სირია ასადის რეჟიმის დამხობის წინ? - კვირის პალიტრა

სირია ასადის რეჟიმის დამხობის წინ?

ქუჩის ბრძოლები უკვე სირიის დედაქალაქის - დამასკოს გარეუბნებში მიმდინარეობს. შეიარაღებული ოპოზიცია რამდენიმე ქალაქს აკონტროლებს, დაპყრობილია სასაზღვრო-გამშვები პუნქტები თურქეთისა და ერაყის საზღვარზე. ინფორმაცია ყოველდღიურად იცვლება და მისი ოპერატიულად თვალის მიდევნება ყოველკვირეული გაზეთის ფურცლებიდან ძნელია, თუმცა ამ ფაქტების ანალიზი მხოლოდ ერთს ცხადყოფს - როგორც ჩანს, სირიის პრეზიდენტი ლიბიელი კოლეგის, მუამარ კადაფის ტრაგიკულ ბედს გაიზიარებს.

ასადისა და მისი ოჯახის გადარჩენა მხოლოდ მაშინ მოხერხდება, თუკი ისინი დროულად დატოვებენ სირიის ტერიტორიას და თავს რომელიმე მეგობარ ქვეყანას შეაფარებენ. ეს კი შეიძლება რუსეთი ან ჩინეთი იყოს. ამ ქვეყნებმა უკვე მესამედ დაადეს ვეტო გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც სირიის ხელისუფლების მიმართ სანქციების გამკაცრებას ისახავდა მიზნად, რითაც არა მარტო დასავლეთის, არამედ მუსლიმანური სამყაროს დიდი ნაწილის განრისხებაც გამოიწვიეს.

ბაშარ ასადის რეჟიმი თურქეთის, იორდანიის, ერაყის, საუდის არაბეთისა თუ კატარის მთავრობებისთვისაც კი მიუღებელი გახდა და ისინი ყველაფერს აკეთებენ (ღიად თუ ფარულად) მის დასამხობად.

როდესაც 11 სამხედრო ხომალდისგან შემდგარი რუსული სამხედრო-საზღვაო ესკადრა სირიის ნაპირებს მიაღწევს (რაც ივლისის ბოლოსაა დაგეგმილი), შეიძლება ბაშარ ასადი აღარც იყოს სირიის მმართველი, რადგან 18 ივლისს დამასკოში მომხდარმა ტერორისტულმა აქტმა მისი რეჟიმის რღვევა დააჩქარა.

ამ დღეს დამასკოში, უშიშროების სამსახურის შენობაში, კამიკაძე-ტერორისტმა ძლიერი ასაფეთქებელი მოწყობილობა მაშინ აამოქმედა, როცა იქ სირიის მთელი გენერალიტეტი თათბირობდა. აფეთქების შედეგად დაიღუპნენ სირიის თავდაცვის მინისტრი და ორი მაღალჩინოსანი სამხედრო, ათეულობით ადამიანი კი (მათ შორის შინაგან საქმეთა მინისტრიც) მძიმედ დაიჭრა.

თუკი ბაშარ ასადის მოწინააღმდეგეებს შეუძლიათ ტერორისტული აქტი ყველაზე დაცულ ადგილასაც მოაწყონ, ცხადია, რომ რღვევა უკვე ხელისუფლების რიგებშია დაწყებული და სირიის მმართველი ვეღარავის ენდობა.