უარი NATO-ს, დნესტრისპირეთი - მოლდავეთს... - კვირის პალიტრა

უარი NATO-ს, დნესტრისპირეთი - მოლდავეთს...

საბჭოთა კავშირის ოფიციალურად დაშლამდე (1991 წლის ბოლოს) რამდენიმე წლით ადრე საბჭოთა სპეცსამსახურებმა არაერთი შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებას შეუწყვეს ხელი.

მთიანი ყარაბაღი, ცხინვალის რეგიონი, აფხაზეთი, დნესტრისპირეთი - აი, ცხელი წერტილების ძირითადი ჩამონათვალი (შედარებით მცირე მასშტაბის პროვოკაციები შუა აზიაშიც ხდებოდა; ბალტიისპირეთის ქვეყნების სასახელოდ კი უნდა ითქვას, რომ ისინი კრემლის პროვოკაციებს არ წამოეგნენ), რომელიც დღემდე ჩამქრალი ვულკანივით საშიშია.

ჩვენდა სამწუხაროდ, ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსეთის გარდა კიდევ რამდენიმე ქვეყანამ აღიარა, მთიანი ყარაბაღისა და დნესტრისპირეთის შემდგომი ბედი კი კვლავაც გაურკვეველია.

დნესტრისპირეთში რუსეთის ე.წ. სამშვიდობო ძალების შეყვანიდან 20 წლისთავზე რუსეთის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა, თითქმის სენსაციური განცხადება გააკეთა: "ჩვენ დნესტრისპირეთის მომავალს ვხედავთ მოლდავეთის სახელმწიფოში, განსაკუთრებული საერთაშორისო აღიარებითა და განსაკუთრებული რაიონის სტატუსით, ოღონდ მოლდავეთის ნეიტრალიტეტის შემთხვევაში."

ფაქტობრივად, მოსკოვი კიშინიოვს სთავაზობს, დნესტრისპირეთი ფედერალური სუბიექტის სახით დაბრუნდეს მოლდავეთის შემადგენლობაში, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, ოფიციალურმა კიშინიოვმა ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებაზე არც იფიქროს.

დნესტრისპირეთის თემის გააქტიურება მას შემდეგ დაიწყო, რაც კრემლმა დნესტრისპირელი სეპარატისტების ლიდერის - იგორ სმირნოვის მორიგ გაპრეზიდენტებას მხარი აღარ დაუჭირა და თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სათავეში ახალგაზრდა ევგენი შევჩუკი მოვიდა. იგი მოსკოვს სთავაზობს დნესტრისპირეთში, ყოფილი მე-14 არმიიის დისლოკაციის ადგილზე, ისეთი ახალი მძლავრი რუსული სამხედრო ბაზის შექმნას, როგორიც არის მე-7 საოკუპაციო რუსული სამხედრო ბაზა აფხაზეთში. ამასთან, შევჩუკი რუს პარტნიორებს დნესტრისპირეთში ყოფილი საბჭოთა სამხედრო აეროდრომის გამოყენებას ურჩევს.

ცოტა ხნის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ რუმინეთში ამერიკული ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის მძლავრი რადიოლოკატორის დაყენების სანაცვლოდ დნესტრისპირელი სეპარატისტების ხელმძღვანელობა თანხმობას აცხადებდა მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ახალი რუსული, "ვორონეჟის" ტიპის ფაზირებულანტენიანი რადიოლოკატორის მონტაჟზე.

თავის მხრივ, რუმინეთის პრეზიდენტი ტროიან ბესესკუ, რომელიც ამ დღეებში იმპიჩმენტს გადაურჩა, მოლდავეთის რუმინეთის შემადგენლობაში შესვლის მომხრეა, რაც არ შეიძლება კრემლს არ აღელვებდეს, რადგან რუმინეთი NATO-ს წევრია.

ხმები აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საქართველოს შემადგენლობაში ფედერაციული სუბიექტების სახით შესვლის შესახებ მოსკოვიდან თბილისის გასაგონად ადრეც არაერთხელ გაისმა. ამის სანაცვლოდ, ისევე, როგორც დნესტრისპირეთის შემთხვევაში, რუსეთი საქართველოსგან ნეიტრალიტეტის გამოცხადებას ითხოვდა.

რა გზა აირჩია საქართველოს ხელისუფლებამ, ცნობილია. საინტერესოა, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ კიშინიოვში...