მძევლები თბილისის დაბომბვის სანაცვლოდ? - კვირის პალიტრა

მძევლები თბილისის დაბომბვის სანაცვლოდ?

როდესაც ამ სტატიის ავტორი გუდაუთაში, ბომბორას სამხედრო აეროდრომის ისტორიას სწავლობდა, ერთ საინტერესო ინფორმაციას წააწყდა.

თავის დროზე, რუსეთში, "დზემგის" აეროდრომზე მომსახურე ოფიცერი ერთ-ერთი ინტერნეტსაიტით გავრცელებულ მასალაში იხსენებს, რომ 1993 წლის შემოდგომაზე მათ აეროდრომზე გუდაუთის ბომბორას აეროდრომიდან გადმოიყვანეს ორი სამხედრო პილოტი - ერთი პოლკოვნიკი, მეორე - მაიორი. თურმე, ადგილობრივ აფხაზებს მძევლად აუყვანიათ მათი ოჯახის წევრები და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ ამ პილოტებს, არც მეტი და არც ნაკლები - თბილისის დაბომბვას აიძულებდნენ! სწორედ ამიტომ ისინი სასწრაფოდ გაარიდეს ბომბორას აეროდრომს.

ამ ინფორმაციის დადასტურება ან უარყოფა ძნელია. აეროდრომი "დზემგი" მართლაც არსებობს რუსეთში, ქალაქ კომსომოლსკ-ნა-ამურესთან და იგი ადგილობრივი საავიაციო ქარხნის კუთვნილებაა. 1976 წლიდან ეს ქარხანა Су-27 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების სხვადასხვა მოდიფიკაციას აწარმოებს და ლოგიკურია, თუკი ბომბორას აეროდრომიდან ორი რუსი პილოტი იქ გახიზნეს, რადგან ბომბორას აეროდრომზეც აფხაზეთის ომის დროს სწორედ Су-27С ტიპის გამანადგურებლები იდგა.

თუკი ასეთი რამ მართლაც მოხდა, გამოდის, რომ აფხაზი სეპარატისტები ამ ორ რუს პილოტს Су-27-ებით თბილისის დაბომბვას აიძულებდნენ 1993 წლის 16-დან 30 სექტემბრამდე, როცა მათ დაარღვიეს ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და სოხუმის იერიში დაიწყეს.

Су-27С გამანადგურებელი თვითმფრინავია (ამ სტატიის ავტორმა აფხაზეთის ომის დროს თავისი თვალით ნახა გუდაუთაში, ბომბორას აეროდრომზე  მდგარი ორი Су-27 და ოთხი Су-25) და იგი არ არის განკუთვნილი ხმელეთზე ზუსტი საჰაერო დარტყმების განსახორციელებლად. მეორე მხრივ, Су-27С-ს 8 პილონი აქვს, რომლებზეც 6 ტონა საერთო მასის საბრძოლო საჭურვლის - მათ შორის, უმართავი 100, 250 ან 500 კგ კალიბრის საავიაციო ბომბების ჩამოკიდება შეიძლება, ანუ მისი საშუალებით სახმელეთო სამიზნის, მით უმეტეს, რამდენიმე ათეულ კმ-ზე გადაჭიმული ქალაქის არაწერტილოვანი დაბომბვა სავსებით შესაძლებელია.

აფხაზეთის ომის დროს ბომბორას აეროდრომზე ბაზირებული Су-27С ტიპის გამანადგურებლების საბრძოლო მოქმედების რადიუსი დაბალ სიმაღლეზე ფრენისას 440 კმ იყო, რაც სრულიად საკმარისი გახლდათ გუდაუთიდან თბილისამდე მოსაღწევად, ბომბების ჩამოსაყრელად და უკან გასაბრუნებლად. თუკი პილოტი ფრენის მარშრუტს მაღალ სიმაღლეზე აირჩევდა, მაშინ საბრძოლო მოქმედების რადიუსი 1680 კმ-მდე გაიზრდებოდა.

ეს ტექნიკური მონაცემები იმიტომ მოგვყავს, რომ მკითხველისთვის ნათელი გახდეს - 20 წლის წინ, აფხაზეთის ომის დროს, გუდაუთის ბომბორას აეროდრომიდან გამოფრენილ რუსულ Су-27С-ს ადვილად შეეძლო თბილისის დაბომბვა.

მაშინ თბილისის დაბომბვით არაერთხელ დაგვემუქრა თვით რუსეთის მაშინდელი თავდაცვის მინისტრი გრაჩოვიც კი, თუკი ქართული მხარე ტყვარჩელზე შეტევას არ შეაჩერებდა.

რუსეთის გენერალიტეტმა საბჭოთა  კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის - ედუარდ შევარდნაძისა (რომელსაც გორბაჩოვთან ერთად ბრალს სდებდნენ საბჭოთა კავშირის დაშლაში) და საერთოდ, საქართველოს უდიდესი სიძულვილის მიუხედავად, თბილისის დაბომბვა ვერ გაბედა.

თუმცა აფხაზი სეპარატისტების დიდი ზეწოლის (თუნდაც მძევლების აყვანით) ან მოქრთამვის შედეგად ბომბორას აეროდრომზე მყოფ რუს პილოტებს ამის გაკეთება მოსკოვის გარეშეც შეეძლოთ, მით უმეტეს, რომ მაშინ (1993 წლის სექტემბრის ბოლოს) მოსკოვის ცენტრში შეიარაღებული დაპირისპირება იწყებოდა და კრემლს აფხაზეთისათვის ნაკლებად ეცალა.