ყარაბაღში "ცივი ომი" ლღობას იწყებს... - კვირის პალიტრა

ყარაბაღში "ცივი ომი" ლღობას იწყებს...

რამდენიმე ასეულ კმ-ზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე აზერბაიჯანისა და სომხეთის სამხედრო დანაყოფები, რამდენიმე დღეა, ერთმანეთს ინტენსიურად ესვრიან.

აზერბაიჯან-სომხეთის დაპირისპირების ზონა სიმშვიდით არასდროს გამოირჩეოდა, მაგრამ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები ძალაუნებურად აჩენს შიშს, რომ 1994 წლიდან არსებული "ცივი ომის" მდგომარეობა შეიძლება გალღვეს და დაპირისპირება ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდოს.

ორივე მხარე თავისთვის სასარგებლო ინფორმაციას ავრცელებს და ცდილობს, სიტუაციის ესკალაცია მოწინააღმდეგეს დააბრალოს.

ბაქოში, ერევანსა და სტეფანაკერტში ჩატარებული აღლუმების შემდეგ ადვილი მისახვედრია, თუ რა დონის საბრძოლო დაპირისპირებაში შეიძლება გადაიზარდოს ამჟამინდელი ავტომატების კაკანი.

ამ აღლუმებმა დაამტკიცა, რომ ბოლო წლებში ორივე მხარე განსაკუთრებული ტემპით გადაიარაღდება და როგორც ჩანს, მომავალი ომისთვის ემზადება.

თუკი დაწყებულ ფართომასშტაბიან ომში გარეშე ძალები (რუსეთი და თურქეთი) არ ჩაერევიან, ბრძოლები შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. თუმც ძნელი დასაჯერებელია, რომ რუსეთი და თურქეთი განზე გადგებიან. რუსეთსა და სომხეთს ხელი აქვთ მოწერილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულებაზე, რომლის მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებს, სამხრეთ კავკასიაში თავის სტრატეგიულ პარტნიორს - სომხეთს - სამხედრო ძალით დაეხმაროს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანისთვის სამხედრო დახმარების ვალდებულება აიღო თურქეთმაც. ამ დღეებში თურქეთის სახმელეთო ჯარების სარდალმა, არმიის გენერალმა ჰაირი კივრიტკოღლუმ ბაქოში სტუმრობისას განაცხადა: "ჩვენ განუყოფელნი ვართ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალებისაგან. ჩვენი ძმობა და მეგობრობა ურყევია."

სიტუაციის არაორდინარულობას ისიც განაპირობებს, რომ სომხეთისთვის სტრატეგიული პარტნიორობის დაპირების პარალელურად რუსეთი უარს არც აზერბაიჯანს ეუბნება შემტევი შეიარაღების, მათ შორის - Ми-35М ტიპის დამრტყმელი შვეულმფრენების მიყიდვაზე.

სავარაუდოდ, თუკი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მართლაც დაიწყო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, არც რუსეთი და არც თურქეთი განზე არ გადგებიან, ოღონდ ცხადია, ეცდებიან, ომში აშკარად არ ჩაერიონ.

დაპირისპირებული მხარეები ეცდებიან, ბრძოლების შედეგად მიაღწიონ ტერიტორიულ უპირატესობას, სანამ გაერო და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები დროებითი მშვიდობის დამყარებას მოახერხებენ...