რამ გამოიწვია ჯარისკაცის დაღუპვა? - კვირის პალიტრა

რამ გამოიწვია ჯარისკაცის დაღუპვა?

სამხედრო პოლიცია იძიებს, თავი მოიკლა თუ მოკლეს 19 წლის რიგითი კობა მახარაშვილი

თავდაცვის სამინისტრომ ორი დღის შემდეგ ოფიციალურად განაცხადა რიგით კობა მახარაშვილის გარდაცვალების შესახებ, რის გამოძიებასაც სამხედრო პოლიცია შეუდგა.

13 ივლისს კი მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ გურჯაანის რაიონის სოფელ გურჯაანის მკვიდრი, 19 წლის კობა მახარაშვილი გორის სამხედრო ნაწილში ცეცხლსასროლი იარაღის გასროლით დაიღუპა. დაღუპულს ტყვია სახის არეში ჰქონდა მოხვედრილი.

გავრცელდა ვერსიები როგორც თვითმკვლელობის, ისე მკვლელობის შესახებ. ბალისტიკურ ექსპერტიზას შეუძლია გაარკვიოს, თუ დაღუპულის სახიდან რა მანძილზე მოხდა გასროლა, რისი წყალობითაც ერთ-ერთი ვერსია უფრო რეალური გახდება.

თუკი საქმე მაინც თვითმკვლელობასთან გვაქვს, მაშინ გამოსაძიებელი იქნება, ხომ არ მიიყვანეს ამ უკიდურეს ზომამდე 19 წლის რიგითი სამხედრო ნაწილში, მით უმეტეს, რომ ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე თურმე მშობლებს სხვა ნაწილში გადაყვანას სთხოვდა.

ჯარისკაცის სიკვდილი არასაომარ სიტუაციაში საგანგაშო უნდა იყოს შეიარაღებული ძალების სარდლობისა და თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობისთვის. იმის მიხედვით, თუ რამდენად ობიექტურად და სწრაფად გამოიძიებენ ამ საქმეს, გამოჩნდება ახალი თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინის შესაძლებლობები.