"ფაზისი": კორპუსი - ქართული, აღჭურვილობა - ამერიკული - კვირის პალიტრა

"ფაზისი": კორპუსი - ქართული, აღჭურვილობა - ამერიკული

5 ივნისს ბათუმის პორტში ქართული მხარისთვის აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის მიერ გადაცემული საპატრულო კატარღა "ფაზისი" შეიძლება უფრო ქართულად ჩაითვალოს, ვიდრე "დიდგორი", "ლაზიკა" თუ "გრად-კრაზი".

თუკი "დიდგორები" ამერიკული "ფორდის" პიკაპის ბაზაზეა აწყობილი, "ლაზიკა" - საბჭოთა ქვეითთა საბრძოლო მანქანის, ხოლო "გრად-კრაზი" სულაც უკრაინული სატვირთო "კრაზის" შასიზე დაყენებული საბჭოთა "გრადის" სარაკეტო პაკეტს წარმოადგენს, "ფაზისის" კორპუსი მართლაც საქართველოშია დამზადებული.

მცირე ისტორიული ექსკურსით ირკვევა, რომ ბათუმის გემთსაშენმა ქარხანამ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში, 1980-იანი წლების მეორე ნახევრიდან დაიწყო "გრიფის" ტიპის საპატრულო კატარღების აგება. საბჭოთა კავშირის დაშლამდე 24-მეტრიანი კატარღების ათამდე კორპუსი დამზადდა, რომელთაგან ექვსი საბჭოთა КГБ-ში შემავალი სასაზღვრო ჯარების საზღვაო დანაყოფებში გაიგზავნა, დანარჩენი კი, დაუმთავრებელი, ქარხანაში დარჩა.

აფხაზეთში ომის დაწყების შემდეგ სეპარატისტთა შეიარაღებულ ფორმირებებს რუსეთის სპეცსამსახურებმა რამდენიმე "გრიფი" გადასცეს (მათ შორის, სავარაუდოდ, ბათუმის გემთსაშენ ქარხანაში დამზადებულიც), რომლებსაც ისინი ქართული მხარის წინააღმდეგ წარმატებით იყენებდნენ. 1993 წლის სექტემბრის ბოლოსთვის, როდესაც სოხუმი ალყაში აღმოჩნდა, სწორედ ამ "გრიფებზე" მყოფი მეზენიტეები ყრიდნენ "სტრელასა" და "იგლას" ტიპის სითბური დამიზნების საზენიტო რაკეტებით ბაბუშერის აეროპორტში დასაჯდომად დაშვებულ სამგზავრო თვითმფრინავებს.

1992 წელს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ბათუმის გემთსაშენ ქარხანას ორი "გრიფი" დაუკვეთა, თუმცა აფხაზეთის ომის დამთავრებამდე ეს შეკვეთა არ შესრულდა, ალბათ, იმიტომაც, რომ აჭარის მაშინდელ ლიდერს, ასლან აბაშიძეს, ეს არ სურდა.

პირველი "გრიფი" 1995 წელს დამზადდა, მაგრამ ის, ისევე როგორც მეორე ასეთი კატარღა, ასლან აბაშიძემ შევარდნაძის ხელისუფლებას არ გადასცა და ბათუმში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განკარგულებაში დატოვა.

2004 წლის მაისში, აბაშიძის წასვლის შემდეგ, ორივე "გრიფი" საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სანაპირო დაცვას გადაეცა.

2007 წელს ბათუმის გემთსაშენმა ქარხანამ ამერიკული მხარის ფინანსური დახმარებით ერთი "გრიფის"  მოდერნიზება შეძლო და ის სანაპირო დაცვას "ორბის" სახელით გადაეცა.

ობიექტური გამოძიების გარეშე ძნელი სათქმელია, ვისი ბრალი იყო, მაგრამ მოდერნიზებული "ორბი" ბევრი ტექნიკური ხარვეზის გამო არასაბრძოლო მდგომარეობაში აღმოჩნდა და ძირითადად, ფოთის სამხედრო პორტში იდგა. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ფოთში შესულმა რუსეთის სადაზვერვო-დივერსიულმა ჯგუფმა "ორბი", ისევე, როგორც რამდენიმე სხვა ქართული კატარღა, ნავსადგურშივე ააფეთქა და ჩაძირა.

რაც შეეხება "ფაზისს", მისი კორპუსიც ბათუმის გემთსაშენ ქარხანაში დამზადდა, თუმცა ის დაუმთავრებელი იყო. ისევ ამერიკული მხარის დახმარებით მასზე თანამედროვე, დასავლური წარმოების ეკონომიური დიზელის ძრავები, უახლესი ელექტრომექანიკური და სანავიგაციო სისტემები დამონტაჟდა, შესაბამისად, შესაძლებელი გახდა, ძველი "გრიფისთვის" საჭირო 14-კაციანი ეკიპაჟის ექვს კაცამდე შემცირება.

"ფაზისს" მაქსიმალური 32 კვანძის (51კმ/სთ-ზე მეტი) განვითარება შეუძლია, რაც მას საშუალებას მისცემს, დაეწიოს და დააკავოს საქართველოს ტერიტორიული წყლების დამრღვევი სამოქალაქო გემები. "ფაზისის" კორპუსის წინა ნაწილში დამონტაჟებულია ერთი მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი, სააბორდაჟე ჯგუფის განკარგულებაში კი არის მოტორიანი რეზინის ნავი.

"ფაზისის" შემატება, ისევე, როგორც 2002 წელს ამერიკული მხარის გადმოცემული "გენერალ მაზნიაშვილის" მოდერნიზება, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, თუმცა სამხედრო-საზღვაო ფლოტის გარეშე დარჩენილი ქვეყნის სერიოზულ გაძლიერებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.