ვის დარჩება სირიის ქიმიური იარაღი? - კვირის პალიტრა

ვის დარჩება სირიის ქიმიური იარაღი?

სირიის თემა კიდევ უფრო აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც პრეზიდენტ ბაშარ ასადის წარმომადგენელმა ოფიციალურად განაცხადა, სირია ქიმიურ იარაღს მხოლოდ მაშინ გამოიყენებს, თუკი რომელიმე უცხო ქვეყანა დაესხმება თავს, საკუთარი მოქალაქეების, მათ შორის, ოპოზიციის წინააღმდეგ კი ქიმიურ იარაღს არ ავამოქმედებთო.

ისრაელისა და აშშ-ის დაზვერვისთვის, დიდი ხანია, ცნობილია, რომ სირია ჯერ საბჭოთა კავშირის, ხოლო შემდეგ რუსეთის დახმარებით ქიმიურ იარაღს ქმნიდა.

დასავლეთის სპეცსამსახურების შეშფოთება იმან გამოიწვია, რომ სირიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს არმიამ მუდმივი დისლოკაციის ადგილიდან გაიტანა ქიმიური იარაღი და ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს განათავსა.

ქიმიური იარაღი შეიძლება იყოს მხუთავი, მომწამვლელი, გამოიწვიოს ნერვულ-პარალიტიკური დაზიანება.

საავიაციო ბომბებში, საარტილერიო ჭურვებში, რაკეტის ქობინებში ან ნაღმსატყორცნის ნაღმებში დიდი წნევით ჩატუმბული ზარინის, ზომანის, ტაბუნის, ფოსგენის ან სხვა მომწამვლელი აირები მოწინააღმდეგის დაზიანებას იწვევს.

ქიმიური იარაღის ეფექტური გამოყენება დიდადაა დამოკიდებული ამინდსა (განსაკუთრებით ქარსა და წვიმაზე) და რელიეფზე. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ქიმიური იარაღი მეომარ მხარეებს ფართოდ არ გამოუყენებიათ, ის ათეულობით ქვეყნის არმიის არსენალში მაინც რჩება. ქიმიურ იარაღს გაჭირვებული ქვეყნების "ატომურ ბომბებსაც" კი უწოდებენ, რადგან იგი მასობრივი განადგურების იარაღის ნუსხაში შედის.

მართალია, ასადის რეჟიმი სირიაზე თავდამსხმელ გარეშე ძალებს ქიმიური იარაღით დაემუქრა, მაგრამ საეჭვოა, ამის განხორციელება შეძლოს.

სინამდვილეში დასავლეთი და პირველ რიგში სირიის მეზობელი ისრაელი იმას უფრო უფრთხის, რომ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქიმიური იარაღის ეს მარაგი ხელში არ ჩაიგდოს შეიარაღებულმა ოპოზიციამ, რომელიც ათასი ჯურის დაჯგუფებებისგან შედგება.

თუკი სირიის ქიმიური ჭურვები და რაკეტები "ჰესბოლას" განკარგულებაში აღმოჩნდა, ისინი მათ დაუფიქრებლად გამოიყენებენ ისრაელის ქალაქების წინააღმდეგ.

გრძნობენ რა საფრთხეს, ისრაელის მოსახლეობის დიდმა ნაწილმა აირწინაღების შეძენა დაიწყო.

მეორე მეზობლის, თურქეთის ხელისუფლებას კი სირიის ქიმიურ იარაღზე მეტად ქურთების პრობლემა ადარდებს. ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობის შემდეგ ქვეყნის ჩრდილოეთში მცხოვრებმა ქურთებმა ავტონომია შექმნეს. ანალოგიური სიტუაციაა სირიაშიც - მჭიდროდ დასახლებულმა ქურთებმა რამდენიმე ქალაქი თავიანთი გავლენის ქვეშ მოაქციეს, რასაც ბაშარ ასადის რეჟიმი არ შეწინააღმდეგებია.

ერაყსა და სირიაში ქურთების პოზიციების გაძლიერება უახლოეს მომავალში, როგორც ჩანს, დიდ პრობლემებს შეუქმნის თურქეთს, რომლის ხელისუფლება ათწლეულებია ებრძვის ქურთების მუშათა პარტიის შეიარაღებულ რაზმებს.