ახალაია შსს-ში, ახალაია თავდაცვაში... - კვირის პალიტრა

ახალაია შსს-ში, ახალაია თავდაცვაში...

თუკი ხელისუფლება მართლაც ელოდება შემოდგომაზე რუსული სამხედრო აგრესიის განახლებას, მაშინ რატომ ცვლის წარმატებულად აღიარებულ თავდაცვის მინისტრს?

ხელისუფლების მოქმედებებში ლოგიკის დანახვა ხშირად ძალიან ძნელია. როგორც ხელისუფლების წევრები ამბობენ, რუსეთმა საგანგებოდ დაგეგმა ფართომასშტაბიანი სამეთაურო-საშტაბო სწავლება Кавказ-2012 საქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისას და არ არის გამორიცხული ახალი რუსული სამხედრო აგრესიაო.

თუკი მართლაც არის ამის საშიშროება და ხელისუფლებას აქვს სარწმუნო სადაზვერვო მონაცემები რუსული აგრესიის რამდენიმე თვეში განახლების საშიშროებაზე, მაშინ რატომ დაატრიალეს მორიგი საკადრო კარუსელი და შეცვალეს თავდაცვისა და შს მინისტრები?

საქართველოს პრეზიდენტმა საკადრო კარუსელამდე ერთი დღით ადრე თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიასთვის ქება არ დაიშურა, მაგრამ მეორე დღეს უკვე შს მინისტრად გადაიყვანა.

არადა, ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, თუკი ელოდება სამხედრო აგრესიას, მაშინ თავდაცვის უწყებაში საკადრო ცვლილებები არ უნდა დაეწყო. კარგად გვახსოვს, 2008 წლის აგვისტომდე ქართულ არმიაში სამი ბრიგადის მეთაური, სამხედრო დაზვერვის უფროსი და კიდევ რამდენიმე მაღალჩინოსანი სამხედრო შეიცვალა და ვერავინ დაგვარწმუნებს, რომ საბრძოლო მოქმედებამდე ერთი თვით ადრე დანიშნულ ბრიგადის ახალ მეთაურს შეეძლოს მართვის სადავეების ხელში აღება. ამიტომაც აჩენს ეჭვს ეს საკადრო კარუსელი - სავარაუდოდ, ხელისუფლება რუსულ სამხედრო აგრესიას კი არ ელოდება, არამედ საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების ეშინია და სწორედ ამიტომაც მიმართა საკადრო ცვლილებას.

ახალაია - შსს-ში, ახალაია - თავდაცვაში...

ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა მინისტრია, დათა ახალაია - თავდაცვის მინისტრის მოადგილე. ეს ნიშნავს, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი ხელისუფლების საყრდენად ახალაიების დაჯგუფებას ირჩევს.

შს სამინისტროში ბაჩო ახალაიას მისვლას უკვე მოჰყვა რამდენიმე მაღალჩინოსნის საკუთარი სურვილით თანამდებობის დატოვება. ეს უთუოდ გაგრძელდება, ოღონდ ამჯერად დაბალ რგოლებში, რაც ნიშნავს, რომ 8 წლის განმავლობაში შექმნილი მერაბიშვილის "არმია" დაიშლება.

მეორე მხრივ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაჩო ახალაიას თავდაცვის სამინისტროდან წასვლის შემდგომ იქაც ასეთივე საკადრო ცვლილება მოახდინოს დიმიტრი შაშკინმა, თუნდაც იმიტომ, რომ მის მოადგილედ დათა ახალაია დაინიშნა და ეს უკანასკნელი თავისი ძმის კადრებს მიხედავს.

არც ის არის გამორიცხული, რომ თავდაცვის სამინისტროში გადაწყვეტილებების მიღებისას დათა ახალაიას ხმა უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ახალი მინისტრის - შაშკინისა.

თუ ყველაფერი ამ სქემით წარიმართა, გამოვა, რომ ვანო მერაბიშვილი მართალია პრემიერ-მინისტრი გახდა, მაგრამ სინამდვილეში დარჩა "უარმიოდ", რომელიც 8 წლის განმავლობაში მის ბრძანებებს უსიტყვოდ ასრულებდა და მას ყოვლისშემძლე მინისტრის იმიჯს უქმნიდა.