ნადირაძის რაკეტამ თბილისელები ააფორიაქა - კვირის პალიტრა

ნადირაძის რაკეტამ თბილისელები ააფორიაქა

რუსეთის ტერიტორიაზე გაშვებული ალექსანდრე ნადირაძის "ტოპოლის" ფრენა ღამეულ ცაში სამხრეთკავკასიელებმა, ლიბანელებმა, სირიელებმა, ისრაელელებმა და ირანელებმაც დაინახეს...

7 ივნისს თბილისელთა (და არა მარტო მათი) დიდი ნაწილი ღამის ცას უჭვრეტდა, რათა გაერკვია, თუ რა იყო ეს უცნაური ნათება - ნათელი წერტილი ცაში წინ გადაადგილდებოდა, უკან კი კვალს  ტოვებდა. შემდეგ განათდა, სპირალურად დაიწყო ტრიალი და ბოლოს ჩაქრა.

რა უნდა ყოფილიყო ეს უცნაური "ციური სხეული"? გაჩნდა უამრავი ვარაუდი - კომეტის აფეთქებით დაწყებული, უცხოპლანეტელთა კოსმოსური ხომალდის კატასტროფით დამთავრებული; ღამის ცაში უცნაური ნათების მიზეზი კი სრულიად პროზაული გახლდათ - ეს იყო დედამიწიდან გაშვებული რაკეტის ერთ-ერთი საფეხურის სარაკეტო ძრავას მუშაობის ბოლო წამები...

მეორე დღესვე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სტრატეგიული დანიშნულების სარაკეტო ჯარების სარდლობამ გაავრცელა ოფიციალური ინფორმაცია, რომ 7 ივნისს, მოსკოვის დროით 21.39 სთ-ზე ასტრახანის ოლქში მდებარე "კაპუსტინ იარის" პოლიგონიდან გაუშვეს საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა Тополь-ი, რომლის სასწავლო ქობინმა ყაზახეთში, "სარი-შაგანის" პოლიგონზე დააზიანა პირობითი სამიზნე.

რუსეთის გენერალიტეტის მტკიცებით, გამოცდის მთავარი მიზანი იყო, შეემოწმებინათ, როგორია ამ ტიპის რეკეტების საფრენოსნო-ტექნიკური მონაცემები მრავალწლიანი შენახვის პერიოდის შემდეგ.

საქმე ის არის, რომ "ტოპოლის" ტიპის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების მობილური კომპლექსების განთავსება საბჭოთა კავშირში ჯერ კიდევ 1985 წელს დაიწყო და 1996 წლისთვის რუსეთის შეიარაღებაში ისევ იყო 360 "ტოპოლის" მობილური კომპლექსი.

ამ ცოტა ხნის წინ საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ გამოსვლაში ახსენა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიას რუსები ჩვენი თანამემამულის, ნადირაშვილის შექმნილ "ისკანდერებს" ესროდნენ.

მართალია, აგვისტოს ომის დროს ჩვენს ტერიტორიაზე მართლაც ჩამოვარდა "ისკანდერის" ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების ორი რაკეტა (ერთი გორის ცენტრში, მეორე - ვაზიანთან), მაგრამ ისინი ჩვენს თანამემამულეს არ შეუქმნია.

სარაკეტო კომპლექსების კონსტრუქტორებს შორის ნადირაშვილის გვარით არავინ არის ცნობილი, სამაგიეროდ, საბჭოთა და მსოფლიო სარაკეტო წრეებში კოროლიოვისა და ფონ ბრაუნის გვერდით მოიხსენიებენ უდიდეს კონსტრუქტორს, ჩვენს თანამემამულე ალექსანდრე ნადირაძეს.

სწორედ ალექსანდრე ნადირაძემ, როგორც მოსკოვის თბოტექნიკის ინსტიტუტის მთავარმა კონსტრუქტორმა 1977 წელს დაიწყო მყარსაწვავიანი საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის შექმნა, რომელიც განთავსდებოდა ბორბლებიან შასიზე და შესაბამისად, მობილური იქნებოდა. შახტებში განთავსებული ბალისტიკური რაკეტებისგან განსხვავებით, რომელთა განთავსების კოორდინატები ამერიკული ხელოვნური თანამგზავრებისთვის ერთი-ორი მეტრი სიზუსტით იყო ცნობილი, ნადირაძის ბორბლებზე შემდგარი რაკეტები რუსეთის უკიდეგანო ტაიგაში "ჩაიმალებოდნენ" და ყველაზე მოულოდნელი ადგილიდან აიღებდნენ სტარტს შორეული ამერიკისაკენ.

ახალ მობილურ სარაკეტო კომპლექსს სახელად Тополь-ი ეწოდა. იგი გახდა ყველაზე თანამედროვე და საშიში ბირთვული სარაკეტო შეიარაღება, რომელსაც ანგარიშს დღემდე უწევდნენ აშშ-ის პრეზიდენტები და კიდევ დაახლოებით 10-15 წელი ასე გაგრძელდება.

"ტოპოლის" გასაშვებად მოსამზადებლად მხოლოდ ორიოდე წუთია საჭირო. შვიდღერძიანი შასი ჩერდება და სარაკეტო კონტეინერი შვეულად დგება, კონტეინერიდან რამდენიმე მეტრზე ამოვარდება რაკეტა, რის შემდეგაც ირთვება 45-ტონიანი სამსაფეხურიანი ბალისტიკური რაკეტის პირველი საფეხურის სარაკეტო ძრავა. ყოველ საფეხურში მყარი საწვავის გამოწვის შემდეგ ის სცილდება რაკეტის კორპუსს. სავარაუდოდ, 7 ივნისს, ღამით, თბილისელები სწორედ რაკეტიდან მოცილებული ერთ-ერთი საფეხურის სარაკეტო ძრავას მუშაობის ბოლო წამებს უყურებდნენ.

სამივე საფეხურის მოცილების შემდეგ მიზნისკენ ფრენას დაახლოებით ერთი ტონა მასის ბირთვული ქობინი აგრძელებს, რომლის სიმძლავრე 0,55 მეგატონა ტროტილის აფეთქების ეკვივალენტურია.

საგულისხმოა, რომ ალექსანდრე ნადირაძის კონსტრუირებულ "ტოპოლზე" სომეხი კონსტრუქტორის სამველ კოჩარიანცის შექმნილი ბირთვული ქობინი ეყენა, რომელსაც შეეძლო, ერთი პროვინციული ამერიკული ქალაქი პირისაგან მიწისა აღეგავა...

იხილეთ ვიდეო: უცნაური ნათება თბილისის ცაზე