის რეჟიმის ძალისმიერი მეთოდებით დამხობა.

რას უქადის საქართველოს NATO-ს მიერ სირიის დაბომბვა...

საქართველოს სირიასთან საერთო საზღვარი არ აქვს (სირიის უკიდურესი ჩრდილოეთი საზღვრიდან საქართველოს უკიდურეს სამხრეთ საზღვრამდე დაახლოებით 441კმ-ია და ჩვენ შორის თურქეთის ტერიტორიაა), მაგრამ სირიაზე NATO-ს შეტევა არაპირდაპირ გავლენას ჩვენს ქვეყანაზეც აუცილებლად მოახდენს. ეს გამოიხატება, პირველ რიგში, რუსეთის პოლიტიკური და სამხედრო აქტივობის გაძლიერებით სამხრეთ კავკასიაში, მათ შორის - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოსკოვი შეეცდება, NATO-ს სამაგიერო გადაუხადოს იმის გამო, რომ იგი საქართველოს თავის რიგებში მიღებას დაჰპირდა. ამ მიზეზით ჩვენი ქვეყანა ერთხელ უკვე გახდა რუსული სამხედრო აგრესიის მსხვერპლი.