ზებგერითი სიჩქარე - "შუშის სასახლეების" მტერი - კვირის პალიტრა

ზებგერითი სიჩქარე - "შუშის სასახლეების" მტერი

1-ელ ივლისს ბრაზილიის დედაქალაქ ბრაზილიაში საინტერესო და ამასთან, სახიფათო ინციდენტის თვითმხილველი გახდნენ, - საზეიმოდ შეკრებილ ხალხს დაბალ სიმაღლეზე დიდი სიჩქარით რეაქტიულმა გამანადგურებლებმა გადაუფრინეს, რასაც რამდენიმე, მათ შორის უმაღლესი სასამართლოსა და კონგრესის შენობებში ფანჯრის შუშების მსხვრევა მოჰყვა.

ბრაზილიის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ ოფიციალურად მოიბოდიშა, რომ საჩვენებელი ფრენისას ერთ-ერთმა პილოტმა ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე რეაქტიული Mirage-2000-ი\თ 1100კმ/სთ-მდე, ანუ დასაშვებზე მეტი სიჩქარე განავითარა, რის გამოც ჰაერის ტალღამ შენობებში შუშები ჩაამსხვრია.

17 ათასი დოლარის ოდენობის მიყენებულ ზარალს ბრაზილიელი ავიატორები კი აუნაზღაურებენ მოსამართლეებს, მაგრამ ამ ინციდენტმა კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რა ადვილია იმ შენობა-ნაგებობის დაზიანება, რომლებშიც უხვად არის გამოყენებული შუშის კონსტრუქციები.

"კვირის პალიტრაში" ადრე ვწერდით, რომ თბილისსა და საზოგადოდ, მთელ საქართველოში, ბოლო დროს ასე პოპულარული შუშის შენობების აგებას ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის საფრთხე ახლავს თან.

პრეზიდენტის რეზიდენცია, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები და გენერალური შტაბის შენობები, ფაქტობრივად, "შუშის სასახლეებია", ამავდროულად, ყველა მათგანი ადვილად აღმოსაჩენი სამიზნეა, რადგან თავიანთი კონტრასტულობით გამოირჩევიან სხვა შენობა-ნაგებობებისგან. იმ მართვად რაკეტებს, რომელთა დამიზნება ოპტიკურ-ელექტრონული სისტემით ხდება (მაგალითად, "ისკანდერის" ბოლო მოდელების) ნამდვილად გაუადვილდებათ ასეთი კონტრასტული სამიზნეების აღმოჩენა და დაზიანება ქალაქშიც კი.

ბრაზილიის ინციდენტმა ცხადყო, რომ "შუშის სასახლეებს" კიდევ ერთი საფრთხე ემუქრება, - მოწინააღმდეგეს სულაც არ სჭირდება ბომბების ჩამოყრა, რეაქტიული ზებგერითი თვითმფრინავი თბილისის თავზე დაბალ სიმაღლეზე ბგერის სიჩქარეს გადააჭარბებს და ჰაერის დარტყმითი ტალღა შენობებში შუშებს ჩაამსხვრევს. ქალაქების საჰაერო დაბომბვების დროს მოსახლეობის დიდი ნაწილი ბომბების კი არა, სწორედ მინის ნამსხვრევებისგან ი\ღებს დაზიანებას.

ჰაერში ბგერის გავრცელების სიჩქარე დაახლოებით 1224კმ/სთ-ს შეადგენს (დამოკიდებულია ჰაერის ტემპერატურასა და ატმოსფერულ წნევაზე) და ასეთი სიჩქარე საბრძოლო თვითმფრინავებმა ჯერ კიდევ 60 წლის წინ განავითარეს და მით უმეტეს დღეს "მირაჟისა" თუ "მიგის" პილოტებს ამის გაკეთება სულაც არ გაუჭირდებათ.

საბჭოთა პერიოდში აკრძალული იყო 11 კმ-ზე დაბლა სიმაღლეზე ზებგერითი სიჩქარის განვითარება, რადგან ამას აფეთქების მსგავსი ხმა მოსდევდა. ამიტომაც ვაზიანის აეროდრომიდან აფრენილი МиГ-23-ისა და სენაკის МиГ-29 ტიპის გამანადგურებლების პილოტები ზებგერით სიჩქარეს მაღალ სიმაღლეზე, კავკასიონის ქედის გასწვრივ, 200კმ-იან ზონაში ავითარებდნენ.

თბილისელებს (წელს კი ქუთაისელებმაც ნახეს) არაერთხელ უნახავთ 26 მაისის აღლუმზე ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე გადაფრენილი საბრძოლო თვითმფრინავები. აღლუმზე ქართული Су-25-ები დაახლოებით 150-200 მ სიმაღლეზე 500კმ/სთ სიჩქარით მიფრინავენ და ამიტომაც მათი გუნდური გადაფრენაც არ არის საშიში შენობების შუშებისთვის.

თუკი მოიერიშეები ქალაქს მაქსიმალური 900კმ/სთ სიჩქარით დაბალ სიმაღლეზე გადაუფრენენ, მაშინ განსხვავებას მოსახლეობა უმალ შეიგრძნობს.

1992 წლის შემოდგომაზე ამ სტატიის ავტორი სოხუმში თავად შეიქნა ასეთი ფსიქოლოგიური შეტევის მოწმე, - ორმა რუსულმა მოიერიშემ ძალიან დაბალ სიმაღლეზე დიდი სიჩქარით გადაუფრინა სოხუმს და მოსახლეობა ძალზე შეაშინა.

ქალაქის თავზე დაბალ სიმაღლეზე ბგერის სიჩქარით ფრენა და ამით გამოწვეული საშინელი ხმა დიდი ფსიქოლოგიური დარტყმაა მოსახლეობისთვის და თუკი ამას "შუშის სასახლეების" ფანჯრების ჩამსხვრევაც სდევს თან, მაშინ გამოდის, ერთმა ზებგერითმა გამანადგურებელმა ქალაქის დაუბომბავადაც შეიძლება მიაღწიოს სასურველ შედეგს და მოსახლეობის დიდი ნაწილი დააფრთხოს.