ჯავშანმონსტრი ქარიშხალგადავლილი ქალაქების გასაწმენდად - კვირის პალიტრა

ჯავშანმონსტრი ქარიშხალგადავლილი ქალაქების გასაწმენდად

გახსოვთ კადრები ქართულ-ამერიკული მხატვრული ფილმიდან "აგვისტოს 5 დღე", სადაც შეტევაზე გადმოსულ რუსულ ტანკებს წინ უცნაური ფორმის ჯავშანმონსტრი მოუძღვის? ეს სწორედ ის ჯავშანმანქანაა, რომელიც დღეს ჰაერივით სჭირდება ქარიშხალგამოვლილი კახეთის, სამცხე-ჯავახეთისა თუ მცხეთა-მთიანეთის რეგიონებს გზების გასაწმენდად.

ფილმის გადაღებისას გამოყენებული საბრძოლო ტექნიკა, ბუნებრივია, ქართული არმიის საკუთრებაა, ისევე, როგორც ჯავშანმონსტრი - გზის გამკვლევი БАТ-2М და წინაღობის გამრღვევი საინჟინრო მანქანა ИМР-2. იგი Т-72А ტიპის ტანკის ბაზაზეა შექმნილი და განკუთვნილია დაბომბვის, მათ შორის - ბირთვული აფეთქების, შედეგად ჩახერგილი გზების გასუფთავებისთვის. საინჟინრო მანქანა კარგად არის შეჯავშნული და მის ეკიპაჟს დისტანციურად მართვადი მანუპულატორებით გარეთ გამოუსვლელად შეუძლია საინჟინრო სამუშაოების შესრულება. მანქანა აღჭურვილია ბულდოზერით, ამწით, ნაღმების გამნაღმავი ტრალით. ИМР-2-ს წყალქვეშ შეუძლია 5 მ სიღრმის წყალსატევის გადალახვა.

სტიქიისგან დაზარალებულ აღმოსავლეთ საქართველოში ИМР-2-ს, ნაღმების გაუვნებლება და წყალქვეშ სიარული არ მოუწევს, მაგრამ მისი უნივერსალური საინჟინრო მოწყობილობა აუცილებლად გამოდგება.

ფაქტობრივად, ამ ერთ სამხედრო-საინჟინრო მანქანას შეუძლია შეცვალოს რამდენიმე სამოქალაქო ბულდოზერი და ამწე. ИМР-2-ის ბულდოზერის დანა გზას 4 მ-ზე მეტ სიგანეზე ასუფთავებს, ხოლო ტელესკოპურ ამწეს 8,8 მ-ზე შეუძლია გაიწიოს და ორ ტონამდე ტვირთი ასწიოს.

საჭიროების შემთხვევაში ბვჰ-2 ექსკავატორის ფუნქციასაც ასრულებს და საათში 40 კუბური მეტრი მიწის ამოთხრა შეუძლია.

ИМР-2 ტყეში გასასვლელს 200-300 მ/სთ, ხოლო ქალაქის ნანგრევებში - 160-200 მ/სთ სიჩქარით აკეთებს.

მართალია, ქართული არმიის შეიარაღებაში თითზე ჩამოსათვლელია სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა, რადგან მისი ნაწილი აგვისტოს ომში დაზიანდა და განადგურდა. მათი ეფექტიანად გამოყენებით (მაგალითად, შეჯავშნული გამწევების БТС-4-ისა და БТС-5-ის, მიწისმთხრელი ПЗМ-2-ის, МТУ-20 ტიპის ხიდგამდების) შეიძლება სტიქიური უბედურებით დაზარალებულ მოსახლეობას მნიშვნელოვანი დახმარება გავუწიოთ.