რუსული ხომალდები სირიისკენ მიცურავენ - კვირის პალიტრა

რუსული ხომალდები სირიისკენ მიცურავენ

ის, რასაც უფრთხოდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსი და უპირველესად აშშ-ის ხელისუფლება, მოხდა, - მოსკოვმა სირიის სანაპიროსკენ 11 სამხედრო და დამხმარე ხომალდები გაგზავნა.

ერთი თვით ადრე აშშ-ის სადაზვერვო წრეებზე დაყრდნობით დასავლეთის მასმედიაში გაჟონა ინფორმაციამ, რომ თითქოს შავი ზღვის სადესანტო ხომალდმა ნოვოროსიისკიდან სირიის პორტ ტარტუსისკენ აიღო გეზი და მის ტრიუმებში რუსი საზღვაო ქვეითები იმალებოდნენ.

მაშინ ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, თუმცა, დროებით, რადგან ახლა სირიის სანაპიროსკენ მიემართება რფ-ის მძლავრი არმადა, რომლის შემადგენლობაშიც არის 5 დიდი სადესანტო ხომალდი, მათზე განთავსებული საზღვაო ქვეითთა დანაყოფებით. მათგან ერთმა, შავი ზღვის ფლოტის "ცეზარ კუნიკოვმა", 2008 წლის აგვისტოს ომში ოჩამჩირესთან საზღვაო დესანტი გადმოსხა.

რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების სარდლობის განცხადებით, სამი ფლოტის ხომალდების ამოცანაა ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო სწავლების გამართვა და სირიის პორტ ტარტუსში მხოლოდ  მომარაგების გემები შევლენ.

ასეა თუ ისე, სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული სირიის სანაპიროსკენ მძლავრი რუსული საზღვაო ესკადრის (რომელშიც დიდი სადესანტო ხომალდების გარდა, ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებით შეიარაღებული "ადმირალი ჩაბანენკოც" არის) გამოჩენა მნიშვნელოვან ცვლილებას შეიტანს დასავლეთისა და მათ შორის NATO-ს ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის გეგმაში.

რუსული საზღვაო ესკადრა სირიის სანაპიროსთან ივლისის ბოლომდე გამოჩნდება, რაც არარეალურს გახდის სამხედრო ოპერაციის დაწყებას სირიის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ, თუკი ასეთი ჩანაფიქრი მართლაც აქვთ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერლებს.

რუსულ მასმედიაში გამოითქვა ეჭვი, რომ რუსულ სამხედრო ესკადრაში შემავალი დიდი სადესანტო ხომალდები შეიძლება სირიაში რუსული სამხედრო ტექნიკის, მათ შორის იმ  გარემონტებული Ми-25 (Ми-24В-ს საექსპორტო ვარიანტი) ტიპის შვეულმფრენების ჩასატანად გამოიყენონ, რომელთა ტრანსპორტირება სამოქალაქო გემით დასავლეთმა დაბლოკა.

სირიაში სისხლის ღვრა გრძელდება, დასახლებულ პუნქტებში შეიარაღებულ ოპოზიციასა და სამთავრობო ჯარებს შორის გააფთრებული ბრძოლაა, რაც გაეროსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ცაიტნოტში აგდებს, - ლიბიის ვარიანტის გათამაშება სირიაში შეიძლება ბევრად ძნელი და სახიფათო გამოდგეს. ამიტომაც დასავლეთი შეეცდება, თავი შეიკავოს სირიის ხელისუფლების ჩამოსაგდებად სამხედრო ძალის აშკარა გამოყენებისგან და აქცენტი კვლავ შეიარაღებული ოპოზიციის გაძლიერებაზე გადაიტანოს.

თუკი პოლიტიკურ ფრონტზე დასავლეთი მოახერხებს რუსეთისა და ჩინეთის დაყოლიებას, რომ მათ ნეიტრალური პოზიცია დაიკავონ, მაშინ ბაშარ ასადის რეზიდენციის თავზე ფრთოსანი "ტომაჰავკების" ღამით "სტუმრობაც" მოსალოდნელია.