რადიოლოკატორების მოლოდინში?! - კვირის პალიტრა

რადიოლოკატორების მოლოდინში?!

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის საქართველოში ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, 14 ივნისს, სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის სხდომაზე საუბარი შეეხო დახმარებას, რომელიც შეიძლება საქართველოს გაეწიოს საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო ზოლის დაკვირვებისა და აღმოჩენის სისტემების შექმნაში. აშშ, ასევე, არ გამორიცხავს, ქართულ არმიას დაეხმაროს პირადი შემადგენლობის მომზადებასა და საერთო დანიშნულების შვეულმფრენების მოდერნიზებაში.

თუ დიპლომატიურ ენას მოვიშველიებ, გამოდის, რომ მოსალოდნელია, ვაშინგტონი დაგვეხმაროს საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემის ჩამოყალიბებაში, ტერიტორიულ წყლებში მცურავი საშუალებების აღმოჩენასა და კონტროლში, ასევე, არასაბრძოლო შვეულმფრენების (სავარაუდოდ, "იროკეზების") მოდერნიზებაში.

ჰილარი კლინტონის ოფიციალურ ვიზიტს მართლაც ისტორიული მნიშვნელობა მიენიჭება, თუკი ამის შემდეგ საქართველოში საჰაერო სივრცის კონტროლის ერთიანი სისტემების შექმნისკენ კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება.

ამერიკული სამხედრო დახმარება - იქნება ეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის შესყიდვის ნებართვა თუ ISAF-ის ოპერაციაში მონაწილეობის მისაღებად ქართული არმიისთვის შეჯავშნული "ჰამვებისა" თუ MRAP-ების გადმოცემა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, თუმცა სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო ხელსაყრელი იქნება, თუკი ამერიკული მხარე რადიოლოკაციურ სადგურებს გადმოგვცემს, რაც საქართველოს თავზე საჰაერო სივრცის კონტროლის ერთიანი სისტემის შექმნის ძირითადი დასაყრდენი გახდება.

საქართველოს მთაგორიანი რელიეფის გამო ძალზე რთულია რადიოლოკატორებით დაბალ სიმაღლეზე საჰაერო სივრცის ეფექტურად გაკონტროლება. მართალია, დღეს საქართველოში მოქმედი სამხედრო და სამოქალაქო დანიშნულების რადიოლოკატორები ცას 4-5 კმ-ის ზემოთ მეტ-ნაკლები წარმატებით აკონტროლებენ, მაგრამ დაბალ სიმაღლეზე რჩება მიმართულებები და სექტორები, საიდანაც მოწინააღმდეგის თვითმფრინავებს და მით უმეტეს - შვეულმფრენებს შეუმჩნევლად შემოფრენა შეუძლიათ.

ყველა ხეობის თავზე რადიოლოკატორს ვერ დაამონტაჟებ, რადგან ეს უზარმაზარ ხარჯთან იქნება დაკავშირებული, მაგრამ ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის ყველა საშიშ მიმართულებაზე რადიოლოკაციური და პასიური აღმოჩენის სისტემების ამოქმედება მნიშვნელოვნად გაზრდიდა ქართული ცის უსაფრთხოებას.

ამასთან, თუკი ბოლოს და ბოლოს, საქართველოს საჰაერო სივრცის კონტროლის ერთიანი სისტემა ჩაერთვებოდა NATO-ს საჰაერო სივრცის კონტროლის სისტემაში (რომლის მართვის ცენტრი რამდენიმე წლის წინ იტალიიდან თურქეთში გადმოიტანეს), ოპერატიულად აღმოვაჩენდით იმ საჰაერო საფრთხეს, რაც ჩრდილოეთის მხრიდან შეიძლება დაგვემუქროს. სისტემის ეფექტურად ამოქმედების შემდეგ კი შეიძლებოდა ფიქრი თანამედროვე საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების განთავსებაზეც, რომლებიც უკვე რეალურად უზრუნველყოფდა ქართული ცის უსაფრთხოებას.