სომხურმა ლობიმ ბაქოს ამერიკული აღჭურვილობა დაბლოკა - კვირის პალიტრა

სომხურმა ლობიმ ბაქოს ამერიკული აღჭურვილობა დაბლოკა

აშშ-ში სომხური სათვისტომო რომ ძლიერი და გავლენიანია, აქამდეც კარგად ვიცოდით, მაგრამ ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ იგი აზრს თვით სახელმწიფო დეპარტამენტსაც კი რადიკალურად შეაცვლევინებდა

ამერიკის სომეხთა ნაციონალურმა კომიტეტმა - ANCA-მ 29 ივნისს გაავრცელა ცნობა, რომლის თანახმად აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა აზერბაიჯანი ამოიღო იმ ქვეყნების სიიდან, რომლებსაც უფლება ჰქონდათ, ამერიკული სამხედრო აღჭურვილობა შეეძინათ.

კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის წევრმა ჰოვარდ ბერმანმა დიდი ძალისხმევა გამოიჩინა, რომ კონგრესს ეს საკითხი სახელმწიფო დეპარტამენტის წინაშე დაეყენებინა და დადებითი პასუხიც მიეღო. კონგრესმენ ბერმანს ამერიკის სომეხთა ნაციონალურმა კომიტეტმა ამისთვის დიდი მადლობაც გადაუხადა...

დაკარგა თუ არა ამით რამე ოფიციალურმა ბაქომ და შესუსტდება თუ არა აზერბაიჯანის არმიის საბრძოლო შესაძლებლობები შვეულმფრენებზე დასაყენებელი ამერიკული აღჭურვილობის გარეშე?

რა თქმა უნდა, არა. 3 მლრდ ევრომდე გაზრდილი სამხედრო ბიუჯეტი აზერბაიჯანის არმიას საშუალებას აძლევს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში შეიძინოს თითქმის ყველაფერი, რაც სურს. ამიტომ სომხური ლობის ეს დარტყმა ბევრს არაფერს ნიშნავს, მით უმეტეს, რომ თავად სომხეთის სტრატეგიული პარტნიორის - რუსეთისგან აზერბაიჯანი დაუბრკოლებლად ყიდულობს სამხედრო ტექნიკას, მათ შორის - დამრტყმელ შვეულმფრენებსაც.

მიუხედავად ამისა, აზერბაიჯანი ცდილობს, გააღრმაოს სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა იმ ქვეყნებთან, რომელთა ხელისუფლებაზე სომხური ლობი გავლენას ვერ მოახდენს. ასეთი ქვეყნებია ისრაელი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რომელთაგან ბაქო ბევრად უფრო მნიშვნელოვან სამხედრო ტექნიკას ყიდულობს.