"დაკარგული დღე" რუსულად - კვირის პალიტრა

"დაკარგული დღე" რუსულად

რუსი გენერლები მედვედევს ბრალს სდებენ, რომ მან რუსული ჯარები ცხინვალში ჯერ კიდევ 2008 წლის 7 აგვისტოს არ შემოიყვანა და ერთი მნიშვნელოვანი დღე დაკარგა...

ინტერნეტით გავრცელებულმა რუსულმა დოკუმენტურმა ფილმმა "დაკარგული დღე", რომელიც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის დაწყებას ეხება, რუსულ პოლიტიკურ წრეებშიც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.

ფილმში ყოფილი მაღალჩინოსანი რუსი გენერლები ბრალს სდებენ დმიტრი მედვედევს, რომ მან, როგორც პრეზიდენტმა, 2008 წლის აგვისტოში თავი ვერ გამოიჩინა და რომ არა პუტინი, რუსეთი ცხინვალს დაკარგავდა.

ბრალმდებელთა შორის არიან: ჩვენთვის კარგად ნაცნობი გენერალი კულახმეტოვი, რომელიც მაშინ ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო ძალების სარდალი იყო, ასევე ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის ყოფილი სარდალი და გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი იური ბალუევსკი, რომელსაც საქართველოში არაერთი წელი აქვს გატარებული.

ვლადიმირ პუტინის აღიარებით, უკვე 2006-2007 წლებში მზად იყო გეგმა, თუ როგორ უნდა ემოქმედათ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ცხინვალის რეგიონში სიტუაციის გამძაფრების შემთხვევაში. მზად იყო საიდუმლო კონვერტები, რომლებშიც დეტალურად იყო აღწერილი, რომელი სამხედრო ნაწილი როდის შემოვიდოდა როკის გვირაბით, სად უნდა გაშლილიყო არტილერია და რომელი სამიზნეები უნდა დაებომბათ რუსულ თვითმფრინავებს საქართველოს ტერიტორიაზე.

რუსი გენერლების მტკიცებით, ბრძანების მიღებიდან ექვს საათში რუსული საბრძოლო დანაყოფები ჩრდილო კავკასიიდან ცხინვალის მისადგომებთან უნდა ყოფილიყვნენ გადმოსროლილი, ხოლო ავიაციას უფრო ადრე - საათ-ნახევარში უნდა დაებომბა ქართული პოზიციები და თუკი პრეზიდენტი მედვედევი ბრძანებას 7 აგვისტოს გასცემდა, რუსული სამხედრო ნაწილები ადრევე შემოიჭრებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ქართველებს ცხინვალზე სამჯერ იერიშის განხორციელების საშუალება აღარ ექნებოდათ და შესაბამისად, რუს ცისფერჩაფხუტიანთა და ადგილობრივ ოსთა მსხვერპლი ნაკლები იქნებოდა.

ამ დოკუმენტური ფილმის ავტორისა და დამფინანსებლების ვინაობა უცნობია, მაგრამ ნათელია, რომ ყოფილი მაღალჩინოსანი გენერლები სერიოზული მხარდაჭერის გარეშე რუსეთის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის, ფაქტობრივად, მშიშრად და უცოდინრად მოხსენიებას ვერ გაბედავდნენ.

ამ ფილმის ავტორებს სურდათ, ეჩვენებინათ, რომ ოთხი წლის წინ ომის დასაწყებად გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგა სწორედ პუტინმა და არა მედვედევმა, რაც ამ უკანასკნელის პოლიტიკურ იმიჯს სერიოზულ ზიანს აყენებს. ამ ფილმის ჩვენების შემდეგ ანალიტიკოსებმა დაასკვნეს, რომ რუსეთის ხელისუფლებაში, შესაძლოა, იწყება დაპირისპირება და პრეზიდენტ პუტინის ჯგუფი მედვედევის პოზიციების შესუსტებას ან სულაც, მის მოხსნას ცდილობს.

8 აგვისტოს ცხინვალში ჩამოსულმა მედვედევმა (სხვათა შორის, იმ დროს ცხინვალიდან სამიოდე კმ-ის მოშორებით, სოფელ ზემო ნიქოზში იყო მისი ქართველი კოლეგა ვანო მერაბიშვილი) გენერლების ბრალდების პასუხად განაცხადა: "მე გადაწყვეტილება მივიღე ქართული არმიის აქტიური მოქმედების დაწყებიდან 2,5 საათის შემდეგ. უფრო ადრე გადაწყვეტილების მიღება არასწორი იქნებოდა, რადგან საქმე ეხებოდა რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებას უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე. ჩვენ სამხედრო მოქმედებები დავიწყეთ 7-დან 8 აგვისტოს ღამეს, მას შემდეგ, რაც რუსეთის მოქალაქეებისა და რუსი მშვიდობისმყოფელების წინააღმდეგ ღია აგრესია დაიწყო."

როგორც ჩანს, მაშინდელმა პრეზიდენტმა გაითვალისწინა საერთაშორისო საზოგადოების შესაძლო რეაქცია და გენერლებისგან განსხვავებით, დაელოდა ქართული არტილერიის მიერ 7 აგვისტოს მიწურულს მასირებული ცეცხლის გახსნას, ქართული ტელევიზიები ამას პირდაპირი ეთერით გადასცემდნენ.

ომის დაწყების პირველივე წუთებში მოსკოვს მიეცა საუკეთესო საშუალება, ჩვენთვის პირველი უძლიერესი საინფორმაციო დარტყმა მოეყენებინა - ნახეთ, ქართველების არტილერია მძინარე მშვიდობიან ცხინვალს და იქ მყოფ რუსეთის მოქალაქეებს ბომბავს და მე ვალდებული ვარ, ჩემი მოქალაქეების სიცოცხლე დავიცვაო...

ქართული ტელეკომპანიების გავრცელებულ საარტილერიო ზალპის ვიდეოკადრებს რუსეთის პროპაგანდამ დაურთო ტექსტი, თითქოს ამ ცეცხლს ცხინვალში 1 500-2 000 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა (რაც ტყუილი გახლდათ), რითაც საერთაშორისო საზოგადოების ნაწილის თვალში საქართველო აგრესორად წარმოაჩინა.

როგორც რუსი გენერლები მოითხოვდნენ, მედვედევს ჯარები საქართველოში ჯერ კიდევ 7 აგვისტოს რომ შემოეყვანა, რუსეთის აგრესია მთელი მსოფლიოსთვის უფრო ნათელი გახდებოდა, თუმცა რუსეთის მაშინდელმა პრეზიდენტმა ამას თავი აარიდა და ქართული არტილერიის მასირებული ზალპი თავისი მიზნებისთვის საკმაოდ მოხერხებულად გამოიყენა...