ჩამოგდებული "ფანტომი" და სირიაზე საჰაერო შეტევისათვის მზადება - კვირის პალიტრა

ჩამოგდებული "ფანტომი" და სირიაზე საჰაერო შეტევისათვის მზადება

22 ივნისს სირიის მიერ თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავის ჩამოგდება გახდა საბაბი იმისა, რომ NATO-ს წევრი თურქეთი ალიანსისგან ითხოვს სირიის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებას, როგორც ეს ლიბიის შემთხვევაში მოხდა.

ასადის რეჟიმი დასავლეთს უკვე ყელზე ადგას და რომ არა რუსეთისა და ჩინეთის საწინააღმდეგო პოზიცია, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი დიდი ხნის წინ დაიწყებდა წერტილოვან საჰაერო დარტყმებს პრეზიდენტ ასადის რეზიდენციებსა და სირიის სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე.

ასადის რეჟიმის წინააღმდეგ NATO-ს შესაძლო საჰაერო ოპერაციას უეჭველად მხარს დაუჭერს თურქეთის, იორდანიის, საუდის არაბეთისა და შეიძლება - ერაყის ხელისუფლებაც. ისრაელი სირიის წინააღმდეგ ბრძოლაში აშკარად არ ჩაებმება, მაგრამ უდავოა, თელ-ავივს ხელს აძლევს იმ მეზობელი ქვეყნის დასუსტება, რომელთანაც დღემდე "ცივი ომის" მდგომარეობაში იმყოფება.

ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კბილებით დაიცავს ბაშარ ასადის რეჟიმს, ირანია. თეირანში კარგად აცნობიერებენ, რომ სანამ სირიაში სამოქალაქო ომი მიმდინარეობს და დასავლეთს  პრეზიდენტ ასადის პრობლემა ვერ მოუგვარებია, აშშ ირანისთვის ვერ მოიცლის.

ცნობილია სცენარიც, თუ როგორ შეიძლება იმოქმედონ დასავლეთის კოალიციურმა ძალებმა სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ: წერტილოვანი საჰაერო დარტყმები განხორციელდება სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემების, აეროდრომების, საკომუნიკაციო საშუალებების გასანადგურებლად და თუ გაუმართლათ, საჰაერო დაბომბვით შეეცდებიან ბაშარ ასადის ლიკვიდაციასაც, მაგრამ ამისთვის საჭიროა იმის ცოდნა, თუ როგორია დღეს სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემა, რა მიმართულებებიდან და რა სიმაღლეებზე შეუძლიათ სირიის რადიოლოკატორებს საჰაერო სამიზნეების აღმოჩენა, რა საზენიტო საშუალებები (საზენიტო-სარაკეტო და საზენიტო არტილერია) აქვს ასადის რეჟიმს და ა.შ.

ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეიძლება გამოვთქვათ იმის თაობაზე, რომ 22 ივნისს ჩამოგდებული თურქული "ფანტომი" სწორედ სირიის საჰაერო თავდაცვის სისტემის საშუალებების გამოვლენას ცდილობდა.

ჩვენს ვარაუდს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ თურქული "ფანტომი" RF-4E მოდიფიკაციის, ანუ სადაზვერვო ვარიანტი გახლდათ. სხვათა შორის, თავად თურქეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ "ფანტომის" ფრენა იყო თავად თურქული საჰაერო სისტემის ერთგვარი ტესტირება, ანუ მიმდინარეობდა ვარჯიში, დროულად აღმოაჩენდნენ თუ არა დაბალ სიმაღლეზე სწრაფად მფრენ რეაქტიულ თვითმფრინავს.

სირიის საჰაერო სივრცეში შეჭრილი თურქული "ფანტომის" მთავარი ამოცანა შეიძლება ყოფილიყო იმ სირიული ახალი რადიოლოკატორების მუშაობის პარამეტრების დაფიქსირება, რომლებიც რუსეთმა ბოლო დროს მიაწოდა ბაშარ ასადის რეჟიმს.

თურქული მხარე ნამდვილად არ მოელოდა, რომ სირიელი მეზენიტეები მათ მზვერავ "ფანტომს" ჩამოაგდებდნენ. ანკარა აცხადებს, რომ "ფანტომი" სირიელებმა საერთაშორისო წყლების თავზე რაკეტით ჩამოაგდეს. თავად სირიელები კი ამტკიცებენ, რომ უცნობი საფრენი აპარატი, რომელმაც მათი საჰაერო სივრცე დაარღვია, არა რაკეტით, არამედ საზენიტო არტილერიის ჭურვებით გაანადგურეს.

ძალზე მნიშვნელოვანია, თუ რა საშუალებით იქნა ჩამოგდებული "ფანტომი". თუკი ის საზენიტო არტილერიამ "ჩამოხსნა" (რაც დასტურდება), მაშინ, ცხადია, მართლაც სირიის სანაპიროს თავზე მიფრინავდა, რადგან საერთაშორისო წყლებში, სანაპიროდან 12 მილის მოშორებით, მას საზენიტო არტილერია ვერ მისწვდებოდა.

ამასთან დაკავშირებით ჩნდება მოსაზრება: ჩვეულებრივ, საზენიტო ЗУ-23-2-იდან გახსნილი ცეცხლი დაბალ სიმაღლეზე სწრაფად მფრენ თურქულ "ფანტომს" ვერაფერს დააკლებდა და სავარაუდოდ, იგი ახალმა რუსულმა საზენიტო სარაკეტო-საარტილერიო კომპლექსმა Панцирь-С1-მა ჩამოაგდო 30 მმ-იანი ქვემეხის ჭურვებით.

Панцирь-С1, ფაქტობრივად, იმ Тунгуска-ს მოდერნიზებული ვარიანტია, რომელიც რუსეთის არმიამ 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ცხინვალის რეგიონშიც შემოიტანა.

NATO-ს წერტილოვანი საჰაერო დარტყმებისაგან თავდასაცავად ბაშარ ასადის რეჟიმმა დაჩქარებული ტემპით დაიწყო რუსეთში თანამედროვე საზენიტო საშუალებების შესყიდვა. დღეისათვის სირიაში ჩატანილია 30-მდე "პანცირი" და რვა მოდერნიზებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი Бук-М2.

გარდა ამისა, სირიის საჰაერო თავდაცვის ძალების განკარგულებაშია დაახლოებით 148 დანადგარი С-125 ტიპის საზენიტო რაკეტების გასაშვებად; С-200 ტიპის 44 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, Оса-АКМ-ის 14 მობილური დანადგარი, 20 Стрела-1-ისა და 30 Стрела-10-ის მობილური საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და 20-მდე Бук-М1, ასევე 4 ათასამდე გადასატანი "იგლა" და "სტრელა". საზენიტო არტილერიიდან სირიელთა შეიარაღებაშია 100მმ-იანი КС-19, 57მმ-იანი С-60, 23მმ-იანი PE-23-2 ტიპის საზენიტო ქვემეხები და თვითმავალი საზენიტო დანადგარები ЗСУ-24-4 Шилка.

საუბარი იყო რუსეთიდან 10 ცალი С-300П ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის შეძენაზეც, მაგრამ 27 ივნისს ისრაელში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო გადაწყვეტილება, შეეჩერებინა ბაშარ ასადის რეჟიმისთვის იმ მაღალი საბრძოლო შესაძლებლობების საზენიტო-სარაკეტო სისტემის მიყიდვა, რომელსაც ასე უფრთხის ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ავიაცია.

თუკი სირიის შეიარაღებულმა ოპოზიციამ ვერ მოახერხა ბაშარ ასადის დამხობა, მაშინ მის წინააღმდეგ დასავლეთი, ადრე თუ გვიან, ალბათ, მაინც გამოიყენებს ასე აპრობირებული წერტილოვანი დარტყმების ტაქტიკას...