ქართული მინერალური წყლები ავღანეთისთვის? - კვირის პალიტრა

ქართული მინერალური წყლები ავღანეთისთვის?

თბილისში ჩატარდა თავდაცვის ლოგისტიკის სააგენტოს სიმპოზიუმი, რომელზეც ქართულ კომპანიებს აშშ-ის თავდაცვის სისტემის ლოგისტიკური მომარაგების სპეციფიკა გააცნეს.

მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი მომხმარებელი პენტაგონი ყოველწლიურად რამდენიმე ასეულ მილიარდ დოლარად ღირებულ არასამხედრო პროდუქციას ყიდულობს სხვადასხვა ფირმისგან, თუმცა მათ რიცხვში სხვადასხვა პროდუქტის მწარმოებელი ქართული საწარმოები არ არიან.

საკვირველია, რამდენი ხანია ქართულ სამხედრო კონტინგენტს ვგზავნით ერაყსა და ავღანეთში და იქაურ სამხედრო ბაზებში ქართული პროდუქცია, თუნდაც ქართული მინერალური წყლები, არ იყო.

2008 წელს, ერაყის გზებზე შეჯავშნული "ჰამვებით" გადაადგილებისას, მოსახლეობა პირდაპირ ხელიდან გვტაცებდა ქართული მინერალური წყლების ბოთლებს, რომლებიც თან წავიღეთ: ერთ-ერთ გზაზე, როდესაც ჩვენი კოლონის "ჰამვი" ააფეთქეს (საბედნიეროდ, ყველანი უვნებლად გადავრჩით), ორმეტრიან ამერიკელ სერჟანტს ქართული მინერალური წყლის ბოთლი მივაწოდე გონს მოსასვლელად. შეჯავშნულ "ჰამვებში" პლასტმასის ყუთებში ჩაცივებული გამაგრილებელი სასმელი უხვად გვქონდა, მაგრამ ქართულმა მინერალურმა წყალმა მართლაც საოცრად იმოქმედა ამერიკელ სერჟანტზე და ბოთლი სულმოუთქმელად გამოცალა. მას შემდეგ რამდენჯერმე გვთხოვა, იქნებ კიდევ გქონდეთ, ეგ რა საოცრება დამალევინეთო.

ქართული მინერალური წყლები შეიძლებოდა 2003 წლიდანვე გამხდარიყო პენტაგონის ლოგისტიკის სააგენტოს მიერ დიდი პარტიებით შესყიდული პირველი პროდუქტი, თუკი საქართველოს ხელისუფლება მოინდომებდა (ან გაბედავდა) და ერაყში ქართული სამხედრო კონტინგენტის გაგზავნის სანაცვლოდ, კოალიციას ამ ქართული პროდუქტის აუცილებლად შესყიდვის პირობას წაუყენებდა.

გვიან ჯერ კიდევ არ არის, რადგან ავღანეთში, ერაყის მსგავსად, ძალზე ჭირს ხარისხიანი წყლით მომარაგება და თუნდაც ISAF-ის ასიათასიანმა პირადმა შემადგენლობამ რომ სისტემატურად სვას ქართული მინერალური წყლები, ეს დიდი შეღავათი იქნება ქართული ეკონომიკისათვის.