3 "ტოტალი" შაშკინისგან - კვირის პალიტრა

3 "ტოტალი" შაშკინისგან

ახალმა თავდაცვის მინისტრმა არმიას ახალი დევიზი - "არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ", - მიაწოდა. ძნელი სათქმელია, რატომ გაჩნდა ახალი სლოგანის მოფიქრების აუცილებლობა, მაგრამ ის ბევრს გაახსენებს 2008 წლის აგვისტოს ომში მართლაც რომ მიტოვებულ, დაჭრილ და დაღუპულ ქართველ მეომრებს.

ახალი სლოგანის გარდა, თავდაცვის სამინისტრო ახალ კონცეფციაზეც მუშაობს. კონცეფცია სამი "ტოტალის" პრინციპზე იქნება დაფუძნებული: "ტოტალური ზრუნვა", "ტოტალური ტრენინგი" და "ტოტალური თავდაცვა".

"ტოტალურ ზრუნვაში" შაშკინის გუნდი თითოეული სამხედროსა და მისი ოჯახის წევრზე სახელმწიფოს სოციალურ ზრუნვას გულისხმობს.

"ტოტალური ტრენინგი" ჯარის გაწვრთნასა და გაძლიერებას ითვალისწინებს, მათ შორის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისთვისაც.

"ტოტალურ თავდაცვაში" ჯერ რეზერვის შექმნისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაზრდის იდეაა ჩადებული.

ვერაფერს შეედავები, სიტყვით ყველაფერი ლამაზად ჟღერს და რაღაცით ჰგავს ხელისუფლების ბოლო განცხადებას - "უფრო მეტი სარგებელი ხალხს", მაგრამ მთავარია არა სიტყვა, არამედ საქმე, რაც არაერთ პრობლემასთან არის დაკავშირებული, თუნდაც სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახების ბინებით უზრუნველყოფასთან.