აგვისტო - ომების თვე საქართველოში - კვირის პალიტრა

აგვისტო - ომების თვე საქართველოში

აგვისტოს უღრუბლო ცამ რუსულ მოიერიშეებს ქართულ დანაყოფებზე საჰაერო შეტევის კარგი საშუალება მისცა

8 აგვისტოს 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების 4 წელი ხდება; 13 აგვისტოს 8 წელი შესრულდება 2004 წლის ცხინვალის ომის ყველაზე აქტიური ფაზის დაწყებიდან; 1992 წლის 14 აგვისტოს კი აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებები დაიწყო.

რატომ ხდება საქართველოსთვის საბედისწერო მოვლენები მაინცდამაინც აგვისტოში? ამ საკითხზე შეიძლება სხვადასხვა მოსაზრება არსებობდეს, ან ბევრმა ეს მხოლოდ დამთხვევად მიიჩნიოს.

ჩვენი აზრით, რაღაც კანონზომიერება მაინც არსებობს; ვფიქრობთ, ეს მოვლენები ზაფხულში, კერძოდ კი აგვისტოში, საქართველოში კარგ ამინდებს და მეტწილად უღრუბლო ცას უკავშირდება.

რომ არა კარგი საფრენი ამინდი, 2008 წლის აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრილი რუსეთის შეიარაღებული ძალები თავიანთ მთავარ კოზირს - საბრძოლო ავიაციას - ვერ გამოიყენებდნენ. სწორედ რუსულმა ბომბდამშენებმა, მოიერიშეებმა და დამრტყმელმა შვეულმფრენებმა შეძლეს ქართული არმიისა და მოსახლეობისათვის არა მარტო ზიანის მიყენება, არამედ მათი ფსიქოლოგიური დათრგუნვაც.

1994 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის ფედერალური ძალების დანაყოფები გროზნოში შეიჭრნენ. მათ ქალაქის მისადგომებთან და განსაკუთრებით, ქუჩებში ბრძოლებისას დიდი დანაკლისი განიცადეს. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თავად რუსი გენერლების აღიარებით, ის იყო, რომ ჩრდილო კავკასიაში დეკემბერში რთული მეტეოროლოგიური პირობებია და ნილსმა და ღრუბლებმა რუსეთის გენერალიტეტს საშუალება არ მისცა, ეფექტურად გამოეყენებინა სამხედრო ავიაცია, რომელიც იერიშზე გადასულ ფედერალურ ძალებს დაეხმარებოდა.

აგვისტოს კარგმა ამინდმა ასევე ხელი შეუწყო შავი ზღვის ფლოტს, დიდი სადესანტო ხომალდებით ნოვოროსიისკიდან ოჩამჩირესთან საზღვაო დესანტი გადმოესხა.

რუსეთის შავი ზღვის ფლოტს ამ სადესანტო ოპერაციის შემოდგომა-ზამთარში განხორციელება ძალიან გაუჭირდებოდა დიდი ტალღების გამო.

დასასრულ, მთავარი ფაქტორი - ზამთარში დიდთოვლობისა და ზვავების ჩამოშლის ან მათი საშიშროების გამო ხშირად იკეტება ტრანსკამი - როკის გვირაბის გავლით ჩრდილო და სამხრეთ კავკასიის დამაკავშირებელი საავტომობილო გზა.

რუსულ ჯავშანკოლონებს, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოში საქართველოში სწორედ ამ ვიწრო სერპანტინით შემოაღწიეს (თუმცა დიდი გაჭირვებით, რადგან ათეულობით რუსული ტანკი და ჯავშანმანქანა ამ მარშისას მწყობრიდან გამოვიდა), დეკემბერში ამ გზის გამოვლა ძალიან გაუჭირდებოდათ.

მოხმობილი მაგალითებით ერთი რამის თქმა გვსურს - ის ძალები, რომლებიც 1992, 2004 და 2008 წლებში ქართულ მიწაზე შემოჭრას გეგმავდნენ, უეჭველად ითვალისწინებდნენ ამინდის ფაქტორს, რასაც რუსეთის შეიარაღებული ძალების სახმელეთო და საჰაერო დანაყოფებისთვის საბრძოლო მოქმედებები უნდა გაეადვილებინა.

არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც საბრძოლო მოქმედებების ზაფხულში დაწყებისას საქართველოს შეიარაღებულ ძალებს სერიოზულ დაბრკოლებას უქმნიდა.

სამივე შემთხვევაში - 1992, 2004 და 2008 წლებში - საბრძოლო მოქმედებები ქართული არმიის დანაყოფების შეტევითი ოპერაციებით იწყებოდა, მოწინააღმდეგე მხარეს კი ნახევრად რეგულარული, ნახევრად პარტიზანული სეპარატისტული შეიარაღებული რაზმები წარმოადგენდნენ, რომლებიც ირჩევდნენ პარტიზანული მოქმედების ტაქტიკას. მოულოდნელი თავდასხმის შემდეგ სწრაფი უკან დახევისა და თავის შეფარებისათვის გზისპირა ბუჩქნარი ხელსაყრელი ადგილი იყო, ისევე, როგორც გაფოთლილი ტყეები - პირადი შემადგენლობისა და საბრძოლო ტექნიკის დასამალად.

ეს სამივე ომი მოსკოვის მიერ იყო თავს მოხვეული, მაგრამ მას დიდ დახმარებას უწევდნენ სეპარატისტული სოხუმისა და ცხინვალის ხელისუფალნი და როგორც უნდა გვიჭირდეს ამის დაჯერება - ზოგიერთი თბილისელი მაღალჩინოსანიც.

1992 წლის ივლის-აგვისტოში რუსმა გენერლებმა გასაოცარი ენთუზიაზმითა და ძალზე სწრაფად გადმოგვცეს ახალციხის მე-10 კადრირებული მოტომსროლელი დივიზიის შეიარაღება (რის თვითმხილველიც ამ სტატიის ავტორიც გახლდათ), რამაც მაშინდელ თავდაცვის მინისტრ თენგიზ კიტოვანს საშუალება მისცა, 14 აგვისტოს ტანკებით სოხუმისკენ დაძრულიყო. იმავე დღეს რუსებმა აფხაზ სეპარატისტებს ცეცხლსასროლი იარაღის დიდი პარტია გადასცეს, რითაც ომი აფხაზეთში უფრო ფართომასშტაბიანი გახდა.

2004 წლის 31 მაისს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა ცხინვალის რეგიონში შინაგანი ჯარის დანაყოფები გადაისროლა შერეული სამშვიდობო ძალების რუსი გენერლის, ნაბზდოროვის მუქარის საპასუხოდ, რომელმაც თურმე, სუფრაზე წამოროშა, ტყვიავთან ჩემი "ცისფერჩაფხუტიანების" ახალი პოსტი უნდა განვათავსოო.

ესეც კარგად გათვლილ პროვოკაციაზე წამოგებას ჰგავს. 13-19 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული შეტაკებები მიმდინარეობდა, მაგრამ მაშინ საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ეყო გამჭრიახობა, შეიარაღებული დანაყოფები კონფლიქტის ზონიდან გამოეყვანა. წინააღმდეგ შემთხვევაში,  შეიძლებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული შედეგი 2004 წლის აგვისტოში მიგვეღო, მით უმეტეს, რომ მაშინდელი 58-ე რუსული არმიის დანაყოფები უკვე მომდგარნი იყვნენ როკის გვირაბის ჩრდილოეთ პორტალს.

2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებას წინ უძღოდა ქართული სოფლების დაბომბვა და ჩვენი სამშვიდობოების დაღუპვაც. ასეთი შეიარაღებული ინციდენტები მანამდეც არაერთხელ მომხდარა. ქართული სოფლების დაცხრილვის საპასუხოდ ცხინვალისა და სოფლების მიმართულებით ლოკალური მასშტაბის ცეცხლი იხსნებოდა, თუმცა შემდგომ დაძაბულობა ნელ-ნელა ცხრებოდა. ამჯერად ამ შეტაკების ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში გადაზრდის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, სავარაუდოდ, იქცა ის მასირებული საარტილერიო ცეცხლი, რომელიც რუსული სამხედრო დანაყოფების შეჩერების მიზეზით ქართულმა არტილერიამ გორის მიმდებარე ტერიტორიიდან 7 აგვისტოს გახსნა.

ახლაც აგვისტოა, მაგრამ იმედია, ამჯერად ომი არ გვემუქრება. თუნდაც იმიტომ, რომ მოსკოვმა საქართველოს ტერიტორიაზე უკვე გაინაღდა ორი ძლიერი სამხედრო ფორპოსტი ცხინვალის მე-4 და აფხაზეთის მე-7 რუსული სამხედრო ბაზების სახით, რომელთა საშუალებით ის არა მარტო საქართველოს, არამედ მთელი სამხრეთ კავკასიისა და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მონაკვეთის უკეთ გაკონტროლებას შეძლებს.