ოლიმპიური თამაშები საზენიტო რაკეტების თანხლებით - კვირის პალიტრა

ოლიმპიური თამაშები საზენიტო რაკეტების თანხლებით

ოლიმპიადის უსაფრთხოებას ლონდონის ცათამბჯენებზე დაყენებული საზენიტო რაკეტები და მდ. თემზაში მოდრეიფე სადესანტო ხომალდი დაიცავენ

ლონდონში დაიწყო 30-ე ოლიმპიადა, რომელიც 12 აგვისტომდე გაგრძელდება. ოლიმპიური თამაშები დიდ ბრიტანეთში მესამედ ტარდება. ამჯერად მასში 204  ქვეყნის ათასობით წარმომადგენელი მიიღებს მონაწილეობას.

სხვადასხვა ქვეყნის ამდენ სპორტსმენს დაემატება მილიონობით ტურისტი, რაც უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ლონდონსა და მთელ დიდ ბრიტანეთს საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებების "სანუკვარ" სამიზნედ აქცევს.

ზუსტად 40 წლის წინ, მიუნხენის ოლიმპიადაზე, პალესტინური რადიკალური ორგანიზაცია "შავი სექტემბრის" რვა შეიარაღებულმა ტერორისტმა მძევლად აიყვანა ისრაელის დელეგაციის სპორტსმენები. ტერორისტები ისრაელის ციხეებიდან 232 პალესტინელის გათავისუფლებას ითხოვდნენ. გერმანიის სპეცსამსახურების მიერ მძევლების გასათავისუფლებლად ჩატარებული სპეცოპერაცია წარუმატებელი აღმოჩნდა - მას 11 მძევლის, ერთი პოლიციელისა და 5 ტერორისტის სიცოცხლე შეეწირა.

მას შემდეგ ოლიმპიური თამაშების მონაწილეთა უსაფრთხოებას დიდი ყურადღება ეთმობა, თუმცა ლონდონის წლევანდელი ოლიმპიადა ამ მხრივ გამორჩეული იქნება, რადგან უსაფრთხოების ღონისძიებებში პოლიციისა და სპეცსამსახურების გარდა, სამხედრო ავიაცია და საზღვაო ფლოტიც მიიღებენ მონაწილეობას.

ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად გამოყოფილია 585 მილიონი გირვანქა სტერლინგი, მობილიზებულია 13 ათასი პოლიციელი და 17 ათასი სამხედრო.

როგორც ჩანს, კამიკაძე-ტერორისტებსა თუ ჩანთაში ჩადებულ ასაფეთქებელ მოწყობილობებზე მეტად ოლიმპიადის ორგანიზატორები საჰაერო თავდასხმებს უფრთხიან.

რომელიმე შეძლებულმა საერთაშორისო ტერორისტულმა ორგანიზაციამ შეიძლება სცადოს ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი უპილოტო ან პილოტირებული საფრენი აპარატის გამოყენება, თუნდაც ახალგახსნილი 80-ათასკაციანი ოლიმპიური სტადიონის მიმართულებით.

ასეთი საფრთხის თავიდან ასაცილებლად ოლიმპიური სტადიონის ირგვლივ მრავალსართულიანი სახლების სახურავებზე დაყენებულია ექვსი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი, მათ შორის - "რაპირას" ტიპის; ლონდონის გარშემო შექმნილია დაახლოებით 50 კმ-იანი საჰაერო ზონა, სადაც ფრენა მხოლოდ პოლიციისა და სამხედროების შვეულმფრენებს შეუძლიათ.

სამი თვის წინ, მაისის დასაწყისში, ბრიტანეთის ხელისუფლებამ ლონდონის თავზე ჩაატარა საჰაერო თავდაცვის სწავლება, რომლის დროსაც "ავაქსის" ტიპის თვითმფრინავმა მძლავრი საბორტე რადიოლოკატორით აღმოაჩინა სასწავლო საჰაერო სამიზნე და მასზე "ტაიფუნის" ტიპის გამანადგურებლები "გაიყვანა".

როგორც ჩანს, "ავაქსი" მუდმივად გააკონტროლებს საჰაერო სივრცეს ლონდონის თავზე და მის გარშემო.

თუკი ტერორისტები უშუალოდ ლონდონიდან დააპირებენ მცირეგაბარიტიანი უპილოტო საფრენი აპარატის ოლიმპიური სტადიონისკენ გაშვებას, მის აღმოჩენასა და ჩამოგდებას "პუმასა" და "ლინქსის" ტიპის შვეულმფრენებით ეცდებიან, რომლებიც მუდმივად იქნებიან "ჩამოკიდებული" ლონდონის თავზე.

"ლინქსები" იმ ბრიტანულ შვეულმფრენმზიდ საზღვაო ხომალდზე განთავსდება, რომელიც მდ. თემზაში შეცურდა და ლონდონის "შუაგულში" დრეიფობს.

ორგანიზატორებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით თითქოს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ, მაგრამ ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე დღით ადრე მსოფლიოში ერთ-ერთმა უდიდესმა კერძო დაცვის კომპანიამ, რომელსაც ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფა დაევალა, დამატებით 3 500 მცველის თავმოყრა ვერ მოახერხა, ამასთან, ამ კომპანიის დაქირავებული პერსონალის ნაწილი თურმე ცუდად ან საერთოდ ვერ ლაპარაკობს ინგლისურად.

იმედი ვიქონიოთ, რომ ლონდონის ოლიმპიადა ექსცესების გარეშე ჩაივლის და მასში მონაწილე 35 ქართველი სპორტსმენი თავს არ შეირცხვენს.