ქართული სოფლების ნანგრევებსაც აღარ ტოვებენ - კვირის პალიტრა

ქართული სოფლების ნანგრევებსაც აღარ ტოვებენ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოთქვამს და ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიაპყროს იმ ფაქტს, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მთლიანად უპირებენ განადგურებას ქართულ სოფლებს - ქურთას, კეხვს, აჩაბეთსა და თამარაშენს.

საგარეო უწყების ეს გამოცოცხლება ცხინვალის ლიდერის, ლეონიდ თიბილოვის განცხადებას მოჰყვა, რომელშიც მან ამ სოფლებში დარჩენილი შენობების დანგრევასა და იქ სამრეწველო ობიექტების აშენებაზე ისაუბრა.

დიდი ლიახვის სოფლები, მათ შორის ხსენებული ქურთა, კეხვი, აჩაბეთი და თამარაშენი 2008 წლის აგვისტოში მოწინააღმდეგემ ჯერ გაძარცვა, შემდეგ კი დაწვა და დაანგრია.

ეს იყო ნამდვილი გენოციდი, რადგან ამ ქართული სოფლების მიდამოებში აქტიური საბრძოლო მოქმედებები არ გამართულა და თავს ვერავინ გაიმართლებდა, ყუმბარმტყორცნიდან ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა იმიტომ ვესროლე ამა თუ იმ სახლს, რომ იქიდან მესროდნენო.

დიდი და პატარა ლიახვის ხეობების, ასევე ფრონეს ხეობის ქართული სოფლები გადაიწვა იმ საიდუმლო სქემის მიხედვით, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 1993 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, აფხაზეთიდან ქართველების გამოდევნის შემდეგ ამოქმედდა.

ასეთივე სქემით მოქმედებდნენ მთიან ყარაბაღშიც, როცა გადაწვეს და დაანგრიეს ადგილობრივ აზერბაიჯანელთა სახლები.

2010 წლის 27 დეკემბრის "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ სტატიაში "კოსმოსიდან დადასტურებული გენოციდი" ვწერდით, რომ Google Map-ის მიერ 2010 წელს განახლებულ საქართველოს კოსმოსურ ფოტოსურათებზე კარგად ჩანდა ცხინვალის რეგიონში გადამწვარი ქართული სოფლები და დანგრეული შენობები.

რუსეთის საოკუპაციო ძალები საშუალებას არ აძლევენ, რომ "ღია ცის" პროგრამის ფარგლებში (რომლის მონაწილე საქართველოსთან ერთად არის რუსეთიც) სპეციალური ფოტო-ვიდეოაპარატურით აღჭურვილმა თვითმფრინავებმა ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორია გადაიღონ. ალბათ, იმიტომ, რომ ამ აპარატურას შეუძლია მაღალი ხარისხის ციფრულ ფოტოსურათებზე აღბეჭდოს გენოციდი, რომელიც ოკუპირებულ ზონაში დარჩენილ ქართულ სოფლებს მოუწყვეს. მიუხედავად ამისა,

საქართველოს ხელისუფლებას შეეძლო და ჯერ კიდევ შეუძლია (სანამ ქართული სოფლების ნანგრევებსაც მიწასთან გაასწორებენ!), შეუკვეთოს კონფლიქტის ზონის დეტალური კოსმოსური ფოტოგადაღება, რათა საერთაშორისო საზოგადოება საქართველოს ტერიტორიაზე ქართველი მოსახლეობის გენოციდში დაარწმუნოს.