წადი, შვილო, სახლში, სამუშაო დღე დამთავრდა... - კვირის პალიტრა

წადი, შვილო, სახლში, სამუშაო დღე დამთავრდა...

თავდაცვის სამინისტროში დიმიტრი შაშკინის მეთაურობით ახალი გუნდის გამოჩენამ ბევრი ჭორი დაბადა.

ერთ-ერთის თანახმად, თითქოს მინისტრის მოადგილედ დანიშნულმა დათა ახალაიამ თავისი ძმის, ბაჩო ახალაიას კაბინეტი დაიკავა, თავდაცვის მინისტრ შაშკინს კი სხვა კაბინეტის მოძებნა მოუხდა, თუმცა ზოგიერთი ქართული მედიასაშუალებით გავრცელებული ეს ინფორმაცია სიმართლე არ აღმოჩნდა - დათა ახალაიას კაბინეტი სულ სხვა შენობაში ყოფილა.

სამაგიეროდ, სიმართლე გამოდგა ერთი კურიოზი - თავდაცვის სამინისტროში დანიშნულმა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა (რომლის ვინაობასაც შეგნებულად არ დავასახელებთ) საღამოს, სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ, შენობიდან გამოსვლისას იქვე მდგარ მორიგე სამხედროებს მოფერებით უთხრა, დამთავრდა, შვილო, სამუშაო დღე, წადით ახლა სახლში, დაისვენეთო...

განათლების სამინისტროდან გადმოსული მაღალჩინოსნებისთვის, სამხედრო ცხოვრების წესი, რა თქმა უნდა, ძნელად შესაგუებელია, თუმცა ახალი გუნდის მოსვლას ერთი დადებითი მხარე მაინც აქვს - წინა მინისტრის დროინდელი ჩვეულება, რომ ოფიცრები შუაღამემდე ან უფრო გვიანობამდე სამსახურში უნდა ყოფილიყვნენ, ვაითუ, მინისტრმა გამოგვიძახოსო, ალბათ, წარსულს ჩაჰბარდება და გაერთიანებული შტაბის (რომელსაც მალე ისევ გენერალური შტაბი დაერქმევა) ოფიცრებს მშვიდობიან პერიოდში ნორმალური გრაფიკით მოუწევთ მუშაობა.

არანაკლები კურიოზი ქართველ სამხედროებს ოქრუაშვილის მინისტრობის დროიდან ახსოვთ, როდესაც ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსად დანიშნულმა პოლიციელმა ხელქვეითებს თათბირზე ჰკითხა, სად გაქვთ ის დიდი ზარბაზნები, ყველაზე დიდ ბომბებს რომ ისვრიანო...