თურქეთს C-400, ირანს - C-300-ები?! - კვირის პალიტრა

თურქეთს C-400, ირანს - C-300-ები?!

უკვე ლეგენდად ქცეული რუსული C-300-ების სხვადასხვა მოდიფიკაცია 16 ქვეყნის შეიარაღებაშია და კვლავ დიდი მოთხოვნით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი "პეტრიოტებისგან" განსხვავებით, დღემდე არც ერთ საბრძოლო მოქმედებაში არ მიუღიათ მონაწილეობა.

მოსკოვში ვიზიტით მყოფმა თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს შესთავაზა, თურქეთის მიერ გამოცხადებულ ტენდერზე C-300 МПУ-2 "ფავორიტების" ნაცვლად C-400 "ტრიუმფები" განათავსოს.

2009 წლიდან თურქეთი ცდილობს, ახალი, შორი მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემები შეიძინოს, რისთვისაც 4 მლრდ დოლარის დახარჯვაზეც არ ამბობს უარს. ტენდერში მონაწილეობდნენ ამერიკული მოდერნიზებული "პეტრიოტი", ევროპული "ასტერი", ჩინური HQ-9 (რომელიც რუსული С-300Б-ის მოდიფიცირებულ ჩინურ კლონს წარმოადგენს) და რუსული C-300 МПУ-2  "ფავორიტი".

ტენდერის შედეგები 4 ივლისს უნდა გამოცხადებულიყო, თუმცა თურქული მხარე გამარჯვებულს ჯერჯერობით არ ამჟღავნებს. სავარაუდოდ, ანკარა შედეგით უკმაყოფილოა და ტენდერის განახლება სურს, რისთვისაც მასში С-300-ების С-400-ებით შეცვლას ითხოვს.

ინფორმაციისთვის: C-300 МПУ-2 "ფავორიტები" ორიოდე წლის წინ თურქეთის სტრატეგიულმა პარტნიორმა - აზერბაიჯანმა რუსეთისგან შეისყიდა და ეჭვგარეშეა, მის რეალურ ტაქტიკურ-ტექნიკურ შესაძლებლობებს ბაქო ანკარას არ დაუმალავდა.

სანამ თურქეთს ვერ გადაუწყვეტია რომელი საზენიტო-სარაკეტო სისტემა აირჩიოს (ჩვენ მაინც გვგონია, რომ ეს დიდი პოლიტიკური თამაშია და ევროპული ან ამერიკული სისტემების შესყიდვის სანაცვლოდ ანკარა დასავლეთისგან პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობს), ირანი რუსეთს ჟენევის საერთაშორისო სასამართლოში უჩივის.

დავის საგანი ისევ ყბადაღებული С-300-ებია. 2005 წელს თეირანმა მოსკოვთან დადო 800 მლნ დოლარის ღირებულების საიდუმლო შეთანხმება, რომლის საფასურად რუსეთს ირანისთვის C-300 МПУ-1 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები უნდა მიეწოდებინა.

თეირანმა რუსეთში ავანსის სახით 167 მლნ დოლარი გადარიცხა, მაგრამ დღემდე ამაოდ ელოდება ამ სისტემებს, რომელთა ირანისთვის მიწოდება მაშინდელმა პრეზიდენტმა მედვედევმა 2010 წლის სექტემბერში შეაჩერა გაეროს უშიშროების საბჭოს მორიგ რეზოლუციაზე დაყრდნობით, რომელიც ირანისთვის სამხედრო ტექნიკის მიწოდებას კრძალავდა. თუმცა გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციაში ლაპარაკი იყო მხოლოდ შემტევი ტიპის შეიარაღებაზე და არა - საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე, გარდა გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისა. ასე რომ, რუსეთს შეეძლო, ირანისთვის С-300-ები მიეყიდა, რადგან ისინი გაეროს სანქციაში არ ხვდებოდა. პრეზიდენტმა მედვედევმა მაშინ უფრო გაამკაცრა ირანის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციები, თუმცა ეს, როგორც ჩანს, პოლიტიკური გათვლა იყო, შესაძლოა - ისრაელის ინტერესების გათვალისწინებით, რომელიც ირანისთვის ძლიერი საჰაერო თავდაცვის სისტემების მიწოდების წინააღმდეგია (სამაგიეროდ, რუსეთის გულის მოსაგებად ისრაელმა შეწყვიტა საქართველოს შეიარაღება "სპაიდერის" ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით).

დღეს ირანი ხელშეკრულების დარღვევის გამო რუსეთისგან, არც მეტი, არც ნაკლები, 3,985 მილიარდი დოლარის გადახდას ითხოვს, მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვმა თეირანს უკვე დაუბრუნა ავანსად აღებული 167 მლნ დოლარი.

ეს ის უნიკალური შემთხვევაა, როდესაც სასამართლოში დავა ორივე მხარეს ხელს აძლევს. მოსკოვს ურჩევნია, მაინც მიჰყიდოს С-300-ები ირანს, ოღონდ მას შემდეგ, რაც ჟენევის სასამართლო მას წაგებულად გამოაცხადებს, რათა საერთაშორისო საზოგადოების წინაშე თავი გაიმართლოს - მე ირანისთვის С-300-ების მიყიდვას არ ვაპირებდი, მაგრამ ისევ თქვენმა, დასავლეთის სასამართლომ მაიძულაო...